„სასტიკი ეკოციდი“, „რუსეთის აგრესია“, „ომის დანაშაული“, „ტერორისტული აქტი“, - ეს და ბევრი სხვა შეფასება გამოიყენეს მსოფლიო ლიდერებმა გასულ კვირას უკრაინაში კახოვკის კაშხლის აფეთქების აღსაწერად. მსოფლიო მედიაში მალევე გაჩნდა მოსაზრებები იმის შესახებ, თუ ვის ინტერესებში უფრო შედიოდა კაშხლის განზრახ დაზიანება ან ხომ არ იყო ეს უკვე არსებული პრობლემების შედეგი.
კიევი ამტკიცებს, რომ ეს ომის დანაშაულია - სამოქალაქო პირების წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი აგრესია. დატბორილია ათეულობით სოფელი, ათასობით კვადრატული მეტრი სასოფლო სამეურნეო მიწა. არის მსხვერპლი. საფრთხე ემუქრება მილიონობით ტონა იმ მარცვლეულსაც, რომელსაც წყალსაცავში წყლის დონის დრამატულად შემცირების გამო ვეღარ მორწყავენ. არის მსხვერპლი. ანალიტიკოსები ასევე საუბრობენ იმაზე, რომ დატბორვის შედეგად სამომავლო სამხედრო მოქმედებები გართულდება.
ათწლეულების განმავლობაში ეს ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული და ეკოლოგიური კატასსტროფაა. კაშხლის დანგრევის მიზეზები ბოლომდე ცნობილი არ არის, მაგრამ აქამდე არსებული არაერთი მტკიცებულება აფეთქების ვერსიას ადასტურებს. უკრაინის და ამერიკის დაზვერვის თქმით და ნორვეგიის სეისმოლოგიური ცნობების თანახმად, კაშხლის ნაგებობის დაზიანებამდე ტერიტორიაზე აფეთქება დაფიქსირდა. ამასთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებმა გამოაქვეყნეს აუდიო ჩანაწერის ნაწყვეტი, სადაც ორი რუსულად მოსაუბრე მამაკაცი ამბობს, რომ კაშხლის აფეთქება რუსული „საბოტაჟის ჯგუფის“ პასუხისმგებლობა იყო. რომ ამის მიზანი ხალხის შეშინება იყო, მაგრამ მისი შედეგები უფრო მასშტაბური აღმოჩნდა. უსაფრთხოების სამსახური მათ რუს ჯარისკაცებად მიიჩნევს.
ასევე ნახეთ: უკრაინა კონტრიერიშის საწყის ეტაპზე მცირე წარმატებების შესახებ იუწყებამიხაილო პოდოლიაკი, პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველი ამბობს, რომ ჰესის ამ მასშტაბით დასაზიანებლად მის სიღრმეში რამდენიმე ასაფეთქებლის ჩამონტაჟება იქნებოდა საჭირო, რასაც რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ჰესზე უკრაინა ვერ მოახერხებდა. მისი თქმით, „ტერორისტების მიზანი აშკარაა - უკრაინის შეტევითი ქმედებებისთვის დაბრკოლებების შექმნა“.
უკრაინის გენერალური პროკურორის ადმინისტრაცია ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას ომის დანაშაულად მიიჩნევს: "ამ ეტაპზე ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს რუსი სამხედროების მიერაა გაკეთებული. რადგან ნებისმიერი სამხედრო ექსპერტი გეტყვით, რომ ასეთი მონუმენტური, ბეტონის სტრუქტურა შიგნიდან დაზიანების გარეშე არ შეიძლებოდა დანგრეულიყო", - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" უკრაინულ რედაქციას ექსკლუზიურ ინტერვიუში გენპროკურორის მოადგილემ, ოლექსი ხომენკომ განუცხადა.
"ამავე დროს, რუსეთის ჯარი გამუდმებით აცხადებდა, რომ კახოვკის ჰესი დანაღმული ჰქონდათ. ამასთან, ბრძოლის ველზე წარუმატებლობის პარალელურად და ჩვენი კონტრიერიშის შიშით, რუსებმა პროვოკაციულად ააფეთქეს კაშხალი. საგამოძიებო სამუშაოები გრძელდება. თუმცა ის რთულია, რადგან დანაშაული დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხდა", - ამბობს ხომენკო ინტერვიუში.
ინჟინრები და სხვა სპეციალისტები ამბობენ, რომ ამგვარი დაზიანება კაშხლის შიგნით მომხდარი აფეთქების შედეგს ყველაზე მეტად ჰგავს. საერთაშორისო სამართლის ექსპერტები კი მიუთითებენ, რომ ეს მსოფლიოში აღიარებულ წესებს ეწინააღმდეგება. მაშინაც კი, თუკი ეს არა წინასწარ განზრახული თავდასხმა, არამედ გულგრილობის შედეგი იყო, ეს მაინც რუსულ მხარეს აკისრებს პასუხისმგებლობას, რადგან ნაგებობა მისი კონტროლის ქვეშ იყო.
ასევე ნახეთ: ატომური სადგურის გამაგრილებლები, წყალსაცავის დაცლის მიუხედავად, სტაბილურ მდგომარეობაშიაჟენევის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 52-ე მუხლი ამბობს, რომ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე არის ნებისმიერი ის ობიექტი, რომელსაც მისი მახასიათებლებით, მიზნებითა და მდებარეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამხედრო მოქმედებებში და მათ წარმატებაში. მისი განადგურება ან განეიტრალება კი გადამწყვეტ სამხედრო უპირატესობას მოუტანს მოწინააღმდეგე მხარეს. შესაძლოა ამ მახასიათეებლებს ზოგიერთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდეს კიდეც, მაგრამ ოქმის 54-ე, 35-ე, 55-ე და 56-ე მუხლებში ჩადებული სპეციალური გარანტიები სწორედ ისეთ შემთხვევებს მოიცავს, როდესაც რისკი და საფრთხეები განსაკუთრებით მაღალია.
კახოვკის კაშხლის კონტექსტში, თითოეული ეს წესი კრძალავს თავდასხმას ან ნებისმიერ ისეთ ოპერაციას, რომელიც სხვა შემთხვევაში შესაძლოა ლეგიტიმურიც კი ყოფილიყო და ვინმეს ეს ობიექტი სამხედრო ობიექტად მიეჩნია. მეორეც, არსებობს შეზღუდვები იმასთან დაკავშირებითაც, რომ თავდასხმა აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, პროპორციული და ფრთხილი უნდა იყოს და მინიმუმამდე დაჰყავდეს სამოქალაქო მსხვერპლი.
ამ ოქმში განსაკუთრებული დაცვის ობიექტებად სწორედ ჰიდროელექტროსადგურებია მიჩნეული, ისევე როგორც ატომური ელექტროსადგურები, იმ დიდი ზიანის გამო, რომლის გამოწვევაც მათ შეუძლიათ. კონვენციის დამატებითი ოქმის 56-ე მუხლი კრძალავს ნებისმიერ თავდასხმას ისეთ ობიექტებზე, რომელმაც „საშიში ძალის გამოთავისუფლება“ შეიძლება გამოიწვიოს, შედეგად კი ამას სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვეს. თუკი ამის რისკი არსებობს, ეს უკვე აკრძალვისთვის საკმარისი მიზეზია.
ამასთან, მაშინაც კი, როცა განიხილება ესა თუ ის გამონაკლისი შემთხვევა, კახოვკის კონტექსტს ისინი არ შეესაბამება, რადგან არ დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე მას სამხედრო უპირატესობის მოპოვების მიზნით წარმატებით იყენებდა და მეორე მხარეს მისი განადგურება აუცილებლად სჭირდებოდა. მხარეები კი ახლა ერთმანეთს ადანაშაულებენ და არავის უცდია თავდასხმის იმგვარად გამართლება, თითქოსდა ეს სამხედრო, ლეგიტიმური სამიზნე იყო.
რუსეთმა დამატებითი ოქმის რატიფიცირება წლების წინ მოახდინა, თუმცა 2019 წელს ვლადიმირ პუტინის ინიციატივით, მოსკოვმა კონვენციის ამ ოქმის პირობების შესრულებაზე უარი თქვა. უკრაინა კი კონვენციის ხელმომწერად რჩება.
ჰიდროელექტროსადგურების დაბომბვა და განადგურება ისტორიაში არაერთი სხვადასხვა ომის დროს მომხდარა და ის ძირითადად ბრძოლის ველზე დაწინაურების მოპოვებას და მტრის ინდუსტრიული შესაძლებლობების განადგურებას ემსახურება.
Your browser doesn’t support HTML5