ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესტონეთი ბალტიის ზღვაში მილსადენის და კაბელის დაზიანებებს ერთმანეთს უკავშირებს


ორშაბათს შვედეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ესტონეთს სჯერა, ბალტიის ზღვაში შვედეთის და ესტონეთის დამაკავშირებელი სატელეკომუნიკაციო კაბელის და ესტონეთისა და ფინეთის დამაკავშირებელი მილსადენის დაზიანებები ერთმანეთთნ არის დაკავშირებული.

8 ოქტომბერს, ფინეთის და ესტონეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა მილსადენი და სატელეკომუნიკაციო კაბელი დაზიანდა. ფინელ გამომძიებლებს სჯერათ, რომ შესაძლოა ეს დივერსიის შედეგად მოხდა. ჰელსინკი მილსადენის ავარიას, ტალინი კი კაბელის ინციდენტს იძიებს.

გასულ კვირაში შვედეთმა განაცხადა, რომ ამ ორ ხაზთან ერთად, დაახლოებით იმავე დროს, მესამე ხაზი დაზიანდა.

ესტონეთმა განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია რაიმე დასკვნების გაკეთება, მაგრამ დაადგინა, რომ ფინეთ-ესტონეთის დამაკავშირებელი ხაზების დაზიანება ადამიანის ქმედებების შედეგია.

ნატომ თქვა, რომ აძლიერებს ბალტიის ზღვაში პატრულირებას ამ ინციდენტების შემდეგ, რომელმაც მთელი რეგიონის ენერგომომარაგების უსაფრთხოების შესახებ შეშფოთება წარმოშვა.

ესტონეთის მთავრობის ცნობით, ნატომ ზღვაში გამნაღმველი ხომალდი განალაგა და საჰაერო დაზვერვა გააძლიერა.

ფინეთის გამოძიების ეროვნულმა ბიურომ განაცხადა, რომ “Balticonnector” გაზსადენის და ახლომდებარე კაბელის დაზიანების გამოძიება, ამჟამად ყურადღებას ჩინური კონტეინერმზიდი გემის, NewNew Polar Bear-ის როლზე ამახვილებს.

ესტონელი გამომძიებლების ყურადღების ცენტრში ორი გემია, NewNew Polar Bear და რუსული Sevmorput.

2022 წელს, ბალტიის ზღვის ფსკერზე რუსეთის და გერმანიის დამაკავშირებელი „ნორდ სტრიმ“ გაზსადენი დააზიანა აფეთქებებმა, რომელიც განზრახ დივერსიად შეფასდა, თუმცა დღემდე უცნობია ამ თავდასხმის უკან ვინ იდგა.

XS
SM
MD
LG