ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა აცხადებს, რომ შავ ზღვაში რუსეთის დიდი სადესანტო ხომალდი ჩაძირა


უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტომ და შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ უკრაინამ ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან რუსული სადესანტო ხომალდი გაანადგურა. ოთხშაბათს, საზღვაო დრონებმა ხომალდის მარცხენა მხარე გაარღვიეს, რაც ჩაძირვის მიზეზი გახდა.

კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია რუსეთს, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ შავ ზღვაში ექვსი დრონი გაანადგურა. კრემლმა კომენტარზე უარი განაცხადა.

უკრაინის სამხედრო უწყებამ „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა: „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დანაყოფთან ერთად, დიდი სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“ გაანადგურა. დარტყმის დროს ის ალუპკის სიახლოვეს, უკრაინის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდა“.

შავი ზღვის კურორტი ალუპკა იალტიდან არც თუ ისე შორს, ყირიმის სამხრეთ კიდეზეა, რომელიც რუსეთმა 2014 წელს უკრაინისგან მიიტაცა და ანექსია მოახდინა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტომ თქვა, რომ ჩაძირვის მომენტისთვის სამხედრო ხომალდი დატვირთული ჩანდა და თავდასხმამდე დაახლოებით 10 დღის განმავლობაში, რუსული ჯარის დასატვირთ ობიექტზე იმყოფებოდა.

სააგენტომ გამოაქვეყნა დაბალი ხარისხის ვიდეო კადრები, რომელზეც სავარაუდოდ ჩანს რამდენიმე საზღვაო დრონი, რომელიც ღამით დიდ ხომალდს უახლოვდება და სულ ცოტა ერთი დიდი აფეთქება.

სააგენტო „როიტერმა“ ვიდეოში ნაჩვენები ხომალდი მისი მთავარი ანძის, კაპიტნის ხიდის და გემბანის გამოსახულებაზე დაყრდნობით ამოიცნო, როგორც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის „ცეზარ კუნიკოვი“. ვიდეოს ჩაწერის ადგილის და დროის გადამოწმება ვერ მოხერხდა.

„პროექტ 775“ კლასის, რუსეთის ერთ-ერთი უახლესი სამხედრო ხომალდის ეკიპაჟი 87 მეზღვაურისგან შედგება და ის საქართველოს, სირიის და უკრაინის ომებში მონაწილეობდა.

უკრაინას დიდი სამხედრო ხომალდები აღარ ჰყავს და რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საწყის ეტაპზე, საკუთარი ფლაგმანი ჩაძირა, რათა რუსებს ხელში არ ჩავარდნოდა.

დეკემბერში უკრაინის უსაფრთხოების მაღალი თანამდებობის პირმა განაცხადა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 20 პროცენტი უკვე გაანადგურეს. უკრაინის სამხედრო ფლოტის პრესმდივანმა თქვა, რომ რუსეთს შავ ზღვაში ხუთი დიდი სადესანტო ხომალდი დარჩა.

XS
SM
MD
LG