დესანტისის ნომინაციისკენ მიმავალი გზა საფრთხეშია

რონ დესანტისის გამარჯვების პერსპექტივა რესპუბლიკელების პრაიმერის არჩევნებში, რომელიც რესპუბლიკელების შიდა-პარტიული კენჭისყრაა საპრეზიდენტო ნომინაციის მოსაპოვებლად, საფრთხეშია. მას შემდეგ, რაც ორშაბათს, 15 იანვარს, მან აიოვაში მნიშვნელოვან გარღვევას ვერ მიაღწია, მის კამპანიას, სავარაუდოდ, დაფინანსების პრობლემები შეექმნება.

ასევე ნახეთ: ბაიდენი ამერიკელებს დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდებს და ტრამპს უპირისპირდება

მიუხედავად იმისა, რომ თავისი კამპანიის დროისა და რესურსების დიდი ნაწილი აიოვას შიდა-პარტიული არჩევნების პირველ რაუნდში ჩადო, დესანტისი თითქმის 30 ქულით ჩამორჩა ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მეორე ადგილისთვის, ძალიან მცირე უპირატესობით დაამარცხა გაეროში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი და ასევე ნომინაციისთვის მებრძოლი ნიკი ჰეილი.

ერთი წლის წინ, დესანტისი სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ტრამპს რესპუბლიკურ პარტიაში და მის შესაძლო ნომინაციას. თუმცა ფლორიდის გუბერნატორის მიმართ მხარდამჭერების რაოდენობა ბოლო პერიოდში შემცირდა და ის ამომრჩევლებთან ზოგიერთ საკვანძო საკითხში ტრამპთან შედარებით სუსტად გამოჩნდა. მისმა კამპანიამ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო საკუთარი დროისა და რესურსების უმეტესი ნაწილი აიოვაში დაეხარჯა ტრამპთან პარიტეტის საჩვენებლად. ეს მცდელობა დესანტისისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

მიმომხილველების შეფასებით, პირველობის მოსაპოვებლად მას გამოკვეთილი გზა არ აქვს.

შემდეგი პრაიმერი, ნიუ-ჰემფშირში 23 იანვარს გაიმართება. დესანტისმა იქ შედარებით ცოტა დრო გაატარა ბოლო თვეებში და აქამდე ჩატარებული გამოკითხვებით, ის ჰეილისა და ტრამპის შემდეგ მესამე ადგილზეა.