ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული


17 იანვარს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოდესაზე დრონებით მიიტაანა იერიში, უკრაინაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა.

"ტელეგრამზე" უკრაინული საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთში, მოზდოკის ბაზიდან აფრინდა მიგ-31-ის ტიპის ავიამოიერიშე. სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე გამოაცხადა უკრაინამ საჰაერო განგაში.

საპორტო ქალაქ ოდესაზე დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტის დაზიანდა. მომხდარის გამო 130 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

სამხრეთ უკრაინაში განლაგებულმა თავდაცვის ძალებმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია დრონებით თავდასხმის შესახებ. ისინი ამბობენ, რომ ოდესაზე თავდასხმის დროს ირანული წარმოების 11 დრონი ჩამოაგდეს.

ერთი დღით ადრე, სამშაბათს კი მორიგი შეტევა განხორციელდა ხარკივზე, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქზე. რუსები ქალაქს "ეს-300"-ის ტიპის რაკეტებით ბელგოროდიდან დაესხნენ თავს, დაშავდა 17 ადამიანი. 14 მათგანის მდგომარეობის სიმძიმის გამო, მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი.

მხოლოდ 2023 წლის დეკემბერში რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში 101 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. 491 კი - დაშავდა. გაეროში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში, რუსეთის ომის შედეგად, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი სულ უფრო და უფრო იზრდება.

XS
SM
MD
LG