მას შემდეგ რაც რუსეთმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, ვარშავაში რუსეთის ელჩი განმარტებებზე დაიბარეს, თუმცა ის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გამოცხადდა.
„რუსეთის ფედრაციის ელჩი განმარტებებისთვის არ გამოცხადდა სამინისტროში“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა პაველ ვრონსკიმ გააცნო.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათს უნდა მისულიყო. რა გაგრძელება მოჰყვება, რუსი დიპლომატის ამ ქცევას უცნობია. ვარშავაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ.
პოლონეთში რუსეთის საელჩოს საპასუხო განცხადებაში ნათქვამია, რომ მიწვევა „უაზრო“ იყო.
„ელჩმა იკითხა მზად იყო თუ არა პოლონური მხარე წარმოედგინა მტკიცებულებები მათი პრეტენზიების [გასამყარებლად] , რადგან ჩვენი პოლონელი კოლეგების პასუხებში არ იყო მინიშნებული, რომ ასეთი მტკიცებულებები წარმოდგენილი იქნებოდა, ელჩმა გადაწყვიტა, რომ ამ თემაზე დისკუსიის გამართვა უაზრო იყო და უარი თქვა შეხვედრაზე“.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კვირას, 24 მარტს, რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშულია რომ რაკეტა ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე 39 წამის განმავლობაში იმყოფებოდა და ის რადარებმა დააფიქსირეს.
კრემლში ამ ინფორმაციას არ ენდობიან და პარალელს ავლებენ 2023 წლის დეკემბერში განვითარებულ მოვლენებთან. როცა გამოძიებამ დაადგინა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა, რომელიც რუსული რაკეტის გასანადგურებლად იყო გაშვებული.
Facebook Forum