ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გმობს დაჯგუფება "ჰამასის" წევრთა მიერ ჩადენილ ძალადობას და ისრაელის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. პალესტინელთა გასამხედროებული დაჯგუფების წარმომადგენლები შაბათს დილით ისრაელში შეიჭრნენ. მოკლულია ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის ამერიკის 14 მოქალაქე.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ "ჰამასს" ამერიკელები ტყვედაც ჰყავს აყვანილი.
"არის ცხოვრებაში წუთები, როცა მსოფლიოში მტკნარი, უპირობო ბოროტება ვრცელდება. ისრაელელმა ხალხმა გასულ უქმეებზე ერთ-ერთი ასეთი მომენტი გამოსცადა", - თქვა ბაიდენმა. "ეს იყო სუფთა ბოროტება".
"ჰამასის" წარმომადგენელთა თავდასხმის შემდეგ ისრაელი ღაზის სექტორს საჰაერო იერიშებით უტევს. "ჰამასი" კი ტყვედ წაყვანილი მოქალაქეების სიკვდილით დასჯით იმუქრება, თუკი ისრაელი მათ წინააღმდეგ გაუფრთხილებელ თავდასხმებს განახორციელებს.
პრეზიდენტი ბაიდენის სატელევიზიო მიმართვას წინ უძღოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სამი სატელეფონო საუბარი. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამერიკის სამხედრო დახმარება ისრაელისთვის უკვე გაგზავნილია.
ასევე ნახეთ: უბედურად დასრულებული სიხარულის დღესასწაული ისრაელშიამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ შეერთებული შტატები სხვა მოკავშირეებთან ერთად ისრაელის მხარდაჭერას გააგრძელებს.
თეთრმა სახლმა ორშაბათს განმარტა, რომ ის ისრაელის სამხედრო დახმარების თხოვნების შესრულებას აპირებს "რაც შეიძლება სწრაფად".
თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს პრეს-სპიკერი ჯონ კირბი ამბობს, რომ ამერიკა არ გეგმავს ადგილზე ამერიკელი სამხედროების გაგზავნას, თუმცა ქვეყანას სხვაგვარად დაუჭერს მხარს. ისრაელმა 300 000-მდე რეზერვისტის მობილიზაცია გამოაცხადა.
ასევე ნახეთ: საიდან იწყება ისრაელისა და პალესტინელების კონფლიქტი?ბაიდენმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა ამერიკელი ებრალების მიმართ და თქვა, რომ მათი რელიგიური თავისუფლება და აღმსარებლობის გამოხატვა მშვვიდობიან გარემოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს. პრეზიდენტმა გასულ თვეში აღნიშნა, რომ ამერიკაში ანტისემიტიზმი რეკორდულ მაჩვენებლებამდე გაიზარდა.
ვაშინგტონში ისრაელის საელჩოში ამბობენ, რომ უქმეებზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლმა 1 000 ადამიანს გადააჭარბა და ეს მათი თქმით, 11 სექტემბრის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებში თანამედროვე ისლამისტურ თავდასხმებს შორის ყველაზე დიდი მსხვერპლის გამომწვევი თავდასხმა იყო.