ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის აღსრულებას ყურადღებით მიადევნებს თვალს. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად, დღეს, დიპლომატიური უწყების პრეს-სპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა თქვა, რომ ამერიკა კვლავ შეშფოთებულია ამ კანონის მიღებით, რომელიც რუსეთში მოქმედ რეგულაციას ჰგავს.
"ჩვენი გზავნილი კვლავ იგივეა: ის შეშფოთება, რაც გვქონდა ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, კვლავ ძალიან რეალური და კვლავ ძალიან სერიოზულია. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს კანონი გამოიყურება, როგორც კრემლის თამაშის წესების სახელმძღვანელოდან გადმოწერილი [კანონი], რომლის სამიზნეცაა ჰუმანიტარული ორგანიზაციები, არასამთავრობოები, ადამიანის უფლებების დამცველები, ჟურნალისტები. ჩვენ ამას ნამდვილად ყურადღებით დავაკვრდებით. მაგრამ, ამ ეტაპზე, სხვა სიახლე არ მაქვს", - თქვა პატელმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილემ ეს პასუხი საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას გასცა. ბრეგაძემ სამშაბათს თქვა, რომ უკვე მზადაა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების რეგისტრაციისთვის აუცილებელი ტექნიკური ბაზა.
„1 აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც ექცევიან ამ კრიტერიუმებში, შეუძლიათ უკვე განაცხადის გაკეთება... ყველაფერი [ტექნიკური ბაზა] მზად არის... თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, იცით თქვენ შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას“, - თქვა მინისტრმა ე.წ. "აგენტების კანონზე" ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად.
ასევე ნახეთ: 1 აგვისტოდან, ე.წ. აგენტების კანონით გათვალისწინებული რეგისტრაცია დაიწყებაამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის და დახმარების პროგრამების გადახედვა დაიწყო. პენტაგონმა კი სამხედრო წვრთნები "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო. ევროკავშირმა, ქვეყანას სამხედრო და თავდაცვის კუთხით გამოყოფილი დახმარება - 30 მილიონი ევრო გაუყინა. ყველა ეს გადაწყვეტილება, დასავლელი პარტნიორების განმარტებით, ქვეყნის მმართველი გუნდის მხრიდან გადადგმულ არადემოკრატიულ ნაბიჯებს უკავშირდება, რომელთა შედეგადაც ქვეყანამ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაუხვია. მიზეზებს შორის დასახელებულია ე.წ. "აგენტების კანონი", ხელისუფლების წარმომადგენელთა ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა და სხვა ქმედებები.
ე.წ. „აგენტების კანონის“ გასაუქმებლად, საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე კი ოპოზიციური პარტიების.