ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ინდოეთის პრემიერი ნარენდრა მოდი ორი ქვეყნის ურთიერთობის ახალ ეპოქაზე საუბრობენ. ინდოეთის პრემიერი თეთრ სახლში ხუთშაბათს მიიღეს, მხარეებმა შეხვედრისას თავდაცვისა და ვაჭრობის მიმართულებით ჩინეთის გლობალურ გავლენასთან დასაპირისპირებელი გზები განიხილეს.
"ორი დიდებული ერი, ორი დიდი მეგობარი, ორი დიდი ძალა. გაუმარჯოს!" - თქვა ბაიდენმა სახელმწიფო ვახშამზე, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებით საპატიო სტუმრებისთვის იმართება. მოდიმ კი პასუხად პრეზიდენტს უთხრა, რომ ის "რბილი მოსაუბრეა", მაგრამ როცა მოქმედებაა საჭირო, "თქვენ ძალიან ძლიერი ხართ".
მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას ფორმალური ხელშეკრულებები არ აკავშირებს, ვაშინგტონს სურს, რომ დელი სტრატეგიულად ჩინეთის საპირწონე ძალად იქცეს. მართალია არცერთ ლიდერს პეკინი ღიად არ გაუკრიტიკებია, მაგრამ მინიშნებები ბევრისთვის ნათელი იყო.
ასევე ნახეთ: ბაიდენი და მოდი აქცენტს ორი ქვეყნის ხალხს შორის კავშირებზე აკეთებენ"ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში იძულებისა და დაპირისპირების შავი ღრუბლები ჩრდილს ქმნიან. რეგიონის სტაბილურობა ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთ უმთავრეს შემაშფოთებელ საკითხად იქცა", - უთხრა მოდიმ ამერიკის კონგრესს სიტყვით გამოსვლისას.
პირისპირ თითქმის ორსაათიანი საუბრის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერმა ერთობლივი განცხადება გააკეთა, რომელშიც ხაზგასმული იყო ნაოსნობის თავისუფლების მნიშვნელობა და საერთაშორისო წესები. ასევე, გაფრთხილება იმ მზარდი დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის გამომწვევი ნაბიჯების შესახებ, რაც აღმოსავლეთსა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ხდება.
ინდოეთში მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის ყველაზე მეტი ადამიანი -- 1.4 მილიარდი მოქალაქე ცხოვრობს. ის მსოფლიოს მეხუთე ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა. მოდის მიერ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაში მონაწილეობაც კი უჩვეულო იყო, რადგან ამ ფორმატშში პრემიერმა კითხვებს ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველად უპასუხა.
ურთიერთობების გაღრმავებაზე საუბართან ერთად, ვაშინგტონს დელის მოსკოვთან კავშირები აშფოთებს, განსაკუთრებით კი - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პირობებში. მოდიმ სცადა პირდაპირ არ ეხსენებინა რუსეთი, თუმცა თქვა, რომ ომი რეგიონში უდიდეს ტკივილს იწვევს და მისი შედეგებიც მწვავეა.
თუმცა, მოდის ვიზიტს გარკვეული წინააღმდეგობა მაინც ახლდა თან. მას ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ დაუსვეს შეკითხვა და კონგრესისადმი მისი მიმართვაც მუსლიმ მოქალაქეებთან შეუსაბამო მოპყრობის მიზეზით, ზოგიერთმა კანონმდებელმა გააპროტესტა.