12 მარტს შვეიცარიის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გაასამართლებს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ბიძას ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულების ბრალდებით. ერთ-ერთი ბრალდება 1982 წელს უკავშირდება, როცა ის სამხედრო მეთაური იყო.
ბრალდების თანახმად, 86 წლის რიფაატ ალ-ასადმა, რომელიც ცნობილია, როგორც “ჰამას ჯალათი”, სირიის ჯარის ხელმძღვანელობის დროს გასცა სიკვდილით დასჯის, წამების, უკანონო დაპატიმრების და სასტიკი მოპყრობის არაერთი ბრძანება.
ასევე ნახეთ: ისრაელის თავდაცვის მინისტრი ერაყში, იემენსა და ირანში განხორციელებულ საპასუხო მოქმედებებზე მიანიშნებსბრალდების თანახმად, ჰამაში ამბოხის ჩასახშობად, ასადმა ჯარს ათასობით ადამიანის მოკლის ბრძანება მისცა.
ბრალდებულს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ის უარყოფს პასუხისმგებლობას ჰამას მკვლელობებზე. მისმა ადვოკატებმა სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში განაცხადეს, რომ „ბატონი ალ-ასადი ყოველთვის უარყოფდა რაიმე სახის მონაწილეობას იმ ქმედებებში, რომლებშიც მას ბრალად ედება ამ პროცესებში“.
შვეიცარიის პროკურატურის ბრალდების თანახმად, სირიის შეიარაღებულ ძალებსა და მათ ისლამისტ ოპონენტებს შორის კონფლიქტმა ქალაქ ჰამაში 3 000-დან 60 000-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომელთა შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.
რიფაატ ალ-ასადი 1980-იან წლების შუა პერიოდიდან ემიგრაციაში, ძირითადად, საფრანგეთში ცხოვრობდა, სადაც ის მას შემდეგ ჩავიდა, რაც მისი ძმის, მაშინდელი პრეზიდენტის ჰაფეზ ალ-ასადის, მოქმედი პრეზიდენტი ბაშალ ალ-ასადის მამის ჩამოგდების მცდელობაში დაადანაშაულეს.
ის სირიაში 2021 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ციხიდან გაიქცა, სადაც მილიონობით ევროს ოდენობით სირიის სახელმწიფოს კუთვნილი ფულით ქონების შეძენისთვის სასჯელს იხდიდა.