გაეროს რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შინ დაბრუნების უფლებაზე წელს 100 ქვეყანა მიემხრო.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას წელს შარშანდელთან შედარებით 5-ით მეტმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. მათ შორისა ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო. 9 - წინააღმდეგი იყო, 59-მა - თავი შეიკავა. რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ რუსეთი, სირია, ნიკარაგუა, სუდანი, ზიმბაბვე, ბურუნდი, ბელარუსი, კუბა და ჩრდილოეთი კორეა. შარშან ჩინეთმა, ლაოსმა და ვიეტნამმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა, წელს ჩინეთმა თავი შეიკავა, ლაოსსა და ვიეტნამს კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
რეზოლუციას საქართველო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებდებულებს.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.
იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 64 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია, საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს ფაქტი "კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს".
ქართული მხარის მიერ ინიციირებული IDP რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ავსტრალიის (CANS-ის - კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის - სახელით), ლიეტუვის (NORDIC/BALTIC-ის სახელით), ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის და უკრაინის დელეგაციებმა და გაეროს წევრ ქვეყნებს საქართველოს IDP რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
„დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველომ წელსაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა, როგორც დევნილების შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, კოსტა-რიკა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ჯიბუტი, ესტონეთი, ფიჯი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, გვატემალა, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, კირიბატი, ლატვია, ლიბერია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთი მაკედონია, ნორვეგია, პაპუა ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, ტონგა, თურქეთი, ტუვალუ, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მალავი, მექსიკა, ახალი ზელანდია, პალაუ, სამოა, ტრინიდადი და ტობაგო, ვანუატუ.
აფხაზეთიდან დევნილი გახდა დაახლოებით 300 ათასიდან 330 ათასამდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომს კი საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.