ზურაბიშვილი: თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ სად არის საერთო საფრთხე

შოვში სტიქიური უბედურების შედეგად და 2008 წლის ომში დაღუპულთა პანაშვიდს დაესწრო სვეტიცხოველში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ამის შემდეგ, ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად.

ზურაბიშვილმა მედიასთან ილაპარაკა საქართველოს მტრებისა და სტიქიის შესახებ.

„ჩვენ გვებრძვის მტერი, ხან ომით და ხან რბილი ძალით, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან ჩანს და რომელსაც სჭირდება ჩვენი ერთიანობა. ასევე, განრისხებული ბუნებაც გვებრძვის და მის წინაშეც გვჭირდება გაერთიანება. ისეთი განცხადებები ისმის - სოციალურ ქსელში დაწერილი, თუ წამოძახილი, რაც ჩემთვის მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მიუღებელია ქართველისთვის და საქართველოსთვის. ჩვენ თუ გვინდა დამოუკიდებლობა, რისთვისაც იბრძოდნენ ის ადამიანები, რომლებიც აქ განისვენებენ, თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს“, - თქვა პრეზიდენტმა.

ასევე ნახეთ: ტრაგედია შოვში: მაშველებმა მე-18 ცხედარი იპოვეს, კიდევ 17 ადამიანს ეძებენ

7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.

7 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 18 ადამიანის ცხედარი. მათგანი 14 უკვე ამოიცნეს.

შსს-ის ცნობით, მაშველები აგრძელებენ დაკარგულად მიჩნეული კიდევ 16 ადამიანის ძებნას.

ასევე დღეს, 7 აგვისტოს, 15 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის საქართველოში შეჭრიდან და რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან.