ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ჰენრი კისინჯერს უთხრა, რომ მისი მსგავსი "ძველი მეგობრების" დავიწყება შეუძლებელია.
"კიდევ ერთხელ, ჩინეთი და ამერიკა არიან გზაჯვარედინზე. ორივე მხარემ უნდა აირჩიოს, საით წავლენ ისინი ამის შემდეგ", - უთხრა სი ძინპინმა ამერიკის ყოფილ ოირველ დიპლომატს.
კისინჯერმა ვაშინგტონსა და პეკინს შორის 1970-იან წლებში ურთიერთობების ნორმალიზებაში უმთავრესი როლი შეასრულა. ის ამ დროს სახელმწიფო მდივნის და ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის პოზიციებს იკავებდა, მუშაობდა პრეზიდენტების რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციაში.
სი ძინპინმა აღნიშნა, რომ კისინჯერი, რომელმაც სულ ახლახან 100 წლის იუბილე აღნიშნა, ჩინეთში 100-ზე მეტჯერაა ნამყოფი და მის ამ ვიზიტს "განსაკუთრებული მნიშვნელობა" აქვს.
ასევე ნახეთ: ნატო ჩინეთს აკრიტიკებს, პეკინი მკაცრი საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება"ჩინელი ხალხი არასდროს ივიწყებს თავის ძველ მეგობრებს, სინო-ამერიკული ურთიერობები ყოველთვის დაკავშირებული იქნება ჰენრი კისინჯერის სახელთან", - თქვა პრეზიდენტმა რეზიდენციაში, რომელიც ხშირად უცხოელი მაღალი რანგის ოფიციალური პირების მისაღებად გამოიყენება. კისინჯერმა მას ამისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მას სწორედ იმ შენობაში უმასპინძლეს, სადაც ის ჩინეთში თავისი პირველი ვიზიტისას იმყოფებოდა.
"ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მსოფლიო მშვიდობასა და კაცობრიობის პროგრესთან დაკავშირებული საკითხია", - წერს ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო კისინჯერის ციტირებისას. "ახლანდელი გარემოებების შესაბამისად, აუცილებელია, რომ შევინარჩუნოთ ის პრინციპები, რომლებიც შანხაის კომუნიკეშია განსაზღვრული, დავაფასოთ ჩინეთისთვის "ერთი ჩინეთის" პრინციპის მნიშვნელობა და ურთიერთობა დადებითი მიმართულებით წარვმართოთ", - თქვა კისინჯერმა შეხვედრისას.
ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პეკინი "მზადაა განიხილოს ამერიკულ მხარესთან ის, თუ როგორ შეიძლება ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების სტაბილური პროგრესის წახალისება", - განაცხადა სი ძინპინმა.
კისინჯერის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ პერიოდში მიმდინარეობს.