გერმანიის მმართველმა კოალიციამ ორშაბათს დამატებითი ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა, რომლის მიზანიც სესხების გამოტანაზე დაწესებული შეზღუდვის დროებითი გაუქმება იქნება. ამ ნაბიჯის გადადგმა გერმანიის მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პირველი კანონპროექტი დაბლოკა.
ასევე ნახეთ: უკრაინა მოკავშირეებთან ერთად ზამთრისთვის მზადებას იწყებსსესხის ზედა ზღვარს გერმანიის კონსტიტუცია განსაზღვრავს, ბიუჯეტს კი - პარლამენტი ამტკიცებს. დამატებითი ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში, ეს ზედიზედ მეოთხე წელი იქნება, როცა მთავრობა კონსტიტუციით გათვალისწინებულ შეზღუდვას დროებით შეაჩერებს. ოლაფ შოლცის კაბინეტი ცდილობს ისესხოს დამატებით 45 მილიარდი ევრო იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს სავარაუდო ეკონომიკური კრიზისი, რასაც შესაძლოა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირება და ინდუსტრიის ქვეყნიდან გადინება მოჰყვეს.
კონსტიტუცია ლიმიტს ახალი სესხების ოდენობაზე აწესებს, თუმცა იძლევა შეზღუდვის დროებით გაუქმების საშუალებას "გამონაკლის" შემთხვევებში.
მთავრობის განცხადებით, ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრას მოჰყვა და ფასების ზრდა გამოიწვია, ქმნის იმ საგანგებო სიტუაციას, რომელსაც კონსტიტუცია უშვებს, როგორც „გამონაკლისს“.