პატელი: "აშშ-ის ერთგულება ქართველი ხალხისა და მისი მისწრაფებების მიმართ აბსოლუტურად ურყევია"

„ამერიკის მთავრობა დგამს ამ ნაბიჯს საქართველოს ხელისუფლების იმ ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ნაბიჯების და ყალბი განცხადებების გამო, რომლებიც არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის გაწევრიანების ნორმებს“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ვედანტ პატელმა, ოთხშაბათს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ასევე ნახეთ: ამერიკა საქართველოს მთავრობას დახმარებას უჩერებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის 31 ივლისისი განცხადების თანახმად, ვაშინგტონი საქართველოს მთავრობას პირდაპირ დახმარებას - 95 მილიონ დოლარს უჩერებს.

ვედანტ პატელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80 % მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას.

„მაგრამ, საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით, მათ შორის, თავისი მოკავშირეებისა და პარტნიორების თაობაზე დეზინფორმაციის გავრცელებით, აშორებს ქვეყანას თავისივე მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებისგან. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მთავრობისთვის იმის მოწოდებას, რომ დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას, უცხოური გავლენის კანონის გაუქმებით, სხვა პრობლემური კანონმდებლობის უკან წაღებით, თავისი დეზინფორმაციის კამპანიის დასრულებით და არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის გამჭვირველობის უზრუნველყოფით, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის მუშაობის უფლების მიცემით. ეს ქმედებები იქნება შესაბამისი იმის, რომ როგორც დემოკრატიულმა პარტნიორმა, მიიღონ მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისგან", - ამბობს პრეს-სპიკერის მოადგილე.

ვედანტ პატელი ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად ორმხრივ ურთიერტობებში არსებული სირთულეებისა, ამერიკა არ წყვეტს ქართველი ხალხის მხარდაჭერას.

"მიუხედავად იმისა, რომ [ჩვენი] ორმხრივი კავშირები ახლა უნიკალური გამოწვევის წინაშეა, შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი ხალხისა და მისი მისწრაფებების მიმართ აბსოლუტურად ურყევია. ჩვენ განვაგრძობთ იმ პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც დაეხმარება ქართველ ხალხს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკის გაძლიერებით", - განმარტავს ვედანტ პატელი, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილე.

პატელმა განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერტობების გადახედვა კვლავ გრძელდება და სახელმწიფო დეპარტამენტი მზადაა გადადგას დამატებითი თუ შესაბამისი ნაბიჯები, თუ საჭირო გახდება. მისი განმარტებით, ურთიერთობის გადახედვის პროცესში, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა "დახმარების პროგრამები შეიცვალოს ან რესურსები გადამისამართდეს იმ არასამთავრობო გაერთიანებებთან, რომლებიც ამა თუ იმ კონკრეტულ სექტორში მუშაობენ".

ასევე ნახეთ: კარდინი: დახმარების შეჩერება მეტყველებს ჩვენი ქვეყნის მტკიცე ერთგულებაზე ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიული მისწრაფებებისადმი

საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ, სახელწმიფო დეპარტამენტმა, მდივან ენტონი ბლინკენის განცხადება დღეს, 31 ივლისს გაავრცელა.

"23 მაისს საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, გამოვაცხადე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ. ამ გადახედვის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რითაც პირდაპირ სარგებლობს საქართველოს ხელისუფლება", - ვკითხულობთ ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მმართველი გუნდის ქმედებები არ შეესაბამება იმ ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების ნორმებს, რომლებში გაწევრიანებაც ქვეყანას სურს:

"საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ყალბი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს. სანამ ჩვენ მისივე ნაბიჯების გამო ვაჩერებთ საქართველოს მთავრობისადმი დახმარებას, ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს იმ პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც ეხმარება საქართველოს ხალხის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიის და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებას", - ამბობს სახელმწიფო მდივანი და აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში ამერიკამ საქართველოს მილიარდობით დოლარის დახმარება გაუწია.

"ჩვენს ორ ქვეყანასა და ჩვენს მოქალაქეებს შორის 32 წელზე მეტი ხნის მეგობრობისა და პარტნიორობის განმავლობაში, შეერთებული შტატების მოსახლეობამ საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და გაძლიერების საქმეში წვლილი 6.2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებით შეიტანა. ჩვენი მხარდაჭერა ეხმარებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და წვრთნას, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობას, მასწავლებლების, საჯარო მოხელეებისა და სამედიცინო პერსონალის გადამზადებას. ჩვენ ქართველი ხალხისა და მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ერთგულნი ვრჩებით", - წერს ენტონი ბლინკენი ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ: ჰელსინკის კომისიამ სახელმწიფო დეპარტამენტს ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდა

დღესვე გასაჯაროვდა ჰელსინკის კომისიის მიმართვა სახელმწიფო მდივნისადმი, რომელიც 26 ივლისით არის დათარიღებული. ამერიკის კონგრესის ორპარტიულმა კომისიამ, რომელიც ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობს და რომლის თავმჯდომარეც "მეგობარი აქტის" ავტორი ჯო უილსონია, სახელმწიფო დეპარტამენტს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდა.