ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოჯესი: უკრაინული კონტრშეტევის კრიტიკა სრულიად გაუმართლებელია


წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობა ამერიკას ეფ-16-ის ტიპის ავიამოიერიშეების გადაცემას თხოვდა. ის, რაზეც ბაიდენის ადმინისტრაცია და ნატოს მოკავშირეები აქამდე უკრაინას უარს ეუბნებოდნენ, უკრაინელი პილოტებისთვის მალე რეალობა იქნება. ამერიკის თანხმობის შემდეგ, დანია, ნორვეგია და ჰოლანდია ეფ-16-ებს კიევს გადასცემენ. თუმცა, სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ პილოტების გაწვრთნას, თავად თვითმფრინავების უკრაინაში ჩატანასა და შემდეგ მათ ბრძოლაში გამოყენებას დიდი დრო, უნარები და თანხა დასჭირდება. რა გამოწვევების წინაშე დადგებიან უკრაინელები ავიამოიერიშეების მიღების შემდეგ და რატომაა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლაში სწორედ ამ ტექნიკის გამოყენება. ამ თემებზე, მარიამ უგრეხელიძე თადარიგის გენერალ ბენ ჰოჯესს ესაუბრა.

გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. უკრაინა ეფ-16-ის ტიპის გამანადგურებლების მისაღებად ემზადება. ზამთარში ჩვენთან ინტერვიუში ამბობდით, რომ დარწმუნებული იყავით, უკრაინა მათ მიიღებდა. თუმცა ზოგიერთი სამხედრო ექსპერტი ამერიკაში ამბობს, რომ ეს ავიაგამანადგურებლები არ იქნება გადამწყვეტი, ერთგვარი “ჯადოსნური ტყვია” უკრაინისთვის. ამბობენ, რომ ეფ-16-ებმა შესაძლოა არ შეცვალოს იმდენი, რამდენის იმედიც უკრაინელებს აქვთ. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტი და საჰაერო ძალები ამტკიცებენ, რომ სწორედ ეფ-16 შეცვლის ვითარებას საომარ ველზე. თქვენ რას ფიქრობთ, რისი შეცვლა შეუძლია და რისი არა ეფ-16-ებს?

კონტრშეტევა არ არის მხოლოდ სახმელეთო შეტევა და ის, რასაც ვხედავთ. ესაა, რაზეც ხალხია ფოკუსირებული, თითქოს კონტრშეტევა მხოლოდ ტანკების და ქვეითების დანაღმულ ველზე სიარულია, არადა ეს მხოლოდ ერთი ელემენტია.

რა თქმა უნდა, “ჯადოსნური ტყვია” არ არსებობს. არ არსებობს ერთი კონკრეტული რამ, რაც ყველაფერს შეცვლის, ეს კომპლექსური საკითხია. ვფიქრობ, როდესაც ეფ-16-ზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი კონტექსტში ჩავსვათ. ამ დროს განვიხილავთ როგორც თავად ხომალდს, ისე - პილოტს, მხარდაჭერას და ასევე იმას, როგორ მუშაობს თვითმფრინავი. ეს არაა "ლუფტანზას", ან "დელტა ეარლაინსის" ფრენა. [პილოტი] ამ დროს ძალიან საშიშ გარემოში მიფრინავს, ხდება სამიზნის მოძებნა, რუსები ეცდებიან, რომ ის ჩამოაგდონ, და ზოგადად, მთელ სისტემაზე ვსაუბრობთ, რომელსაც ეს მოიცავს.

ასე რომ უკრაინელებს რამდენიმე თვე დასჭირდებათ, რომ შეძლონ [ეფ-16-ებით] მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღწევა. მათ [უნდა ისწავლონ] არა მარტო როგორ იფრინონ ამ თვითმფრინავებით, არამედ ბრძოლაში როგორ გამოიყენონ.

რა თქმა უნდა, რუსები ეცდებიან, რომ ისინი ჩამოაგდონ და რა თქმა უნდა, რამდენიმე თვე დასჭირდება რეალური ეფექტის დანახვას, მაგრამ ყველაზე დიდი საშინელება ისაა, რომ წელიწად-ნახევარი დავკარგეთ. ეს [ეფ-16-ების გადაცემა] დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო.

ეს იმის შედეგია, რომ [ბაიდენის] ადმინისტრაცია პატარა ნაბიჯებით და ძალიან ნელა იღებს ამ გადაწყვეტილებებს. მათ თავდაჯერება აკლიათ იმაში, თუ რის მიღწევას ვცდილობთ. არ გამიგია ადმინისტრაციას ეთქვას "გვინდა უკრაინამ გაიმარჯვოს". ამის გამო კი შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ და ამბობენ, რომ [იარაღის მიწოდებას] დიდი დრო დასჭირდება, ან საკმარისი [მარაგი] არ აქვთ და ა.შ. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მხოლოდ თავის მართლებაა.

თუ არ მეშლება, აქამდე ეფ-16 რუსეთის საჰაერო თავდაცვას საომარ პირობებში არ დაპირისპირებია. ყოველ შემთხვევაში, ეს ნამდვილად იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინელები მას გამოიყენებენ. ზოგიერთი სამხედრო ექსპერტი ამბობს, რომ ეს ძალიან საფრთხილოა, ვინაიდან უკრაინელებს მართალია, გაწვრთნიან, მაგრამ საუბარია საბაზისო წვრთნებზე, რაც, როგორც თქვენ თქვით, განსხვავდება ომში ბრძოლის უნარებისგან. Რას ფიქრობთ ამ რისკებზე?

უკრაინელებმა ბევრჯერ გამაკვირვეს არა მარტო იმით, რამდენად სწრაფად სწავლობენ, არამედ თავიანთი ტექნიკური შესაძლებლობებითაც და განსაკუთრებით იმით, რამდენად ჭკვიანურ ტაქტიკას იყენებენ კონკრეტულ სიტუაციებში. რამდენად სწორად გეგმავენ იმას, რომ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში მოიპოვონ უპირატესობა და აიცილონ მტრის ძლიერი მხარეები. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ისინი მოახერხებენ ამ სიტუაციაში გზის უსაფრთხოდ გაკვლევას.

[უკრაინელები] პირდაპირ არ შეიჭრებიან რუსულ საჰაერო სივრცეში. ვგულისხმობ იმას, რომ ისინი აირჩევენ ადგილებს, სადაც მტრის საჰაერო თავდაცვის ჩახშობას შეძლებენ. შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ ჩვენც იმავეს გავაკეთებდით. ვიდრე ფრენას დაიწყებ, მტრის საჰაერო დაცვა უნდა გააუვნებელყო. ამას კი მათი საჰაერო დაცვის რადარების და სისტემების წინააღმდეგ ბრძოლით აკეთებ.

ვფიქრობ, რომ ვიხილავთ სათანადო საჰაერო ძალისხმევას, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის ჩახშობას და ასევე სხვადასხვა სამიზნეზე დარტყმას. ამავდროულად, ბევრი სხვა რამ მოხდება და ვფიქრობ, რომ უკრაინელები საქმეს თავს საკმაოდ კარგად გაართმევენ . გამოცდილებასთან ერთად, სულ უფრო წარმატებულნი იქნებიან.

ხშირად გვესმის ისიც, რომ ამ გამანადგურებლების ფრენაც კი ძალიან ძვირია, რომ მათი მოვლა, უზრუნველყოფა რთულია. ბევრი სხვადასხვა აზრია ამის შესახებ. ვიცი, რომ თქვენ ემხრობით უკრაინელების მიერ ეფ-16-ების გამოყენებას, მაგრამ მაინტერესებს, რა მთავარ გამოწვევებს ხედავთ ამ პროცესში?

მგონია, რომ “ვაგნერის” მებრძოლების რომელიმე ფრონტზე გამოჩენა ნაკლებ სავარაუდოა.  

სწორი აღქმა უნდა ჰქონდეთ იმის, რომ სრულად შეძლონ [ეფ-16-ის] უპირატესობების გამოყენება. უნდა შეძლონ მათი სწორად მოვლაც. რა თქმა უნდა, პილოტების სიცოცხლე ამ ყველაფერს შეეწირება, მსხვერპლი აუცილებლად იქნება. ასე რომ საჭიროა, რაც შეიძლება მეტი პილოტის გაწვრთნა.

თვითმფრინავების ცაში შესანარჩუნებლად კი, მათი ტექნიკური მომსახურებაა საჭირო. ასევე აუცილებელია,სახმელეთო მხარდაჭერა საბრძოლო მასალის, საწვავის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი აუცილებელია.

რა თქმა უნდა, რუსები ეცდებიან თავს დაესხან იმ ბაზებს, სადაც [ეფ-16] იქნება განლაგებული. მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები საკმარისად ჭკვიანები არიან იმისთვის, რომ მიხვდნენ, როგორ დაიცვან საჰაერო ხომალდები სარაკეტო თავდასხმებისგან.

სანამ უკრაინა ეფ-16-ების მისაღებად ემზადება, კონტრშეტევა გრძელდება. ბევრი შეფასების მიხედვით, მისი პროგრესი საკმაოდ ნელია და უკრაინელებმა არც ისე დიდი ტერიტორია დაიბრუნეს. როგორ შეაფასებდით კონტშეტევას აქამდე და რა მდგომარეობაა ახლა ფრონტზე?

პირველ ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ ვენდობი გენერალ ზალუჟნის და მის შტაბს. მათ იციან, რას აკეთებენ. ვფიქრობ, რომ ძალიან უსარგებლო და გაუმართლებელი იყო, რომ პენტაგონში ხალხი [უკრაინიდან] თითქმის 13 ათასი კმ-ის დაშორებით აკრიტიკებდნენ უკრაინის ძალისხმევას. ესაა, რაც უპირველესად უნდა ითქვას.

მეორეც, კონტრშეტევა არ არის მხოლოდ სახმელეთო შეტევა და ის, რასაც ვხედავთ. ესაა, რაზეც ხალხია ფოკუსირებული, თითქოს კონტრშეტევა მხოლოდ ტანკების და ქვეითების დანაღმულ ველზე სიარულია, არადა ეს მხოლოდ ერთი ელემენტია. უკრაინელები აკეთებენ იმას, რასაც ჩვენ სრული სპექტრის ოპერაციებს ვუწოდებთ. ეს მოიცავს შორ მანძილზე დრონით შეტევას მოსკოვზე, შორ მანძილზე დარტყმებს ყირიმში არსებულ სამიზნეებზე, შორ მანძილზე დარტყმებს მოსკოვში საწვავის საწყობებზე და ა.შ.დრონები, საზღვაო დრონები რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უკრაინის სანაპიროსგან შორს აკავებენ.

ვფიქრობ, უკრაინელებმა საკმაოდ ბევრი რამ შეძლეს. ჩვენ არასდროს გავაგზავნიდით ამერიკელ, გერმანელ, ბრიტანელ ან ქართველ ჯარისკაცს მსგავს შეტევაზე მანამდე , სანამ სრულ საჰაერო უპირატესობას არ მივაღწევდით. უკრაინელები კი ამას ნული საჰაერო მხარდაჭერის პირობებში აკეთებენ. ამიტომაც კრიტიკა სრულიად გაუმართლებელია.

უკრაინელებს გარკვეული ცვლილებებიც შეაქვთ და თან ორი თვე არაა დიდი დრო. სამწუხაროდ, უკრაინელები კვლავ დაიტანჯებიან და მსხვერპლს გაიღებენ, რადგან ჩვენ, დასავლეთმა არ მივაწოდეთ მათ ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ. კონკრეტულად კი შორ მანძილზე ზუსტად მოქმედ (ზუსტი დამიზნების) იარაღს ვგულისხმობ. ძალიან ნელა, იმდენად ნელა ვაწვდიდით მათ იმას, რაც სჭირდებოდათ, რომ ისინი გაცოფებულები უნდა იყვნენ ამის გამო.

რადგან უკრაინასა და რუსეთზე ვსაუბრობთ, ევგენი პრიგოჟინზეც მინდა გკითხოთ. ის ცოცხალი აღარაა, მისი დაჯგუფების ბედი კი ჯერ გაურკვეველია. იმის გათვალისწინებით, რომ პუტინი „ვაგნერის“ დაჯგუფებას უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებდა, როგორც ფიქრობთ, რა გავლენა ექნება, ან ექნება თუ არა საერთოდ გავლენა პრიგოჟინის სიკვდილს უკრაინაში ომზე?

ამაზე რამდენიმე რამ შეიძლება ითქვას. პირველ ყოვლისა, ბახმუტში ყოფნისას, პრიგოჟინის მხრიდან ჩივილი, უხეში ტერმინებით საუბარი შოიგუსა და გერასიმოვის მიმართ, სამხედრო გადატრიალების მცდელობა და ახლა როგორც ჩანს, მისი სიკვდილი - ეს ყველაფერი უბრალოდ ბიზნესია. სამხედრო გადატრიალება იყო პრიგოჟინის მცდელობა არ მიეცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის საშუალება კონტროლი აეღო მის კომპანიაზე. ასე რომ, ეს ბიზნესი იყო და არა სამხედრო გადატრიალება.

მისი მკვლელობა არის ყველა კერძო სამხედრო კომპანიის კონსოლიდაციის მცდელობის ნაწილი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს კონტროლის ქვეშ მოექცევა. ის ასევე ცხადყოფს, თუ რამდენად სძულთ ამ ადამიანებს ერთმანეთი. ვგულისხმობ, რომ რუსეთის გენერალური შტაბის, ან უმაღლესი სამეთაურო დანაყოფის შიგნით ერთმანეთისადმი ნდობა არ არსებობს .

საუკეთესო გენერალი, რომელიც მათ ჰყავდათ, სუროვიკინი, ციხეშია. [ოფიციალური ცნობები გენერალ სუროვიკინის ადგილმდებაროების შესახებ ცნობილი არაა]. პრიგოჟინი ერთადერთია, რომელმაც ვერაფერი მოიგო, ის როგორც ჩანს, მკვდარია. შოიგუ და გერასიმოვი კი, 10 წლისა და რუსული ჯარების მიერ საშინლად შესრულებული დავალებების შემდეგ, კვლავ თავიანთ მოვალეობას ასრულებენ. ეს აჩვენებს, რომ პუტინი ერთგულებას უფრო აფასებს, ვიდრე - კომპეტენციას. ეს კი უკრაინული მხარისთვის ძალიან კარგია.

თუმცა „ვაგნერი“ მხოლოდ უკრაინაში არაა. მისი მებრძოლები აფრიკაშიც არიან და ახლა უკვე ბელარუსშიც, რაც სულ უფრო მეტად აშფოთებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. იმის გათვალისწინებით, რომ პრიგოჟინი ცოცხალი აღარაა, როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯებს გადადგამს პუტინი “ვაგნერის” საქმიანობასთან დაკავშირებით აფრიკასა და ბელარუსში?

სამწუხაროდ, უკრაინელები კვლავ დაიტანჯებიან და მსხვერპლს გაიღებენ, რადგან ჩვენ, დასავლეთმა არ მივაწოდეთ მათ ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ.

რა თქმა უნდა, “ვაგნერმა” აფრიკაში წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის შემოსავალი დააგროვა. ძალიან დიდ თანხაზეა საუბარი. მაშინ კი, როდესაც პრიგოჟინი თავის თანაგუნდელებთან ერთად, მკვდარია , შემოსავლის ეს წყაროები კვლაც რჩება [აფრიკაში] და მათი განკარგვის სურვილიც არავის განელებია. ასე რომ, ისინი [რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები] მოიფიქრებენ გზას, ამის გასაგრძელებლად როგორც აფრიკაში, ისე - სხვაგან.

რაც შეეხება “ვაგნერის” მებრძოლებს ბელარუსში, ვფიქრობ, პოლონეთი და ლიეტუვა მართლები არიან, როდესაც ნერვიულობენ და ყურადღებას აქცევენ ამ მდგომარეობას. მაგრამ [“ვაგნერელები”] არაფერს გააკეთებენ. მაქსიმუმი, რაც მათ შეიძლება სცადონ, იქნება საზღვარზე ზეწოლის შექმნის მცდელობა, როგორც მათ ეს 2 წლის წინ გააკეთეს, უიღბლო მიგრანტების საზღვარზე გადაყვანითა და ევროკავშირის შიგნით დაძაბულობის შექმნით.

თუმცა, ამავდროულად, ლუკაშენკო ახლა ძალიან სუსტად გამოიყურება. ის ჩართული იყო [პუტინსა და პრიგოჟინს შორის] მოლაპარაკებაში და ნათელია, რომ მან პრიგოჟინის დაცვა ვერ შეძლო. სხვადასხვა ცნობის მიხედვით კი “ვაგნერელები” ბელარუსს ტოვებენ.

რა თქმა უნდა, ზუსტად არაფერი ვიცით, რადგან იქ არ არიან ისეთი ჟურნალისტები, რომლებიც მიმდინარე ამბებზე ინფორმაციას სწორად გააშუქებენ, ამიტომ მხოლოდ შემიძლია ვივარაუდო, მაგრამ მგონია, რომ “ვაგნერის” მებრძოლების რომელიმე ფრონტზე გამოჩენა ნაკლებ სავარაუდოა.

XS
SM
MD
LG