მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ილია იაშინისთვის გამოტანილი განაჩენი. დეკემბერში მას რუსეთის არმიაზე ყალბი ინფორმაციის, ე.წ. "ფეიკების" გავრცელებასთან დაკავშირებული მუხლით 8,5 წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯეს. იაშინს ბუჩაში მომხდარი მკვლელობების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებისთვის ადანაშაულებენ. 39 წლის ილია იაშინი ოპოზიციონერი აქტივისტი და მოსკოვის კრასნოსელსკის რაიონული საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეა.
იაშინი სასამართლო პროცესში წინასწარი დაკავების საკნიდან, ვიდეოზარით მონაწილეობდა. სასამართლომ მას უარი უთხრა აპელაციის განხილვისას სხდომაზე ფიზიკურად დასწრებაზე და საქმის მტკიცებულებების ხელმეორედ შესწავლაზე. სასამართლომ ასევე უარი თქვა, დაკითხვაზე გამოეძახებინა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი და შეემოწმებინა, შეესაბამება თუ არა რუსეთის კონსტიტუციას სისხლის სამართლის ის მუხლი, რომელიც რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებისთვის სასჯელს ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ: რუსეთმა დასავლელი დიპლომატები "შიდა საქმეებში ჩარევისთვის" გამოიძახა„მშვენივრად მესმის, რომ განაჩენის შერბილების მისაღწევი ერთადერთი გზა მონანიება, შეწყალების თხოვნა, შავის თეთრად გასაღება და კიდევ ჩემი ამხანაგებიდან ვინმეს ‘ჩაშვებაა’. ეს არ მოხდება“, - თქვა იაშინმა. მისი თქმით, მისი სინდისი სუფთაა და ის მშვიდად იღებს თავის ბედს.
რუსეთის სასამართლოები „ფეიკებად“ მიიჩნევენ უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შესახებ გავრცელებულ ცნობებს, რომლებიც არ შეესაბამება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიას. იაშინი ირწმუნება, რომ უდანაშაულოა და მიაჩნია, რომ მისი სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად არის მოტივირებული.
იაშინის წინააღმდეგ საქმე YouTube-ზე მისი ტრანსლაციის გამო აღიძრა, რომელშიც საუბარი იყო უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობებზე. ოპოზიციონერმა მოიყვანა მტკიცებულებები, რომ ბუჩის მოსახლეებს რუსი სამხედროები კლავდნენ და ის განიხილავდა რუსული მხარის არგუმენტებს, რომ ბუჩის მოვლენები ყალბია.