რუსეთის თქმით, ვორონეჟზე უკრაინის დრონით თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაშავდა

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში, სამშაბათს, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად, 6 წლის ბიჭი და 10 წლამდე ასაკის გოგონა დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ, რუსი ოფიციალური პირები ავრცელებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საჰაერო თავდაცვამ, ვორონეჟის რეგიონში ხუთი უკრაინული დრონი გაანადგურა, სამს კი გზა გადაუჭრა. უწყების განცხადებით, საჰაერო ძალებმა, კიდევ ოთხ უკრაინულ დრონს, გზა ჩაუჭრა ბელგოროდის რეგიონში.

ასევე ნახეთ: უკრაინელი უფლებადამცველი: რუსეთის მიერ, 20 000-მდე უკანონოდ გატაცებული ბავშვიდან, შინ მხოლოდ 517 დაბრუნდა


ელენა ფედიაინოვამ, რომლის 6 წლის ვაჟი ერთ-ერთი თავდასხმისას დაშავდა, თქვა, რომ დრონების პირველი თავდასხმა ღამის 2:30 საათზე მოხდა, რამაც მისი ბინის ფანჯარა ჩაამსხვრია.

„ეს იყო დარტყმა და ნათება. ბავშვს ხელი ჩავავლე, ყველგან ნამსხვრევები და კვამლი იყო“, - თქვა ფედიაინოვამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ოფიციალური პირების განცხადებით, იმავე თავდასხმის შედეგად, ასევე დაშავდა 10 წლამდე ასაკის გოგონა.

ვორონეჟი, ქალაქი, სადაც 1 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 250 კმ-ში მდებარეობს. ქალაქის მერმა, ვადიმ ქსტენინმა განაცხადა, რომ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მომხდართან და რუსული მხარის განცხადებებთან დაკავშირებით, უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქთან ახლოს, რუსეთს საჰაერო ბაზა აქვს, სადაც სუ-34-ის ტიპის რამდენიმე ბომბდამშენი დგას. უკრაინაზე საჰაერო დარტყმების დროს, რუსეთის გამანადგურებელ-ბომბდამშენ თვითმფრინავებს ხშირად იყენებს.

რუსული საინფორმაციო საშუალება „Shot“, „Telegram“-ზე წერს, რომ საჰაერო ბაზის მახლობლად, სულ მცირე, 15 აფეთქების ხმა გაისმა. დრონის ნამსხვრევები კი, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ჩამოვარდა.

ასევე ნახეთ: უკრაინა ამბობს, რომ მნიშვნელოვანი რუსული საჰაერო ხომალდი გაანადგურა