იორდანიაში დემონსტრანტებმა ისრაელის საელჩოში შეჭრა სცადეს

იორდანიის სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალა გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც დედაქალაქ ამანში ისრაელის სალჩოსკენ მსვლელობით გადაადგილდებოდნენ და ბოლოს იქ შეჭრას შეეცადნენ. მომხდარზე საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ინფორმაციას თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამშაბათს, პროტესტის მესამე დღეს, იორდანიის დედაქალაქში 2000-ზე მეტი დემონსტრანტი შეიკრიბა. საპროტესტო გამოსვლის დროს, სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა. პოლიციამ ასობით დემონსტრანტი შეაკავა, რომლებიც ისრაელის საელჩოზე შტურმით თავდასხმას ცდილობდნენ.

„ოჰ „ჰამას“.. იორდანიის მთელი ხალხი შენთან დგას“! - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

ასევე ნახეთ: პალესტინელების დაცვა მორალური ვალდებულებაა, უთხრა ლოიდ ოსტინმა ისრაელელ კოლეგას

იორდანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მშვიდობიანი საპორტესტო აქციები ნებადართულია, მაგრამ ძალადობა დაუშვებელია.

მას შემდეგ, რაც გასული წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასი“ ისრაელში სეიჭრა, 1200 ადამიანი მოკლა, 253 კი დაატყვევა და ღაზის სექტორში მძევლად წაიყვანა, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა. ომის შედეგად, „ჰამასის“ მიერ მართული ხაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 32 000-ზე მეტი პალესტინელია დაღუპული. აშშ-ისა და ათობით სხვა ქვეყნის მიერ, „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.

ომის მიმდინრეობისას, იორდანიაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები იმართება. იორდანიის სამშვიდობო ხელშეკრულება ისრაელთან, ძალზე არაპოპულარულია ბევრ იორდანელს შორის, რომლებიც ნორმალიზებას მათი პალესტინელი თანამემამულეების უფლებების ღალატად თვლიან.