უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ახლა 42 ათასამდე ქალი სამხედრო მსახურობს. ისინი არაერთ სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ, თუმცა ამ დრომდე მათ მამაკაცებისთვის განკუთვნილი სამხედრო ფორმების მორგება სჭირდებოდათ.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან წლინახევრის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, სპეციალურად ქალებისთვის შექმნას სამხედრო ფორმები. 5 აგვისტოს დამტკიცებული გადაწყვეტილებით, სამინისტრომ ქალი პერსონალისთვის საზაფხულო ფორმების შექმნა დაადასტურა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის თქმით, ეს მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკაა. "მსოფლიოში ყველა ქვეყანას, მათ შორის ნატოს წევრ ყველა ქვეყანასაც ქალების უნიფორმა ნამდვილად არ აქვს. მით უმეტეს საველე საბრძოლო ფორმები, რომლებიც საომარ ზონაშია გამოცდილი. უკრაინა კი ერთ-ერთი პირველი იქნება", - ამბობს მალიარი.
ამერიკის შეიარაღებული ძალების ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, შეერთებულ შტატებში სტანდარტული სამხედრო უნიფორმა ქალებისთვის 2020 წელს შეიქმნა.
ასევე ნახეთ: ჰოჯესი: უკრაინული კონტრშეტევის კრიტიკა სრულიად გაუმართლებელიაუკრაინელი ქალი სამხედროების აზრით, ეს მათი როლისა და წვლილის ხაზგასმა და პატივისცემაა. ამბობენ, რომ კაცისთვის შექმნილი სამხედრო ფორმების ტარება მოუხერხებელი და არაკომფორტულია, ისევე, როგორც კაცისთვის იქნებოდა ქალისთვის შექმნილი ფორმის ტარება. ქალ სამხედროებს დიდი ხნის განმავლობაში ამ ტანსაცმლის გადაკეთება სჭირდებოდათ, თუმცა მიუხედავად ამისა, ტანსაცმელს და აღჭურვილობას მაინც მოუხერხებელი ფორმა ჰქონდა, არც შესაკრავი ემთხვეოდა ყოველთვის ზომას და ასე შემდეგ. ქალ ჯარისკაცებს კვლავ აძლევენ მამაკაცის სტანდარტულ საცვლებსაც.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ასევე პირობას დებს, რომ იმუშავებს ქალებზე მორგებული ჩაფხუტების, აღჭურვილობის და ზამთრისა და სხვა სეზონების ფორმების შექმნაზეც.
ქალი ჯარისკაცების რაოდენობა უკრაინაში 2015 წლის შემდეგ გაორმაგდა. ეს სრულმასშტაბიან ომამდე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო მას მერე, რაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთში სამხედრო აგრესია დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფრონტზე 5 500-მდე ქალი იბრძვის. ქალი სამხედროები აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში 2018 წლიდან მონაწილეობენ, თუმცა სამხედრო აღჭურვილობის თუ ტანსაცმლის ადაპტირება შედარებით ყოვნდებოდა. კიევში სამხედრო მოხალისეთა ჯგუფი ქალებისთვის ფორმებსაც კი კერავდა და კამპანიაში ცნობილი ადამიანების ჩართვასაც ცდილობდა. შეიქმნა სამოქმედო ჯგუფი, სადაც არასამთავრობოსთან ერთად, სახელმწიფო უწყებებიც იყვნენ ჩართულნი.