ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ისლამური რევოლუცია 40 წლის შემდეგ


ირანის ისლამური რევოლუციიდან 40 წელი გავიდა. 1979 წელს საპროტესტო გამოსვლების შედეგად ისლამური რესპუბლიკის მომხრე დემონსტრანტებმა, ამერიკის მოკავშირე შაჰი მოჰამედ რეზა ფაჰლავი ჩამოაგდეს. ირანის სათავეში გადასახლებიდან დაბრუნებული რელიგიური ლიდერი, აიათოლა რუჰოლა ხომეინი მოვიდა.

რევოლუციის 40 წლისთავის აღსანიშნად, ქუჩაში ასობით ათასი ირანელი გამოვიდა. ქვეყნის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ნაცნობი რიტორიკა არ დააყოვნა და ამერიკას სიკვდილი უსურვა. გამომსვლელებმა შეერთებული შტატების და ისრაელის დროშები დაწვეს.

ორი ქვეყნის დაპირისპირება სათავეს 1979 წელს იღებს. საპროტესტო გამოსვლებისას, მომიტინგეები თეირანში ამერიკის საელჩოში შეიჭრნენ და 52 ამერიკელი დიპლომატი ტყვედ აიყვანეს. მძევლებმა ტყვეობაში 444 დღე დაჰყვეს. ამ ინციდენტმა ვაშინგტონი და თეირანი მოკავშრირეებიდან მტრებად გადააქცია. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დღემდე შეწყვეტილია.

„რთულია რევოლუციის შეფასება, გააჩნია თუ რის მეღწევას ცდილობდნენ ისინი. თუ ისინი ცდილობდნენ ამერიკის შეერთებული შტატებთან დაშორებას, მათ ეს ნამდვილად მოახერხეს", - ამბობს ბარბარა სლავინი "ატლანტიკური საბჭოდან".

სლავინი საუბრობს იმაზე, რომ ირანს ბევრად მეტის მიღწევა შეუძლია ვიდრე ეს რევოლუციამ მოახერხა.

"მათ მოახერხეს გარკვეული პროგრესის მიღწევა ირანელი ხალხისთვის განათლების და ჯანმრთელობის კუთხით. თუმცა ირანი არაა ის რაც შეუძლია, რომ იყოს, მისი ეკონომიკიდან, სიდიდიდან გამომდინარე. მისი ეკონომიკა უფრო პატარაა ვიდრე თურქეთის და ამას აქვს მიზეზები", - ამბობს სლავინი.

მდგომარეობა კრიზისულია ადამიანის უფლებების კუთხითაც, შეზღუდულია სიტყვის თავისუფლება, მრავალრიცხოვანია პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა, ქალებს ეკრძალებათ განქორწინება და თავსაბურავის გარეშე საჯარო სივრცეში გამოჩენა. ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილით დასჯა საჯაროდ იმართება. მართალია, მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია, მაგრამ საპრეზიდენტო კანდიდატებს გუშაგთა საბჭოს მეშვეობით თავად უზენაესი ლიდერი არჩევს. პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონკურენცია დაშვებულია იქამდე, სანამ ეს უზენაესი ლიდერის ხელისუფლებას საფრთხეს არ უქმნის.

ისლამურმა რევოლუციამ ფუნდამენტურად შეცვალა ქვეყნის მიმართულება და ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ლადშტაფტი. რევოლუციიდან ერთი წლის თავზე ირანი ერაყთან 8 წლიან ომში ჩაერთო, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უფრო დაასუსტა. დაუსრულებელმა დაპირისპირებამ და საერთაშორისო იზოლაციამ ირანს უბიძგა სამშვიდობო შეთანხმება დაედო.

დღეს თეირანს ახლო აღმოსავლეთში უფრო მნიშვნელოვანი როლი აქვს, ვიდრე ეს რევოლუციამდე იყო. თუმცა, სტრატეგიული თამაში მას ძვირი უჯდება. ირანი ერაყში, სირიაში, ლიბანსა და იემენში მნიშვნელოვანი აქტორია და ხელს შიიტ ძალებსა და დაჯგუფებებს უწყობს.

​ირანის როლის ზრდა ერთის მხრივ 2003 წლის ამერიკის ერაყში შეჭრამ და მეორეს მხრივ არაბული გაზაფხულის წარუმატეობლობამ და ტერიტორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევებამ განაპირობა. ირანის საგარეო პოლიტიკის მიზანი რეჟიმის გადარჩენასთან ერთად, რეგიონული ჰეგემონების აღმოცენებისვის ხელის შეშლაა. თეირანი ცდილობს საუდის არაბეთის გავლენის დაბალანსებას და ისრაელთან დაპირისპირების გამოყენებით არაბული სახელმწიფოების თვალში ლეგიტიმურად წარმოჩენას. ირანი ხელს უწყობს შიიტ დაჯგუფებებს და სექტებს დომინანტი ან სუნიტი უმრავლესობის რეჟიმების (ჰეზბოლა ლიბანში, ჰუთები იემენში, შიიტი დაჯგუფებები ერაყში, შიიტი პოლიტიკური ჯგუფები ბაჰრეინში, ალავიტები სირიაში და ა.შ) წინააღმდეგ.

თეირანის რეგიონულ ამბიციებს მოსკოვიც ეხმარება, რომელიც ირანს ხედავს, როგორც რეგიონში ამერიკის გავლენის შემცირების საშუალებას. ამერიკა და დასავლეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმის დამფინანსებლად და ხელშემწყობად განიხილავენ.

„რუსეთის და ირანის ურთიერთობა მრავალვექტორიანია და საერთო ინტერესებს ეყრდნობა, მათ შორის, ეკონომიკურ ინტერესს, გეოპოლიტიკურ ინტერესს. თუმცა ხშირად ყურადღებას ამახვილებენ ახლო აღმოსავლეთში, სირიაში რუსეთის და ირანის თანამშრომლობაზე ასადის რეჟიმის გადასარჩენად. მაგრამ რუსეთის და ირანის ურთიერთობა უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ სირიის საკითხი. ის შეეხება კავკასიას, ცენტრალურ აზიას და კასპიის ზღვას, ავღანეთს და მათ საერთო ინტერესს - შეამცირონ ამერიკის შეერთებული შტატების გავლენა რეგიონში და გლობალურად“, - ამბობს რანდა სლიმი, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პროგრამების ხელმძღვანელი.

რუსეთის და ირანის საერთო ინტერესი ახლო აღმოსავლეთში ამერიკის როლის შემცირებაა
რანდა სლიმი

2015 წელს, შეერთებულმა შტატებმა ობამას ადმინისტრაციის პირობებში ირანთან ბირთვულ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაუქმების სანაცვლოდ თეირანისგან ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას ისახავდა მიზნად. 2018 წელს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეთანხმების დატოვების გადაწვეტილება მიიღო და ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა. ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ უფრო მკაცრ პოლიტიკას ატარებს. თეთრი სახლი ირანისგან უფრო მეტი დათმობების მიღებას ზეწოლის ზრდით ცდილობს.

ადამინისტრაციის პოზიციას არ იზიარებს, ყოფილი დიპლომატი ჯონ ლიბერტი, რომელიც ირანის მიერ 1979 წელს დაკავებული ერთერთი მძევალი იყო. ის ფიქრობს, რომ საუკეთესო გზა ირანისგან დათმობების მისაღებად დიპლომატიური მოლაპარაკებებია.

“მე ვისურვებდი დავბრუნებოდით პოლიტიკას, როდესაც იყენებ დიპლომატიას შენი ინტერესის დასაწინაურებლად. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მიზნები [მოლაპარაკებებში], მაგრამ ჩვენ უნდა შეგვეძლოს ირანელებთან საუბარი, პრობლემებზე, საერთო ინტერესზე, ახლა ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როცა ჩვენ და ირანელები მხოლოდ ერთმანეთს ვუყვირით“, - ამბობს ჯონ ლიმბერტი, დიპლომატი.

ირანის რევოლუციიამ დროს გაუძლო. თუმცა ისლამური რესპუბლიკის მომავალი ბურუსითაა მოცული. თეირანი საკუთარ პრობლემებსა და წარუმატებლობაში ბრალს ამერიკის შეერთებულ შტატებს სდებს. ირანს არ სურს იმის აღიარება, რომ რევოლუციამ მართალია იდეოლოგიური მისწრაფებებები პრაქტიკაში გაატარა, მაგრამ ვერ მოახერხა საკუთარი მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG