ტეხასის ფერმაში მომხდარი ხანძრის შედეგად 18 000 ძროხა დაიღუპა

ტეხასის შტატში რძის ერთ-ერთ ოჯახურ ფერმაში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად 18 000-ზე მეტი ძროხა დაიღუპა. ეს შეერთებულ შტატებში შინაური ცხოველების მსხვერპლის გამომწვევი, ყველაზე მასშტაბური ხანძარია, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა.

ხანძარი ორშაბათს მოხდა და მის შესახებ ადგილობრივი შერიფის ოფისმა სურათები და განცხადება ხუთშაბათს გამოაქვეყნა. მეხანძრეებმა შენობიდან ფერმის ერთი თანამშრომელი გამოიყვანეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ოჯახის წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ხანძარის შემდეგ "ცხოველთა კეთილდღეობის ინსტიტუტმა", რომელიც შეერთბულ შტატებში ცხოველთა დაცვის ერთ-ერთი უძველესი ჯგუფია, ფედერალურ მთავრობას მოუწოდა ქვეყნის მასშტაბით ისეთი კანონების მიღებისკენ, რომლებიც მსგავს ფერმებში ხანძრის რისკებს შეამცირებს. მათივე ინფორმაციით, ფერმებში მომხდარი ხანძრები ყოველწლიურად ასობით ათას ცხოველს კლავს.

"ცხოველთა კეთილდღეობის ინსტიტუტი" ფერმებში მსგავს ინციდენტებს 2013 წლიდან აკვირდება. მათი ინფორმაციით, ბოლო ათწლეულში, სწორედ ფერმებში გაჩენილი ხანძრების შედეგად ამერიკაში 6 მილიონზე მეტი ცხოველი და ფრინველი დაიღუპა.