ექსპერტები: პუტინი არაკომპეტენტურია, როდესაც საქმე რუსი ხალხის დაცვას ეხება 

რუსეთი კვლავ "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი თავდასხმისას მოკლულ 193 ადამიანს გლოვობს. მას შემდეგ, რაც მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” (აისის) აიღო და ამერიკულმა და ფრანგულმა სადაზვერვო სამსახურებმაც თქვეს, რომ მომხდარი სწორედ „აისისის“ პასუხისმგებლობა იყო, ამაზე ისაუბრა ვლადიმირ პუტინმაც. 25 მარტამდე, პუტინი მხოლოდ უკრაინის პასუხისმგებლობაზე აკეთებდა აქცენტს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 25 მარტს თქვა, რომ გასულ კვირას, რუსეთში, კონცერტისას მომხდარი თავდასხმა ისლამისტების მიერ განხორციელდა. თუმცა, პუტინის თქმით, ის ვარაუდობს, რომ ეს ასევე უკრაინის სასარგებლო ქმედება იყო და რომ შესაძლოა, მომხდარში კიევმა გარკვეული როლი ითამაშა.

ვაშინგტონის საექსპერტო წრეებში თვლიან, რომ უკრაინის მომხდარში მონაწილეობის ბრალდება “აშკარა სიცრუეა“ და ეს პუტინს საკუთარი ხალხის მთავარი პრობლემისგან ყურადღების გადასატანად სჭირდება.

"რუსეთს ფოკუსი უკრაინაში არაკანონიერ ომზე აქვს გადატანილი და ამან ხელი შეუშალა იმას, რომ უსაფრთხოების სამსახურებს რუსეთის რეალური ეროვნული საფრთხისთვის ყურადღება მიექციათ, რაც „აისის-ხორასანის“ საშინელ თავდასხმაში გამოიხატა. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის უყურადღებობისა და პუტინის სურვილის გამო, ხელში ჩაიგდოს უკრაინა, ასობით უდანაშაულო რუსის სიცოცხლე გაქრა ტერორისტული ორგანიზაციის ხელში“,- ამბობს ჯეისონ ბლაზაკისი, “მონტერეის მიდლბერის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის” ტერორიზმის, ექსტრემიზმისა და კონტრტერორიზმის ცენტრის დირექტორი.

ასევე ნახეთ: რუსეთი ტერორისტულ თავდასხმაში "დასავლეთის ჩართულობის" გამოძიებას გეგმავს

მარკ კაცი, საჯარო მართვისა და პოლიტიკის პროფესორი „ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში“, ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, ექნებოდა ომი რუსეთს უკრაინასთან თუ არა, მომხდარის გამო, განტევების ვაცს მაინც მოძებნიდა.

„პუტინს სურს ეს თავდასხმა როგორმე დაუკავშიროს უკრაინას, მაგრამ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო მაშინაც კი, რუსეთს რომ ამ ქვეყანასთან ომი არ ჰქონოდა. ეს არ არის პირველი ჯიჰადისტური თავდასხმა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ ერთ-ერთია იმ სერიიდან, რომელიც მოხდა პუტინის ეპოქაში (და ადრეც)“,- ამბობს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში პროფესორი.

რუსეთი ისლამისტი ტერორისტების სამიზნე განსაკუთრებით აქტიურად გასული საუკუნის ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა. ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების გამო, კრემლი მუსულმანური სამყაროს ნაწილში მტრად მიიჩნეოდა. ამის დასტური იყო 2002 წელს, „ნორდოსტის“ თეატრში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა, რომლის დროსაც 170 ადამიანი მოკლეს და ასევე 2004 წელს, ბესლანის სკოლის ტრაგედია, რომელსაც 334 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 186 ბავშვი. ეს თავდასხმები ჩეჩენ მებრძოლებს უკავშირდებოდა, რომლებსაც, გავრცელებული ინფორმაციით, გარკვეული კავშირი ჰქონდათ ტერორისტულ დაჯგუფება „ალ-ყაიდასთან“.

ექსპერტები თვლიან, რომ გასულ კვირას მომხდარიც, სწორედ ამ მოვლენების გაგრძელებაა. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში მკვლევრები ამბობენ, რომ მუსულმანური სამყაროს ბრაზი და წყენა, რომელიც ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროიდანაა დაგროვებული, არსად გამქრალა.

„„აისისი“ რუსეთს თავს დაესხა რუსეთის წინააღმდეგ მუსლიმთა დიდი წყენის გამო, მისი ინტერვენციის გამო სირიაში ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად, ავღანეთის წინა ოკუპაციის და რუსეთში მუსლიმების ჩაგვრის გამო, რომელიც მეფის რუსეთის დროიდან ხდებოდა“,- ამბობს მარკ კაცი.

ასევე ნახეთ: პუტინი ამბობს, რომ რუსეთში თავდასხმა ისლამისტებმა განახორციელეს, თუმცა კვლავ მიანიშნებს უკრაინის როლზე

ჯეისონ ბლაზაკისი კი განმარტავს, რომ ჩეჩნეთის ომის, სირიაში ოპერაციებისა და სხვა საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გამო, „აისისის“ რუსეთზე თავდასხმა გასაკვირი არაა.

“რუსეთის ფედერაციაში მუსლიმებისთვის არ არსებობს რელიგიის თავისუფლება და ეს არის ნამდვილი ანათემა ისეთი ჯგუფებისთვის, როგორიცაა “აისისი”. “აისისს” სურს შექმნას გლობალური ისლამური ხალიფატი. რუსეთს კი უყურებენ, როგორც ერთ-ერთს მრავალ ქვეყანას შორის, რომელიც ცდილობს შეაჩეროს ეს…[გარდა ამისა] რუსეთმა ჩეჩნეთზე ძალიან მძიმე შეტევა განახორციელა. ასევე, “აისისი” ისეთ ქვეყნებში ახორციელებდა ოპერაციებს, სადაც რუსეთსაც ჰქონდა ინტერესები, მაგალითად, სირიაში. ასე რომ, რუსეთის სამიზნედ ყოფნა, ისეთი დაჯგუფებისთვის, როგორიც “აისის ხორასანია”, ძალიან ლოგიკურია”.

მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, რამდენიმე დღით ადრე ინფორმაცია გაავრცელა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, რუსეთში თავდასხმა მზადდებოდა და მოუწოდებდნენ მოსახლეობას, თავშეყრის ადგილებში მისვლისგან, ცოტა ხნით, თავი შეეკავებინათ.

კრემლმა ამერიკის ეს გაფრთხილება უგულვებელყო და ის თავდასხმად მიიღო. ამერიკის მთავრობა სადაზვერვო ინფორმაციას მსგავსი შესაძლო ტერორისტული თავდასხმების შესახებ უზიარებს არა მხოლოდ მოკავშირე, არამედ მტრულად განწყობილი ქვეყნების მთავრობებსაც. აქამდე არაერთხელ დაფიქსირებულა შემთხვევა, როდესაც მაგალითად, ირანის, რუსეთის და სხვა მსგავსი სახელმწიფოების ხელისუფლებებს ამერიკისგან სადაზვერვო ინფორმაცია მიუღიათ.

ვაშინგტონში, ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ პუტინისა და მისი უშიშიროების სამსახურების სისუსტეს, ამერიკულ სადაზვერვო ინფორმაციაზე პასუხიც უსვამს ხაზს.

“გულწრფელად რომ ვთქვათ, რუსეთის წარუმატებლობა ასევე გამომდინარეობს იქიდან, რომ როდესაც ისინი იღებენ ინფორმაციას, მაგალითად, შეერთებული შტატებისგან, რომელიც ცდილობს რუსეთი გააფრთხილოს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, პუტინი ამას უგულვებელყოფს და მას შეერთებული შტატებისგან მომავალ პოლიტიკურ შანტაჟს უწოდებს”,- ამბობს ჯეისონ ბლაზაკისი.

ასევე ნახეთ: კრემლი რუსეთში მომხდარ თავდასხმაში უკრაინის ჩართულობის უარყოფაზე უარს ამბობს

ექსპერტი მომხდარს “პირდაპირ თავდასხმას” უწოდებს “პუტინზე და პუტინის უნარზე, თქვას, რომ მას აქვს კონტროლი რუსეთის სახელმწიფოზე”. მისი აზრით, პუტინის ძლევამოსილება მხოლოდ “ილუზიაა”, რაც ამ თავდასხმამ კიდევ ერთხელ ცხადყო. “მათი საგარეო ინტერესების გამო, პუტინი და უშიშროების სამსახურები, სამწუხაროდ, ძალიან არაკომპეტენტურები არიან, როცა საქმე ეხება რუსი ხალხის დაცვას”, ამბობს ბლაზაკისი.

რუსეთში, ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე სასიკვდილო თავდასხმისას, ოთხი მამაკაცი მოსკოვის გარეუბანში, "კროკუს სითი ჰოლში" პარასკევს ღამით, საბჭოთა როკ ჯგუფის "პიკნიკის" კონცერტის დროს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად მოკლულია 139, ხოლო დაჭრილია 182 ადამიანი. თავდასხმაში მონაწილეობისთვის ოთხი პირი დააკავეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული ეჭვმიტანილებიდან ოთხივე პირი ტაჯიკეთის მოქალაქეა და ისინი დანაშაულს აღიარებენ. არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს აღიარებითი ჩვენებები იძულების გზით იყოს მიღებული. ვარაუდის საფუძველს იძლევა კადრები რომლებიც სასამართლო დარბაზშია გადაღებული, სადაც ჩანს, რომ დაკავებულებს მძიმე დაზიანებები აქვთ მიყენებული.