"გაერთიანებული ავტმოწარმოებლების" კავშირის ლიდერმა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მხარდაჭერა აღუთქვა. ოთხშაბათს, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე, კავშირის ლიდერმა ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა.
ასოციაციის პრეზიდენტმა შონ ფეინმა თქვა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა, პროფკავშირის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთების ნაცვლად, მათ გვერდით დგომა აირჩია.
ასევე ნახეთ: ტრამპმა ნიუ-ჰემფშირის პრაიმერი მოიგო, მაგრამ ჰეილი მას 10%-ზე ნაკლებით ჩამორჩებაელექტროავტომობილებთან დაკავშირებული პოლიტიკის თაობაზე, ფეინსა და ბაიდენს წარსულში განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. თუმცა, პროფკავშირის მხრიდან ბაიდენის მხარდაჭერა, მოქმედი პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა მიჩიგანსა და სხვა ისეთ შტატებში, სადაც ავტოწარმოების ობიექტებია განლაგებული. 2022 წელს, ბაიდენმა მიჩიგანში ძალიან მცირე უპირატესობით გაიმარჯვა.
ფეინმა თქვა, რომ დონალდ ტრამპმა ვერ მოახერხა "ჯენერალ მოტორსის" დარწმუნება, რომ ოჰაიოში მანქანების ასაწყობი ქარხანა ღია დაეტოვებინა. "ტრამპი დგას ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რასაც ჩვენ, როგორც საზოგადოება ვუჭერთ მხარს", - თქვა მან.
თავის მხრივ, ბაიდენმა ფეინის ლიდერობა შეაქო და თქვა, რომ ისტორიული გაფიცვების პირობებში, ის "ხერხემლიანი ლიდერივით" იდგა და პოზიციებს იცავდა. დემოკრატმა პრეზიდენტმა ასევე პირობა დადო, რომ წარმოების სფეროში, სამუშაო ადგილების ჩინეთში გადინებას შეეწინააღმდეგება.
ბაიდენს უკვე გარანტირებული აქვს ქვეყნის უდიდესი პროფესიული კავშირების მხარდაჭერა. თუმცა, ავტომწარმოებლების მიმხრობას გაცილებით მეტი დრო დასჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ პრესაში ფართოდ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაიდენმა, გასული წლის მასშტაბური პროტესტისას, დეტროიტში გაფიცულებს მხარდაჭერა გამოუცხადა.