ჟურნალმა Der Spiegel-მა (International) გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა. მასში განხილულია გერმანიაში არალეგალური მიგრაციის საკითხები და ომი ახლო აღმოსავლეთში.
შოლცი აცხადებს, რომ გერმანიას მკაცრი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს და განახორციელოს იმ პირთა ფართომასშტაბიანი დეპორტაცია, რომლებსაც არ აქვთ თავშესაფრის უფლება. აქვე მან საქართველო და მოლდოვა ახსენა და თქვა, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეები გერმანიაში თავშესაფარს ვერ მიიღებენ, რადგან ეს ქვეყნები უსაფრთხოდ არის აღიარებული.
„ჩვენი კლასიფიკაციით, საქართველო და მოლდოვა წარმოშობით უსაფრთხო ქვეყნებია. ორივეს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, ამიტომაც მიზანშეწონილი არ არის, ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება. ჩვენ ვაძლიერებთ ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რათა ნაკლები ადამიანი მოხვდეს ევროპაში. ჩვენ ევროკავშირში შევთანხმდით სოლიდარობის ახალ მექანიზმზე: ლტოლვილები უნდა დარეგისტრირდნენ პირველივე ქვეყანაში, რომელშიც შევლენ, გერმანიაში გაშვების ნაცვლად. სანაცვლოდ, ისინი მთელ ევროპაში სამართლიანად გადანაწილდებიან. ვიმედოვნებთ, რომ ამ მექანიზმს ევროპარლამენტი უახლოეს თვეებში დაამტკიცებს“, - განაცხადა შოლცმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიის მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს მთელ რიგ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან ე.წ. „მიგრაციული პარტნიორობის“ შესახებ. მოლაპარაკება გერმანიიდან არალეგალური მიგრანტების სამშობლოში სწრაფად დაბრუნების საკითხსაც ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის აგვისტოში, გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები განიხილება დაჩქარებული წესით, რაც გამოიწვევს თავშესაფარზე უარის მქონე პირთა სწრაფ დეპორტაციას.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის თქმით, საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირის წევრობა სურთ და ამ ქვეყნებში, როგორც წესი, ადამიანებს არ ემუქრებათ პოლიტიკური ნიშნით დევნა. ფეზერის თქმით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა შორის თითქმის ყოველი მეათე საქართველოდან და მოლდოვიდანაა ჩასული, ამ ქვენების უსაფრთხოდ აღიარება კი ხელს შეუწყობს არალეგალური მიგრაციის სწრაფად და ეფექტიანად შემცირებას.