უკრაინა ევროკავშირისგან, მომავალი წლისთვის, 18 მილიარდ ევრომდე დახმარების მიღებას ელოდება. ომში მყოფმა ქვეყანამ, ევროკავშირისგან, 2023 წლის განმავლობაშიც ამდენივე ფინანსური მხარდაჭერა მიიღო.
კიევმა წლევანდელი დახმარების მეცხრე ტრანში - 1.5 მილიარდი ევრო, ახლახან მიიღო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა "ტელეგრამში" დაწერა: " 2023 წელს, უკრაინისადმი ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარება თითქმის 15 მილიარდი ევროა. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი უკრაინის დასახმარებლად, რომ ის ეკონომიკურად გამძლე და სტაბილური იყოს",- ამბობს პრემიერი.
ასევე ნახეთ: რუსეთი უკრაინაზე საჰაერო იერიშებს აძლიერებს
კიევი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საგარეო ფინანსურ დახმარებაზე, რადგან გასულლ წელს, რუსეთის მიერ წამოწყებული ომის პირობებში, მისი ეკონომიკა სამჯერ შეიკვეცა, მილიონობით მოქალაქემ ქვეყანა დატოვა, დაბომბილია ქალაქები და სოფლები, ლოგისტიკისა და მომარაგების ხაზები განადგურებული ან დაზიანებულია და შეფერხებებს იწვევს. მნიშვნელოვნადაა დაზიანებული ენერგო და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც.
ევროკავშირისგან კიევი, წელს, კიდევ ორ ტრანშს მიიღებს და წლევანდელი დახმარება ამით 18 მილიარდ ევროს მიაღწევს.
უკრაინის მთავრობა ევროკავშირთან დახმარების ახალ, გრძელვადიან პროგრამაზე მუშაობს, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 50 მილიარდ დოლარს მიაღწევს, - ამბობს პრემიერი შმიგალი. მისივე განმარტებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ მომავალ წელს, 18 მილიარდამდე ევროს მიღებას შეძლებს. უკრაინის მთავრობა მომავალი წლის საბიუჯეტო დეფიციტის შევსებას სწორედ საერთაშორისო ფინანსური დახმარების მეშვეობით იმედოვნებს.