ჰოჯესი: ნებისყოფის რეალური გამოცდა კრემლსა და თეთრ სახლს შორისაა

ევროპაში შეერთბული შტატების არმიის ყოფილი მთავარსარდალი, (თადარიგის) გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი

რუსეთი აცნობიერებს, რომ უკრაინასთან ომში ვერ იმარჯვებს და ახლა იმედებს დასავლეთში პოლიტიკური ნების ერთიანობის დარღვევაზე ამყარებს. ასე აფასებს უკრაინაში ფრონტზე დღეს არსებულ სიტუაციას ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, თადარიგის გენერალი ბენ ჰოჯესი. მისი თქმით, 2024 წელი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აქამდე დაპირებული და დაგვიანებული შეიარაღება ქვეყანაში მომდევნო თვეების განმავლობაში ჩავა.

სამ ვარსკვლავიანი გენერალი აფხაზეთში რუსული ბაზის მშენებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მისი დასრულების შემთხვევაში, საქართველოში სერიოზულ ინვესტიციებს საფრთხე შეექმნება. გენერალ ჰოჯესს ია მეურმიშვილი ესაუბრა. ინტერვიუ დარედაქტირებულია სიცხადისა და შემოკლების მიზნით.

როგორ აფასებთ ფრონტზე არსებულ მდგომარეობას დღეს?

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია არ დავკარგოთ შეფასების პერსპექტივა და გვახსოვდეს თუ სად ვართ ომის დაწყებიდან 10 წელში. ეს ომი რუსეთმა 10 წლის წინ დაიწყო, როდესაც უკრაინაში შეიჭრა 2014 წელს. მას შემდეგ, ყველა შესაძლო უპირატესობით: ჯარის რაოდენობის, სამხედრო ინდუსტრიის, საჰაერო ძალების, საზღვაო ძალების თვალსაზრისით და ყველა სხვა უპირატესობით, ისინი დღემდე უკრაინის მხოლოდ 18 პროცენტს აკონტროლებენ. რუსეთის ძლევამოსილმა საჰაერო ძალებმა ვერ მიაღწიეს საჰაერო უპირატესობას. მათ ვერ შეძლეს სატვირთოების კოლონებისა თუ მატარებლების გადაადგილების აღკვეთა, რომლებსაც პოლონეთიდან უკრაინაში შეიარაღება გადააქვს. მათ ახლახან დაკარგეს ორი ძალიან ძვირადღირებული თვითმფრინავი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ არა მხოლოდ საჰაერო უპირატესობა არ აქვთ, არამედ უკრაინელი საჰაერო დამცველები ყველაზე ინოვაციური, ტექნიკურად მომზადებული და ჭკვიანი სამხედროები არიან პლანეტაზე.

Your browser doesn’t support HTML5

ჰოჯესი: პოლიტიკური ნების შეჯიბრი ახლა კრემლსა და თეთრ სახლს შორისაა

შავი ზღვის ძლევამოსილი ფლოტი, რომელსაც ძლიერი ფლოტის რეპუტაცია ჰქონდა, აღმოჩნდა რომ რეპუტაციას ვერ ამართლებს. ის სევასტოპოლიდან უკან დახევას იწყებს და ეს მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა მხოლოდ ორი ან სამი „სკალპისა“ და „სტორმ შედოუს“ ფრთოსანი რაკეტით მიაყენეს მათ ზიანი და აჩვენეს რამდენად დაუცველია მათი შავი ზღვის ფლოტი სევასტოპოლში. ორ წელში ომში 350 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა. რუსეთმა დაკარგა ათასობით ჯავშანმანქანა. ვფიქრობ, რუსები იმას ხვდებიან, რომ უკრაინა ამჟამად მათ ვერ ამარცხებს, თუმცა არც რუსებს არ შეუძლიათ უკრაინის დამარცხება, რადგან მათ ამის შესაძლებლობა უბრალოდ არ აქვთ.

დღევანდელი გადმოსახედიდან, ზოგიერთი შემფასებელი ამბობს, რომ უკრაინის კონტრიერიშის ჩავარდნა მითია და რომ უკრაინამ ბევრ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, სხვები კი ამბობენ, რომ ის ჩავარდა. თქვენ რას ფიქრობთ უკრაინის კონტრიერიშის წარმატებაზე?

მე ვიყავი ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ბრძოლის ველზე გაცილებით მეტ პროგრესს ელოდა, ვიდრე ახლა არის. მე შევცდი. მაგრამ ასევე ყოველთვის მჯეროდა, რომ შეერთებული შტატები -- და გერმანია -- უკრაინას მივაწოდებდით ყველაფერს, რაც მათ სჭირდებოდათ. ადმინისტრაცია აგრძელებს დანაწევრებული დახმარების პოლიტიკას და ბოლომდე არ მიდის იმაში, რომ უკრაინის გამარჯვების მიმართ ერთგული იყოს. იქ სულ 31 აბრამსის ტანკია. F-16-ები იქ ჯერ არ ჩასულა და ამას ალბათ კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება. არ გაგვიგზავნია არც ერთი 300 კილომეტრიანი რადიუსის ატაკამსი ან „Grey Eagle“ დრონი ან სახმელეთო მცირე დიამეტრის ბომბი. ეს ყველაფერი არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ასევე, პოლიტიკური ნების ნაკლებობა.

ასევე ნახეთ: ნატოს საიუბილეო სამიტი და საქართველო

ვფიქრობ, ნაწილობრივ ამის გამო კონტრშეტევის სახმელეთო ნაწილმა ვერ მიაღწია იმას, რასაც ვვარაუდობდით. ჩვენ არასოდეს გავგზავნიდით ამერიკელ, გერმანელ ან ბრიტანელ ჯარისკაცს ასეთ ბრძოლაში, წინასწარ საჰაერო უპირატესობის ქონის გარეშე. ჩვენ არ მივაწოდეთ მათთვის საჭირო საინჟინრო აღჭურვილობის მეოთხედიც კი. ამან კი რუსებს თვეები მისცა მილიონობით ნაღმის დასადებად. თუ მარცხი არის, ეს ჩვენზეა და არა უკრაინელებზე. ეს არის ნებისყოფის და ლოგისტიკის გამოცდა, უკრაინელებს ნება აქვთ, მაგრამ მეტი ლოჯისტიკა სჭირდებათ ჩვენგან. ნებისყოფის რეალური გამოცდა კრემლსა და თეთრ სახლს შორისაა.

უკრაინელების მიერ რუსულ საზღვაო ძალებზე დაწყებული ზეწოლის გამო, კრემლი იძულებული ხდება სევასტოპოლიდან გემები გაიყვანოს. როგორ აფასებთ შავი ზღვის ფლოტის მდგომარეობას დღეს?

პირველ რიგში, ჩვენი მოკავშირე თურქეთი რუსეთს შავ ზღვაში დამატებითი გემების შეყვანის უფლებას არ აძლევს მონტროს კონვენციის თანახმად. შავ ზღვაში ვერც სხვა ქვეყნების გემები შედის და ამის გამო, ფაქტობრივად არ გვჭირდება, რომ თურქეთს სხვა კურსის გატარება ვთხოვოთ. ეს კარგი ამბავია. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გაზრდის პოტენციალი შემოიფარგლება იმით, თუ რა ტიპის რაკეტების გამშვები გემების შეყვანა შეუძლიათ მათ კასპიის ზღვიდან, ვოლგის, ვოლგადონის არხის და დონის გავლით აზოვის ზღვაში.

მეორე, შავი ზღვის ფლოტის ხარისხია. ნება მომეცით სხვანაირად ვთქვა. მე ქვეითი ჯარისკაცი ვარ. მეზღვაური არ ვარ. როდესაც უკრაინელებმა რუსული ფლაგმანი „მოსკვა“ ჩაძირეს ერთ ჩემს მეზღვაურ მეგობარს ვესაუბრე და ვკითხე რას ფიქრობდა ამ გემის ჩაძირვაზე. მან მითხრა, რომ გემზე მყოფ მეზღვაურებს ის გემი არ უყვართ. ვკითხე რატომ ამბობდა ამას? მან მითხრა, რომ მკაფიოდ ჩანდა, რომ მათთვის ნომერ პირველი მიზანი გემიდან თავის დაღწევა იყო. შეერთებული შტატების საზღვაო ძალებში და გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ფლოტში პრიორიტეტი ჯერ არის გემი, შემდეგ თანამებრძოლები და ბოლოს საკუთარი თავი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა ყველაფერს აკეთებს გემის გადასარჩენად. ეს კაცი საზღვაო დაზვერვის ოფიცერია და მისი აზრით, ბორტზე დისციპლინა, სამხედრო მომზადება და გემისადმი ერთგულება ძალიან დაბალ დონეზე იყო. წარმოიდგინეთ - ეს ხომ მათი ფლაგმანი იყო. მოგვიანებით გავიგეთ, რომ უკრაინელებმა იცოდნენ, რომ ამ გემის რადარი 1980-იანი წლების ტექნოლოგიას იყენებდა. მათ კარგად შეძლეს ამის გამოყენება.

ამის შემდეგ უკრაინელები იყენებენ სპეცრაზმს, დივერსიულ აქტებს, დრონებს, „შტორმ შადოუსა“ და „სკაუტის“ სისტემებს. სევასტოპოლში სამეთაურო შტაბი და ძირითადი ტექნიკური მომსახურების ნაგებობა გაანადგურეს ორი რაკეტით. ეს მართლაც კარგი სამიზნე იყო, რადგან სევასტოპოლში მისი განადგურებით შავი ზღვის ფლოტს ახლა სხვაგან უწევს წასვლა პროფილაქტიკისთვის. რუსებმა ასევე დაინახეს რამდენად დაუცველები არიან და საზღვაო ძალების მეთაურმა გადაწყვიტა ზოგიერთი გემი ნოვოროსიისკის პორტში გადაეყვანა. ეს კი მათთვის გაცილებით ართულებს და ანელებს რაკეტების მარაგის აღებას. უკრაინელებმა ასევე გაანადგურეს ძალიან მნიშვნელოვანი გემი ფეოდოსიის პორტში, როგორც ჩანს, ფრანგული „სკაუტის“ რაკეტით. უკრაინას საზღვაო ფლოტი ფაქტობრივად არ ჰყავს, მაგრამ მათ შავ ზღვაში საზღვაო ომის ხასიათი შეცვალეს.

Your browser doesn’t support HTML5

აფხაზი მხატვარი: „ის რაც ქართველებმა ვერ გააკეთეს, ჩვენ გავუკეთეთ საკუთარ თავს“

ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული ბაზის მშენებლობის დაწყება უკვე დადასტურებულია. თქვენი აზრით, რას ნიშნავს რუსეთის ეს ნაბიჯი უკრაინისთვის და რას ნიშნავს ის საქართველოსთვის? ოჩამჩირეში რუსული ბაზა ცვლის რამეს?

უკრაინელების გადმოსახედიდან, თუ რუსები ამას იმის გამო აკეთებენ, რომ სევასტოპოლში საკუთარ დაუცველობას აცნობიერებენ, მაშინ ეს კარგია. თქვენ იცით, ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩემი აზრით, ყირიმია. ეს არის გადამწყვეტი ადგილი. აქ უკრაინელებს სჭირდებათ რუსეთის ძალებისთვის სევასტოპოლი გამოუყენებელი გახადონ, რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალები აიძულონ, რომ იქ უბრალოდ არ დარჩნენ. თუ ეს ფაქტორები დაკავშირებულია, ვფიქრობ ეს კარგია.

მე უფრო მაწუხებს ის, თუ რას იწვევს ეს ჩვენი მეგობრებისთვის საქართველოში. სამწუხაროდ, მთავრობის მხრიდან წარსულში უკვე დავინახეთ შავი ზღვის ინფრასტრუქტურის გაფართოების მიმართ თავშეკავება, რაც ანაკლიის პორტს ეხება. ანაკლია ამ [რუსულ პორტთან] ძალიან, ძალიან ახლოს იქნება. მაინცდამაინც ასე შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ვფიქრობ ეს გაანელებს თუნდაც მხოლოდ აქამდე არსებულ ენთუზიაზმს ანაკლიის პორტის ასაშენებლად. ეს შეიძლება პრობლემა გახდეს. ვნახოთ. ვნახოთ რა მოხდება და შეძლებენ თუ არა რუსები მის აშენებას.

ასევე ნახეთ: კოფი: ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ფლოტი საქართველოს ომში ჩართვის რისკს უქმნის

ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ ე.წ. სარკოზის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევიდან 15-16 წლის შემდეგაც, რუსეთი ისევ არ იცავს საკუთარ პირობებს. რუსეთს ჯარები ჰყავს განლაგებული აფხაზეთში და ახლა აპირებს საზღვაო პორტის აშენებას, რაც კიდევ უფრო მეტად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს. ვფიქრობ, აქ უფრო დიდი ამბავი სწორედ ესაა.

თქვენი აზრით, რის გაკეთება შეუძლია საქართველოს ამ პირობებში რუსეთისთვის ხელის შესაშლელად?

ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლო საჯარო ადგილი და ყველა საერთაშორისო სააგენტო იმ ფაქტზე მისათითებლად, რომ რუსეთი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და რომ ისინი არასოდეს იცავენ დადებულ პირობებს. საქართველოს გადმოსახედიდან, მე ვიტყოდი, რომ ქვეყანამ მაინც უნდა სცადოს ანაკლიის პორტის აშენება, რადგან ის ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს. ეს პორტი შავი ზღვის აუზში -- რუსეთის გარდა -- ყველას სარგებელს მოუტანს.

საქმე ეხება ყველაფერს, რაც გაეროს წესდებითაა გათვალისწინებული. ქვეყნების სუვერენიტეტი, ერების უფლებები საკუთარი თავის დასაცავად, საერთაშორისო სამართალი, ნავიგაციის თავისუფლება. რუსეთი ამ ყველაფერს არღვევს ყოველ წუთს და ყოველ წამს. რუსეთს აბსოლუტურად არ აინტერესებს რამდენ რამეს დაარღვევს. აქ სასწორზე არის ის, რომ ამ ყველაფერს ჩინელები, რა თქმა უნდა, ყურადღებით აკვირდებიან.