ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უბედურად დასრულებული სიხარულის დღესასწაული ისრაელში


7 ოქტომბერს, ისრაელის დროით გათენებისას, ქვეყნის სამხრეთში დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლები შეიჭრნენ. იქ მაშინ სუქოთის დღესასწაულს, „სიმხათ თორის“ შაბათს აღნიშნავდნენ. „სიმხათ თორა“ - „თორით გამოწვეული სიხარული” - თორის კითხვის განახლებას უკავშირდება და ერთ-ერთ ყველაზე მხიარულ ებრაულ დღესასწაულად მიიჩნევა.

ქვეყნის სამხრეთში უამრავი ახალგაზრდა სწორედ დღესასწაულის აღსანიშნ ფესტივალზე იყო შეკრებილი. გადარჩენილები იხსენებენ, რომ ჯერ რაკეტების ხმა გაისმა, მალევე კი, უკვე მათ სიახლოვეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის. დაჯგუფების შეიარაღებულმა წევრებმა ფესტივალის მონაწილეები დახოცეს, აიღეს 20-ზე მეტი დასახლება, შეიჭრნენ საცხოვრებელ ბინებში, მოკლეს და ტყვედ გაიტაცეს ასობით ადამიანი.

სამაშველო სამსახურის ცნობით, მხოლოდ ფესტივალის ტერიტორიაზე 260 გვამია ნაპოვნი. ისრაელმა რეზერვისტების მობილიზაცია გამოაცხადა და პალესტინელებით დასახლებულ ღაზის სექტორზე საჰაერო თავდასხმები დაიწყო. დღეს ორივე მხარეს 1200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

ისრაელის სამხრეთში მომხდარი თავდასხმა შოკისმომგვრელი იყო იმ ქართველი ებრაელებისთვისაც, ვინც ისრაელში ათწლეულებია ცხოვრობს, და მათთვისაც, ვინც იქ სამუშაოდ ან დროებით იმყოფება.

იზოლდა კირხელი ისრაელში 1981 წლიდან ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობს, რომ ეს შაბათი უდიდესი დღესასწაული და ზეიმი უნდა ყოფილიყო. ისიც, სხვების მსგავსად, საღამოს საზეიმო ვახშმისთვის და ოჯახის წევრებთან შესახვედრად ემზადებოდა. დილის 6:30-ზე საგანგაშო გამაფრთხილებელი სირენის ხმა გაისმა, რომლითაც მოსახლეობას დაბომბვების შესახებ აფრთხილებდნენ.

„თავი სიზმარში მეგონა, ამის დაჯერებაც არ მინდოდა, ჩავიცვი, დაბლა ჩავედი და იქ მეზობელმა მიამბო, რომ „ჰამასის“ მებრძოლები შემოესივნენ ისრაელს, რომ მათ ხალხის ხოცვა დაიწყეს და ვინც ქუჩაში შეხვდებოდათ ყველას ხოცავდნენ. დავიბენი, შვილებს დავურეკე, ჯერ ყველას ეძინა და ჩემგან გაიგეს, რა ხდებოდა“, - იხსენებს კირხელი. ამბობს, რომ ამის შემდეგ სახლიდან გასვლა აეკრძალათ. ვისაც შეუძლია, სახლიდან მუშაობს. მისი ვაჟებიდან არცერთი ჯერ სამხედრო სამსახურში არ გამოუძახებიათ, თუმცა ამბობს, რომ ეს „წმინდა საქმეა“ და სამხედრო ვალდებულების შესრულებას „ერთი საათითაც არავინ დაიგვიანებს“.

კირხელი ამბობს, რომ ისრაელელებს თავდასხმები არ უკვირთ, თუმცა ეს ებრაელებისთვის გამორჩეულად მძიმე დღე იყო, რომლის მსგავსიც ბევრს არაფერი ახსოვს.

„ეს საშინელება იყო, შემაძრწუნებელი. ვიცით, რომ საჰაერო თავდაცვა მუშაობს და ამის არ გვეშინია, მით უმეტეს თელავივის გარშემო და ჩრდილოეთში. დიახ, ეს ამბავი სამხრეთში მოხდა, მაგრამ ეს ჩვენი შვილები იყვნენ, საზეიმოდ გამზადებული, მოცეკვავე და მოცინარი ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც ამოხოცეს. ადამიანებს სახლებში უცვივდებოდბენ, კარს უმტვრევდნენ და ვინც შემოხვდებოდათ, იქვე ახლიდნენ ტყვიას. 800-მდე ადამიანი დაიღუპა ასე... კიდევ რამდენი ტყვედ წაიყვანეს“, - ამბობს იზოლდა კირხელი ჩვენთან საუბარში.

ეს დღე არასდროს დაავიწყდება დიანა მანაშეროვსაც. ის ქალაქ აშდოტში ცხოვრობს. ამბობს, რომ განგაშის ხმა დღესასწაულის დილას გაუკვირდა, მაგრამ ამის მოლოდინი უცხო მაინც არასდროსაა. უბრალოდ ეგონა, რომ ნახევარი წლის წინანდელის მსგავსი მოვლენები განვითარდებოდა. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. დიანა მრავალსართულიან სახლში ცხოვრობს, სადაც ყველა სართულზე თავშესაფარია. შაბათ დილით განგაშმა რომ გააღვიძა, ადგნენ, გავიდნენ თავშესაფარში. სროლა დროდადრო ახლდებოდა და წყდებოდა. ნახევარი დღის განმავლობაში ისმოდა განგაშის ხმაც. მკაფიოდ ისმოდა რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარის მუშაობაც.

„პირველი ეს დაძაბულობა მახსოვს, რომ ვფიქრობდი შვილებზე, დედაზე, როგორ არიან, ხომ არ შეეშინდათ, როგორ ადგა დედა, როგორ შევიდა თავშესაფარში“, - ყვება დიანა. ის მორწმუნეა, ის შაბათს არც ტელეფონს რთავს და არც ტელევიზორს უყურებს. მეზობლებისგან გაიგო, რომ იმ შაბათს რაღაც „განსხვავებული“ მოხდა.

„მხოლოდ საღამოს ჩავრთეთ ტელევიზორი და მივიღეთ ინფორმაცია იმაზე, თუ რა საშინელება მოხდა. სიტყვებით ვერ აგიხსნით, რამდენად საშინელებაა ეს. ძალიან ბევრი ადამიანია დაღუპული. უმრავლესობა - ახალგაზრდები. ღამე ვერ ვიძინებ, ჩემი აზრი და გონება არის იმ გატაცებულებთან, ვისი ბედიც ჯერ არ ვიცით. მათ შორის არიან ბავშვები, ქალები, მოზარდები... საშინელებაა. ის აზრი არ მაძინებს, რა ბედი ეწიათ, როგორ არიან, რას ჭამენ, აქვთ თუ არა დასაწოლი, როგორ ექცევიან“, - ამბობს დიანა.

დიანა მანაშეროვი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:42 0:00

დიანას მეუღლის შვილი ქალაქ სდეროთში ცხოვრობს. ღაზის სექტორთან ახლოს. ქალაქის მოსახლეობამ მალევე სახლებში ჩაკეტვის ბრძანება მიიღო. კორპუსის ფანჯრებიდან კი ქალაქში შესულ თავდამსხმელებს იღებდნენ და ახლობლებს ამ ვიდეოებს უგზავნიდნენ.

„ჩემი მეუღლის შვილს ჰყავს ქმარი, ბავშვები, ჩაიკეტნენ ბინაში, შემოსასვლელ კართან მძიმე ნივვთები დაალაგეს. დღემდე არ გამოსულან სახლიდან. მაგრამ ახლა უკვე წითელი ზღვის მიმართულებით აპირებენ წასვლას. ქალაქში „ჰამასის“ მებრძოლები ადგილობრივი პოლიციის შენობაში იყვნენ გამაგრებულნი. ვინც იქ იმ დღეს მუშაობდა, ყველა დახოცეს“.

დიანა ყვება, რომ ჯარმა შენობა და მასში გამაგრებული თავდამსხმელები გაანადგურა და მთელ ქალაქზეც კონტროლი დაიბრუნა. ოჯახი ადგილობრივ სამხედრო უწყებას შეატყობინებს, რომ ქალაქის დატოვება სურს, სამხედროები კი კონკრეტულ დროს მათ უსაფრთხო გასვლას უზრუნველყოფენ. დიანა კი კვირას უკვე სამსახურში იყო. თავდაცვის სფეროში მუშაობს და მიიჩნია, რომ ასეთ დროს სამსახურში აუცილებლად უნდა წასულიყო.

დიანა მანაშეროვი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:28 0:00

ეთერ ფიჩხაძე ქალაქ ბათიამში, ქვეყნის ცენტრალაურ ნაწილში, სამხრეთის რეგიონში მომხდარი თავდასხმის ადგილიდან ავტომობილით დაახლოებით 4 საათის სავალზე ცხოვრობს. ისრაელში ამერიკის შეერთებული შტატებიდან უკვე თერთმეტი წელია გადავიდა. ამბობს, რომ პალესტინელთა მხრიდან თავდასხმა და ისრაელის საჰაერო იერიშები უცხო მისთვის უკვე დიდი ხანია, აღარაა. მაგრამ ის, რაც ორი დღის წინ ნახა, დაუჯერებელი „მხეცობა“ და „სულ სხვა სცენარი“ იყო.

„ეს სიხარულის დღესასწაულია, ყველა საზეიმოდ ემზადებოდა... და აი, რა მოხდა“, - ამბობს ეთერი. გვიყვება, რომ ერთი წუთითაც არ უფიქრია, რომ საფრთხე მის სახლამდეც მოაღწევდა. ეთერს იმედი აქვს, რომ „საერთაშორისო საზოგადოება ამ თავდასხმას სათანადოდ შეაფასებს, და ამ სისასტიკის შემოქმედებს სათანადოდ დასჯის“.

ეთერ ფიჩხაძე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:25 0:00

ბათიამში უკვე 4 წელია მუშაობს ბელა პაიკიძე. ისიც ამბობს, რომ ისრაელში ყოფნისას დაუცველობის განცდა არასდროს აქვს, რომ ამ რთულ ვითარებაშიც, იცის, რომ საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ის, რაც ტელევიზიით ნახა და იცის, რომ მისგან მხოლოდ რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებულ ადგილას მოხდა, არასდროს დაავიწყდება. ბელა სამსახურში დადის და ამბობს, რომ მის ირგვლივ ცხოვრებას ჩვეულებრივ აგრძელებენ. თუმცა ირგვლივ შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის მობილიზაცია აშკარაა და ეს მას თავს უფრო დაცულად აგრძნობინებს.

ბელა პაიკიძე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:39 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG