ნატოს მაღალი რანგის სამხედრო ოფიციალური პირმა, დასავლეთის საჯარო და კერძო აქტორებს მოუწოდა, მოემზადონ ეპოქისთვის, რომელშიც ნებისმიერ დროს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მათ შორის - ომი.
„ჩვენ გვჭირდება ნატოს საბრძოლო გარდაქმნა“, - თქვა ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ. ადმირალმა რობ ბაუერმა, ეს განცხადება ოთხშაბათს, ბრიუსელში, ალიანსის ეროვნული თავდაცვის მეთაურების ორდღიანი შეხვედრის გახსნისას გააკეთა.
მისი თქმით, წარსულში, ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობები და კომპანიების წარმომადგენლები, ცხოვრობდნენ ეპოქაში, რომელშიც ყველაფერი უხვი, განჭვრეტადი, კონტროლირებადი და ეფექტიანობაზე ფოკუსირებული იყო. მაგრამ, მისი თქმით, 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მათ უნდა შეცვალონ დამოკიდებულება იმ ეპოქის თაობაზე, რომელშიც ნებისმიერ დროს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. "ეს არის ეპოქა, როცა ფოკუსი უნდა გვქონდეს ეფექტურობაზე იმისთვის, რომ სრულად ეფექტური ვიყოთ.“
ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის ამ განცხადებებს ფონად გასდევს ვითარება, როცა შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, უკრაინისადმი სამხედრო დახმარება შეჩერებულია ან პოლიტიკური დავის გამო შეზღუდულია. თავად ადმირალმა კი, უკრაინის მიმართ, ნატოს განგრძობითი დახმარების პირობა დადო.
„უკრაინას ექნება ჩვენი მხარდაჭერა ყოველი მომდევნო დღისთვის, რადგან ამ ომის შედეგი, მსოფლიოს ბედს განსაზღვრავს“, - განაცხადა ადმირალმა ბაუერმა.