ოთხშაბათს, 10 იანვარს, ნატო-უკრაინის საბჭო შეიკრიბა. საბჭოს შეხვედრა რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო სამიზნეებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ტალღების შემდეგ მოხდა.
მოკავშირეებმა დაგმეს რუსეთის მიერ საჰაერო დარტყმების გაძლიერება, ასევე ჩრდილოეთ კორეიდან რაკეტების, ირანისგან კი დრონების მიღება და მათი უკრაინის წინააღმდეგ გამოყენება.
საბჭოს სხდომაზე ნატოს წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ გააგრძელებენ უკრაინისთვის თავდაცვისთვის საჭირო სისტემების გადაცემას. ნატოს მისიის ფარგლებში მოკავშირეები "პატრიოტის" ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ყიდულობენ, რათა უკრაინას რუსეთისგან თავდაცვაში უკეთ დაეხმარონ.
"დღეს, მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინისთვის ძირითადი სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. ბევრმა მოკავშირემ განაცხადა 2024 წელს მილიარდობით ევროს ღირებულების [დახმარების] გეგმების შესახებ",- ნათქვამია ნატოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საბჭოს შეხვედრაზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინისთვის სამომავლო დახმარებაზე ისაუბრა:
”ნატო მკაცრად გმობს რუსული სარაკეტო და დრონებით, მათ შორის ჩრდილოეთ კორეისა და ირანის იარაღით განხორციელებულ თავდასხმებს უკრაინელ სამოქალაქო მოსახლეობაზე. პუტინი ზედიზედ მეორე წელია ცდილობს მასობრივი დარტყმებით უკრაინის დათრგუნვას, მაგრამ მას ეს არ გამოუვა. რუსეთის სისასტიკის კამპანია მხოლოდ აძლიერებს უკრაინის მიზანს. როდესაც მოსკოვი აძლიერებს თავდასხმებს უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე, ნატოს მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას. ჩვენ გავაგრძელებთ მამაცი უკრაინელების გვერდით დგომას", - თქვა იენს სტოლტენბერგმა.
შეხვედრა უკრაინის თხოვნით გაიმართა და მას ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები ესწრებოდნენ.
გასული წლის ზაფხულში ალიანსის გადაწყვეტილებით, შეიქმნა ნატო-უკრაინის საბჭო, რომლის პირველი სხდომაც 12 ივლისს ჩატარდა. საბჭოზე კრიზისებზე კონსულტაციის გარდა, უკრაინის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ მოკავშირეებთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში თანასწორი მონაწილეობა მიიღონ. ეს ნატოსთან უკრაინის თანამშრომლობის შედარებით ახალი, უფრო მჭიდრო ფორმაა.