საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი, დემოკრატიისა და თავისუფლების წინააღმდეგ ომია.
„უკრაინის წინააღმდეგ ომი, ნამდვილად არის ომი, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება უძველესი და ხანგრძლივი იმპერიალისტური ამბიციების მქონე, შეუზღუდავი ავტორიტარული რეჟიმების შედეგების შესახებ. შეხსენება იმისა, რომ დემოკრატიები შიგნიდან უნდა იყვნენ ძლიერები, ანუ მხარდაჭერილნი ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების მიერ და გაერთიანებულნი საერთაშორისო ასპარეზზე, საერთაშორისო სამართლის დამკვიდრებული პრინციპების დასაცავად“ - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
ასევე ნახეთ: ბლინკენი: აშშ მხარს უჭერს დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვისსიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ შიდა დაძაბულობის და რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, საქართველომ ორ ძირითად პრიორიტეტთან დაკავშირებით, წინსვლას მიაღწია - „დასრულდა ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა, მიღებულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ეროვნული გეგმა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ზომები. მიუხედავად ამისა, ინკლუზიური პროცესით სასამართლო რეფორმის განხორციელება, რაც ჩვენი დასახული პრიორიტეტია, ჩვენგან კვლავ სათანადო ძალისხმევას მოითხოვს“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო, „უცხოური აგენტების შესახებ კანონთან“ დაკავშირებით, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მან თქვა, რომ ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თბილისის ქუჩებში სამოქალაქო უფლებების ნებისმიერი კუთხით შეზღუდვის წინააღმდეგ გამოსვლითა და დემოკრატიულ პრინციპებთან ერთგულების დემონსტრირებით.
„ამ პროტესტმა წარმატებას მიაღწია როგორც ,,უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ გაუქმებაში, რაც დემოკრატიის გამარჯვება იყო, ასევე, პოლარიზაციის დაძლევის უნარის დემონსტრირებაში, როდესაც ის საერთო მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული. ამ თვალსაზრისით, დაიწყო ეროვნული თანხმობის პროცესი“ - განაცხადა დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა, მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, დემოკრატიის სამიტის დაფუძნებისთვის და მასზე საქართველოს კიდევ ერთხელ მოწვევისთვის.
დემოკრატიის სამიტი 28 მარტს დაიწყო და სამ დღეს გასტანს. ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის - ეს არის საკითხი, რაზეც დემოკრატიის სამიტის ფარგლებში, 10 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, 28 მარტს ისაუბრეს. ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც უკრაინაში ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას დაამყარებს. ასეთ ინიციატივად კი ვაშინგტონი უკრაინის მიერ წარმოდგენილ „მშვიდობის ფორმულას ხედავს.
Your browser doesn’t support HTML5
პრეზიდენტმა ბაიდენმა დემოკრატიის სამიტის იდეა ჯერ კიდევ 2020 წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს წარადგინა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის მოკავშირეები, მსგავსად მოაზროვნე ქვეყნები გაერთიანდნენ და აჩვენონ მსოფლიოს, რომ დემოკრატიული ერთობა ძლიერია.