ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, რომელიც ამჟამად, თურქეთის შემადგენლობაშია, ჭოროხის წყალმა მთლიანად დაფარა კავკასიძეების ულამაზესი ციხე და ეკლესია, შუა საუკუნეების, გამორჩეული ქართული არქიტექტურული ძეგლი.
ის, რომ ართვინის პრივინციაში, იუსუფელის კაშხლის მშენებლობა და წყალსაცავისთვის ჭოროხის და პარხალის წყლის დაგუბება, ტაოში ქართული კულტურის უნიკალურ ძეგლებს საფრთხეს შეუქმნიდა, 2013 წლიდან იყო ცნობილი, როცა თურქეთმა მორიგი გიგანტური ჰესის მშენებლობა დაიწყო.
ფრესკებზე, ჩემი აზრით, მოლაპარაკება შეიძლებოდა და ჩვენმა ხელისუფლებამ ეს რომ არ გააკეთა, ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყოსანდრო ბაკურაძე, თურქოლოგი
ბოლო 10 წლის მანძილზე, საქართველოს ხელისუფლებაში არავის გამოუხატავს ინტერესი, რომ თურქეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ეცადა, რომ ჩასაძირად განწირული ციხე-ეკლესიებიდან, მინიმუმ, მხატვრობის მოხსნა და გადარჩენა მაინც მომხდარიყო.
„ვფიქრობ, მოლაპარაკება იმაზე, რომ ფრესკების და ძველი ქართული წარწერების მოხსნის და გადმოტანის უფლება მოეცათ, შესაძლებელი იყო, ამაზე უარს თურქები არ გვეტყოდნენ“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ თურქოლოგმა სანდრო ბაკურაძემ.
Your browser doesn’t support HTML5
მისი თქმით, „სხვა თემაა, რომ ზოგადად, თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისადმი ისეთია, რომ სადაც, იგივე ჰასან ქეიფი დატბორეს, მრავალ ათასწლოვანი წარსულის მიუხედავად, არც ისტორიული, ქართული კულტურული მემკვიდრეობის დატბორვასთან დაკავშირებით, შეცვლიდა მათ აზრს რაიმე სახის მოლაპარაკება. თუმცა, ფრესკებზე, მოლაპარაკება შეიძლებოდა და ჩვენმა ხელისუფლებამ ეს რომ არ გააკეთა, ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო“ - მიაჩნია ბაკურაძეს.
მძლავრი საერთაშორისო და საშინაო კრიტიკის შემდეგ, თურქეთში, სამხრეთ ანატოლიაში, მდინარე ტიგროსზე, 2006-2018 წლებში, ილისუს კაშხლის მშენებლობის დროს, თურქეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, დატბორვისთვის განწირულ უძველეს ქალაქ ჰასან ქეიფში უნიკალური ძეგლებისთვის ადგილი შეეცვალა.
Your browser doesn’t support HTML5
2018 წელს, თურქეთის მთავრობას 37 მილიონი ლირა დაუჯდა 1600 ტონიანი, 800 წლის არტუკლუს აბანოს გადაადგილება. ასევე უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს, აუბიდების დინასტიის მმართველობის დროს, მე-13 საუკუნეში, აშენებული კოჩის მეჩეთი და სხვა სიძველეები, თუმცა ტიგროსის დაგუბებამ ჰასან ქეიფში უამრავი უნიკალური ძეგლი და არტეფაქტი მაინც გაანადგურა.
„ხუთპწკრიანი ასომთავრული წარწერაა. უკანასკნელი პწკრის ერთი სიტყვაღა დარჩენილა. წარწერა ხელითაა გადმოღებული. იგი ასე იკითხება: `სახელითა ღმრთისაჲთა მამისა, ძისა და სულისა წმიდისაჲათ, მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისათა მე, მურვან კავკასიძემან, აღვაშენე ეკლესიაი ესე მე(ო)რედ განსრულებით, სალოცველად სულისა...“ექვთიმე თაყაიშვილი, 1917 წელს, კავკასიძეების ციხეზე აღმოჩენილ წარწერაზე
ტაოში, იუსუფელის კაშხლის წყალსაცავის დაგუბების გამო, საქართველოს მხრიდან სრული სიჩუმის ფონზე, ჭალის და ახალთას ბაზილიკური ეკლესიები 2023 წლის აპრილში აღმოჩნდა წყლის ქვეშ. კავკასიძეების ციხე კი მთლიანად აგვისტოში, დაახლოებით, ერთი კვირის წინ ჩაიძირა.
ამის მიზეზი ის იყო, რომ მეათე საუკუნის ციხე-კომპლექსი, ჭოროხის მარცხენა ნაპირზე იმდენად მიუდგომელ კლდეზე იყო აშენებული, რომ მასზე ასვლა ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე ჭირდა.
1874 წელს, ამ მიზეზით ვერ ავიდა კავკასიძეების ციხეზე ცნობილი მეცნიერი დიმიტრი ბაქრაძე. იგივე განმეორდა, 1917 წელსაც, სამხრეთ საქართველოში რიგით მესამე არქეოლოგიური ექსპედიციის დროს, ექსპედიციის ხელმძღვანელმა ექვთიმე თაყაიშვილმა და მხატვარმა დიმიტრი შევარდნაძემ ციხეზე ასვლა ვერ შეძლეს.
ამ ექსპედიციაში, ასევე შედიოდნენ მხატვრები ილია ზდანევიჩი და ლადო გუდიაშვილი, კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, გზამკვლევი ალექსანდრე ციციშვილი და ინჟინერი ანატოლო კალგინი. ექვთივე თაყაიშვილის ცნობით, ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა ციხეზე ასვლა მაინც მოახერხა და იქედან ეკლესიის წარწერების ასლი ჩამოიტანა.
„ხუთპწკრიანი ასომთავრული წარწერაა. უკანასკნელი პწკრის ერთი სიტყვაღა დარჩენილა. წარწერა ხელითაა გადმოღებული. იგი ასე იკითხება:
`სახელითა ღმრთისაჲთა მამისა, ძისა და სულისა წმიდისაჲათ, მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისათა მე, მურვან კავკასიძემან, აღვაშენე ეკლესიაი ესე მე(ო)რედ განსრულებით, სალოცველად სულისა...“ - წერს ექვთიმე თაყაიშვილი.
დიდი ექვთიმე ვარაუდობს, რომ მურვან კავკასიძე კავკასიძეების ციხის მეორედ აღმშენებელი უნდა იყოს, „არა უადრეს მე-15 საუკუნისა“ ცხოვრობდა და ზუბა კავკასიძესთან და მის მეუღლე თინათინთან ერთად მოხსენიებულია ურბნისის სახარების მინაწერში.
ზოგადად, კავკასიძეების შესახებ მწირი ისტორიული ცნობებია. გადმოცემის მიხედვით, ისინი, ტაოში მცხოვრებ ფეოდალურ სახლს ეკუთნოდნენ, პარხლის და სავარაუდოდ, ოთხთა ეკლესიის მფლობელები უნდა ყოფილიყვნენ. ვინაიდან, ციხის ქვევით იერუსალიმისკენ მიმავალი გზა გადიოდა - იერუსალიმის „გზის მცველებად“ მოიხსენიებდნენ.
ვინმე პეტრიკ კავკასიძე გურიაში, შემოქმედის ეკლესიის მე-11 საუკუნის წარწერაში, საქართველოს მეფე, ბაგრატ IV-ის პირველ მეუღლე ელენესთან ერთად არის მოხსენიებული. 1535 წელს, როცა იმერეთის მეფემ, ბაგრატ III-მ, სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი დაიბრუნა და ოსმალოების მიერ, წინა საუკუნეში გაუქმებული ერისთავის ინსტიტუტი აღადგინა, ტაოს მმართველად კავკასიძეების გვარის წარმომადგენელი, გიორგი დანიშნა.
კავკასიძეების ეკუთნოდათ და სწორედ ჭოროხთან, ამჟამად წყალში ჩაძირული ციხის ეკლესიაში ინახებოდა მეათე საუკუნეში გადაწერილი, ნუსხურით შესრულებული პარხლის ოთხთავი, რომელიც ოსმალებმა გაანადგურეს. ასევე, იმავე პერიოდის ხელნაწერი - კლარჯული მრავალთავი. ამ მრავალთავში მოგვიანებით დამატებულია მე-16 საუკუნეში მოღვაწე, შუენიერ კავკასიძის მავედრებელი. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ციხეს, რომელსაც ახლა კავკასიძეების სახელით ვიცნობთ, შესაძლოა სხვა სახელი ჰქონოდა.
შეიძლებოდა მხატვრობის მოხსნა და გადმოტანა, თუ ციხის არა, ეკლესიის მთლიანად დაშლა და აქ აწყობა, იქ აღარ იყო შემორჩენილი რელიეფი, წარწერა, მაგრამ შეიძლებოდა კარნიზის ან მოპირკეთების ქვების ჩვენ მუზეუმში გადმოტანა.. მაგრამ ეს ყველაფერი არ გაკეთდა“ბუბა კუდავა, ისტორიკოსი
დამოუკიდებლობის პერიოდში, 2005 წელს, პირველი კავკასიძეების ციხეზე ისტორიკოსი ბუბა კუდავა ავიდა. მან 2003 წელს დააფუძნა სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრი და 2012 წლამდე, ტაო-კლარჯეთში მრავალი სამეცნიერო ექსპედიციების მონაწილე და ხელმძღვანელი იყო.
კუდავამ ციხის ჩაძირვამდე, რამდენიმე მეცნიერთან ერთად, ცნობილი ალპინისტის ბიძინა გუჯაბიძის დახმარებით, მოახერხა ძეგლზე კიდევ ერთხელ ასვლა და კომპლექსური კვლევა. ბოლოს კი შეცურა ჭოროხში და უკვე წყალში ჩაძირული კავკასიძეების ციხე ვიდეოკადრებით შემოგვინახა.
„რა თქმა უნდა, საქართველოს და თურქეთის სახელმწიფოების პასუხისმგებლობაა, რომ ეს ეკლესიები და ციხე წყალში ჩაიძირა. ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა, მაგალითად მხატვრობის მოხსნა და გადმოტანა, თუ ციხის არა, ეკლესიის მთლიანად დაშლა და აქ აწყობა, იქ აღარ იყო შემორჩენილი რელიეფი, წარწერა, მაგრამ შეიძლებოდა კარნიზის ან მოპირკეთების ქვების მუზეუმში გადატანა.
რა თქმა უნდა, არა თუ შეიძლებოდა, აუცილებელიც იყო იქ სამეცნიერო ექსპედიციის გაგზავნა, ციხის და ეკლესიის დეტალური კვლევა და სამეცნიერო დონეზე პიქსაცია, მაგრამ ეს ყველაფერი არ გაკეთდა“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ბუბა კუდავამ.
Your browser doesn’t support HTML5
მისი თქმით, „ძალიან ბევრი წელია, არის მცდელობა რომ თურქეთსა და საქართველოს შორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხში იყოს თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა შეეხოს თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ძეგლებს და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ოსმალური პერიოდის ძეგლებს, მაგრამ გაურკვეველი მიზეზებით ეს ვერ ხერხდება.
გახსოვთ, ალბათ, იყო მცდელობა, ნაცვალგების პრინციპით მომხდარიყო, ორივე ქვეყანაში ძეგლების რესტავრაცია-კონსერვაცია და ამას მოჰყვა გაუგონარი კამპანია. მე მივდივარ ერთადერთ აზრამდე, რომ არიან სერიოზული ძალები, რომლებსაც ეს ხელს არ აძლევთ და ეს ძალები, ჩვენდამი არაკეთილგანწყობილი სახელმწიფოს მხრიდან იმართებიან.
არიან სერიოზული ძალები, რომლებსაც საქართველოსა და თურქეთს შორის ამ სფეროში თანამშრომლობა ხელს არ აძლევთ, ეს არის ის ხალხი რომლებიც, როცა ამბობ, რომ "რუსეთი ოკუპანტია", ეგრევე ყელში გეცემიან და ყვირიან რომ „რა თურქეთი ოკუპანტი არ არის?“ ამ კარგად დაგეგმილი პროპაგანდის მიზანია, რომ თურქეთთან ჩვენი რთული წარსულის და სარწმუნოებრივი განსხვავების მანიპულაციით, რუსეთი უფრო მისაღებ ქვეყნად წარმოჩინდეს. სამწუხაროდ, ამ ძალებს სერიოზული გავლენა აქვთ დღეს სახელმწიფოშიბუბა კუდავა
ეს არის ის ხალხი რომლებიც, როცა ამბობ, რომ "რუსეთი ოკუპანტია", ეგრევე ყელში გეცემიან და ყვირიან რომ „რა თურქეთი ოკუპანტი არ არის?“ ამ კარგად დაგეგმილი პროპაგანდის მიზანია, რომ თურქეთთან ჩვენი რთული წარსულის და სარწმუნოებრივი განსხვავების მანიპულაციით, რუსეთი უფრო მისაღებ ქვეყნად წარმოჩინდეს.
სამწუხაროდ, ამ ძალებს სერიოზული გავლენა აქვთ დღეს სახელმწიფოში, მათ კატეგორიულად არ სურთ თურქეთსა და საქართველოს შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხში თანამშრომლობა შედგეს და ამიტომაც, არც კი შეიმჩნიეს, ჩვენი ისტორიული ძეგლების ჩაძირვა“ - გვეუბნება ბუბა კუდავა.
თურქეთს ჭოროხზე, რომელსაც ტრანსასაზღვრო მდინარის სტატუსი აქვს, ჰესების კასკადის მშენებლობა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში სურდა, „ჭოროხის ხეობის“ პროექტზე მუშაობა თურქეთში, გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო, თუმცა მაშინ საბჭოთა კავშირიდან თანხმობა ვერ მიიღო.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თურქეთმა ჭოროხზე პირველი დიდი - დერინერის კაშხლის დაპროექტება, 1994 წელს რუსეთთან თანამშრომლობით დაიწყო, მშენებლობაზე თანხმობა კი თურქეთს 1998 წელს, პრეზიდენტ შევარდნაძის მთავრობამ მისცა.
1998 წლის 20 აპრილს, ტრაპიზონში, დერინერის ჰესის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე, თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან სულეიმან დემირელთან და ჰეიდარ ალიევთან შეხვედრის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ კერძოდ ბრძანა:
„მეგობრებთან რა გვაქვს დასამალი და ვიტყვი, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი ერთგვარი სიფრთხილით მოეკიდა ჭოროხზე კაშხლის მშენებლობას. ამაში გასაკვირი არაფერია - ჩვენ მოგვყვება სიფრთხილე იმ დროიდან, როცა ადამიანთა ვიწრო ჯგუფს შეეძლო დახურულ კარს მიღმა დაეგეგმა გრანდიოზული პროექტები და ამას ზოგჯერ ეწირებოდა ქალაქების და სოფლების, ბუნებრივი და ისტორიული სიმდიდრეების ბედი, მაგრამ, დღეს, ის დღეა, როდესაც წაგებული არავინ არ უნდა დარჩეს...“