ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო ჩინეთს აკრიტიკებს, პეკინი მკაცრი საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება


ვილნიუსში ნატოს სამიტის პირველი დღის ბოლოს უკვე გამოქვეყნდა კომუნიკე, სადაც ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად ჩინეთის შესახებაც არის ყურადღება გამახვილებული. კომუნიკეში ნათქვამია, რომ ჩინეთი გამოწვევას უქმნის დასავლური სამხედრო ბლოკის ინტერესებს, უსაფრთხოებას და ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ჩინეთის წინააღმდეგობა განპირობებულია „ამბიციებით“ და პეკინი „იძულების პოლიტიკას“ იყენებს.

„ჩინეთი იყენებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ინსტრუმენტების ფართო სპექტრს, რათა გაზარდოს თავისი გლობალური კვალი და ძალა. ამავე დროს რჩება გაუმჭვირვალე მისი სტრატეგიის, განზრახვებისა და სამხედრო ფორმირების შესახებ“, - წერია კომუნიკეში.

ნატოს ლიდერების ერთობლივ განცხადებას მალევე გამოეხმაურა ევროპაში ჩინეთის მისია. წერილობით პასუხში ნათქვამია, რომ კომუნიკეში არსებული ჩანაწერები უგულებელყოფს ფაქტებს და ამახინჯებს ჩინეთის პოზიციას. პეკინს მიაჩნია, რომ ნატო ჩინეთის დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ახდენს. „მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ამას“ , - წერია ჩინეთის საპასუხო განცხადებაში.

ვილნიუსის სამიტის მიმდინარეობისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, თქვა, რომ ჩინეთის ქმედებები წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს გამოწვევებს უქმნის.

„ჩინეთი სულ უფრო მეტად აპროტესტებს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და უარს ამბობს რუსეთის ომის დაგმობაზე უკრაინის წინააღმდეგ. ემუქრება ტაივანს და აძლიერებს სამხედრო შესაძლებლობებს“, - ამბობს სტოლტენბერგი.

ტაივანი რომელიც დასავლეთის ქვეყნებსა და ჩინეთს შორის უთანხმოების მნიშვნელოვანი საკითხია, ნატოს კომუნიკეში ნახსენები არ არის. თუმცა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ის არაერთხელ ახსენა. ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ალიანსის გენერალური მდივნის ეს განცხადება მნიშვნელოვანი იყო.

ის, რომ აზიის რეგიონი ნატოსთვის მნიშვნელოვანია, გამოიხატება იმაშიც, რომ ალიანსის ვილნიუსის სამიტზე მიწვეულნი არიან აზია-წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ლიდერებიც. მათ შორის იაპონიისა და სამხრეთ კორეის უმაღლესი თანამდებობის პირები.

უახლოეს პერიოდში არსებობს მოლოდინი, რომ იაპონიაში ნატოს წარმომადგენლობა გაიხსნება, რათა კონსულტაციები ალიანსსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის უფრო მოსახერხებელი გახდეს. ამ ფონზე იაპონიის პრემიერ-მინისტრი მკაფიოდ ამბობს, რომ იაპონია არ გეგმავს ალიანსის წევრი გახდეს.

პეკინში კი ამბობენ, რომ ნატოს „აღმოსავლეთისკენ მოძრაობას“ ეწინააღმდეგებიან. ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ „ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის პეკინს, მოჰყვება მტკიცე პასუხი“.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG