ფინეთ-რუსეთის საზღვარზე თავშესაფრის მსურველთა რიცხვი იზრდება

ფინეთისა და რუსეთის საზღვარი

ოთხშაბათს, ფინეთის საზღვარს მიგრანტების ჯგუფები მიადგა, რომლებიც მესამე ქვეყნიდან რუსეთის გავლით ევროკავშირში ცდილობენ შესვლას. ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ეს ამერიკასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე რუსეთის საპასუხო, სადამსჯელო ნაბიჯია.

ფინეთი ევროკავშირის წევრია, რომელიც ამ წლის დასაწყისში ნატოს წევრიც გახდა. რუსეთსა და ფინეთს 1 340 კმ სიგრძის საზღვარი აკავშირებთ. ჰელსინკის ათწლეულების განმავლობაში მოსკოვთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.

ასევე ნახეთ: თურქეთის პარლამენტი შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს ხუთშაბათს განიხილავს

ფინეთის მთავრობამ სამშაბათს რუსეთი მიგრანტთა პრობლემების გამწვავებაში დაადნაშაულა, რომ ის თავშესაფრის მსურველებს საზღვრის გადაკვეთის წერტილებისკენ ამისამართებს. ჰელსინკიში ამბობენ, რომ თუკი რუსეთის მთავრობა მიმართულებას არ შეიცვლის, შესაძლოა საზღვრის კვეთა შეზღუდონ კიდეც.

"ვერ ვხედავ, როგორ უნდა დასრულდეს საზღვარზე ეს მოძრაობა იმის გარდა, რომ ფინეთმა ძალიან მკაფიო ნაბიჯები გადადგას", - თქვა პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ოთხშაბათს პრეს-კონფერენციაზე.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი, რომელიც როგორც წესი, ევროკავშირის აქტიური ვიზის არმქონე მგზავრებს საზღვარზე აჩერებდა, ახლა მათ ფინეთისკენ უშვებს. ეს კი მისი აზრით, უკავშირდება ვაშინგტონთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე ხელმოწერის გეგმებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი მარია ზახაროვა ამბობს, რომ ეს ბრალდებები "აბსოლუტურად უსაფუძვლოა". კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა კი თქვა, რომ მოსკოვი ძალიან წუხს ფინეთის ლიდერების მიერ არჩეული გზით, რომ მათ აირჩიეს "დაშორდნენ" იმას, რაც აქამდე "კარგი ორმხრივი ურთიერთობები" იყო.

გასულ წელს ფინეთში კანონი მიიღეს, რომელიც გამშვებ პუნქტებს უფლებას აძლევს, არ მიიღონ თავშესაფრის ის მსურველები, რომლებიც იქ შეშვებას სხვა ქვეყნის მიერ ორგანიზებული, მასობრივი იმიგრაციის ფარგლებში ითხოვენ. მართალია ამ ეტაპზე, სასაზღვრო პუნქტში ნაკადი მასშტაბური არაა, მაგრამ ფინეთის საზღვრის მცველი, ლეიტენანტ-პოლკოვნიკი იუკა ლუკარი ამბობს, რომ ყოველდღიურად საზღვრის კვეთის რიცხვი იზრდება. უმეტესობა კი ერაყიდან, იემენიდან, სომალიდან და სირიიდანაა. საზღვარზე ვარაუდობენ, რომ მალე მეტ მიგრანტს უნდა ელოდონ.