65 წლის ოლჰა ლუკინას შვილიშვილი მაშინ გაუჩნდა, როცა უკრაინის სამხრეთის ქალაქი ხერსონი, ჯერ კიდევ რუსული ოკუპაციის ქვეშ იყო. ლუკინა ერთ-ერთი ბოლო უკრაინელი იყო, ვინც ოკუპირებულ ქალაქში, ახლადშობილი შვილიშვილის უკრაინელად დარეგისტრირება შეძლო და ამისთვის, სარეგისტრაციო ოფისში სწრაფი მოქმედებისთვის, დიდი ძალისხმევა დასჭირდა.
სწორედ ასე გახდა 2022 წლის მაისში დაბადებული კატერინა უკრაინის მოქალაქე მაშინ, როცა მისი სამშობლო რუსეთის სრულმასშტაბიან ომს იგერიებდა, მშობლიური ქალაქი კი რუსული ოკუპაციის ქვეშ იყო.
მოგვიანებით, რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყველა ახალშობილისთვის, რუსული მოქალაქეობის მინიჭება სავალდებული გახადა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას, ამ მოვლენებს ხერსონის კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ლეონიდ რემიგა იხსენებს. ოკუპაციის დროს, ეს ქალაქში მოქმედი ერთადერთი საავადმყოფო იყო.
რუსეთს ხერსონი გასული წელს, რვა თვის განმავლობაში ჰქონდა ოკუპირებული. უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ქალაქი ნოემბერში გაათავისუფლეს. დეოკუპაციის შემდეგ, ბევრი ადგილობრივი მკვიდრი უკან დაბრუნდა. თუმცა, რუსული დაბომბვების შემდეგ, მდინარე დნიპროზე გაშენებული ხერსონი, ახლა მოჩვენებათა ქალაქს ჰგავს.
ოკუპაციის დასაწყისში, ახალშობილების რუსეთის მოქალაქეებად დასარეგისტრირებად, საოკუპაციო ძალები უკრაინელ მშობლებზე ზეწოლას ახდენდნენ. რემიგას და კატერინას მშობლების, ნატალია ლუკინას და ოლექსიი მარკელოვის თქმით, ზეწოლისთვის ისინი სხვადასხვა გზას მიმართავდნენ. მათ შორის, საოკუპაციო ძალები ახალშობილთა მშობლებს, რომლებსაც შვილების რუსეთის მოქალაქეებად დარეგისტრირება არ სურდაათ, ჩვილებისთვის განკუთვნილ უფასო საფენებსა და საკვებს არ აძლევდნენ.
„როცა საფენები ვთხოვეთ, რუსებმა გვითხრეს, - თუ რუსული დაბადების მოწმობების გარეშე მოხვალთ, საფენებს არ მოგცემთ“ - ამბობს 42 წლის ნატალია ლუკინა. მან შვილის დაბადების მოწმობის შეცვლაზე უარი თქვა.
„ჩვენ [რუსებს] ვუთხარით, - ბავშვი უკრაინაში დაიბადა, ის უკრაინელია და არა რუსი“ - ამბობს ლუკინა.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერმა“, ლუკინას შვილის, კატერინას უკრაინული დოკუმენტაცია ნახა, რომელიც უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ბეჭდითაა დადასტურებული. კატერინა, ოკუპაციის ორი თვის თავზე დაიბადა. „როიტერი“ ამბობს, რომ უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ, რუსული ოკუპაციის დროს, ხერსონში შექმნილი ვითარების შესახებ სააგენტოს თხოვნას კომენტარზე არ უპასუხა.
მუქარა და პროპაგანდა
ექიმი რემიგა ამბობს, რომ ოკუპაციის დასაწყისში, ის უკრაინის კანონებით მოქმედებდა. თუმცა, 7 ივნისს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მას სამსახური დაატოვებინეს.
„ისინი პროპაგანდას ატარებდნენ და ამბობდნენ, რომ რუსეთი აქ სამუდამოდ დარჩებოდა. შემდეგ კი FSB-ს ოფიცრები იმუქრებოდნენ, რომ თუ ოჯახები რუსულ დოკუმენტებს არ მიიღებდნენ, პრობლემები შეექმნებოდათ“ - ამბობს „როიტერთან საუბრისას ექიმი რემიგა.
რემიგა ამბობს, რომ ივნისში ავად გახდა და ერთი თვე საავადმყოფოში, რუსი ჯარისკაცების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა. თუმცა, მომდევნო თვეში გაქცევა მოახერხა.
მისი თქმით, FSB-მ 20 სექტემბერს დააკავა, დაუდგენელი დაკავების ცენტრში დასაკითხად, ხელებშეკრული და თავზე ჩანთაჩამოცმული წაიყვანეს. მისი თქმით, ოფიცრებმა ის ოქტომბერში გაათავისუფლეს და ჰოსპიტალში დაბრუნება აუკრძალეს. თუმცა, ის სამსახურს კვლავ დაუბრუნდა, 12 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ქალაქზე კონტროლი უკრაინამ აღიდგინა.
„როიტერმა“, ხეროსნის მკვიდრთა მონათხრობის შესახებ FSB- მიმართა, თუმცა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა, სააგენტოს კითხვებს არ უპასუხა.
უკრაინის საავადმყოფოებში, მშობლები ბავშვების დაბადების შესახებ ძირითად სამედიცინო ჩანაწერებს იღებენ, მაგრამ უკრაინული დაბადების მოწმობის მისაღებად, რეესტრს უნდა მიმართონ, რომელიც მოქალაქეობას ანიჭებს.
ასევე ნახეთ: ანგარიში: კრემლს უკრაინელი ბავშვების "ხელახალი განათლებისთვის" ბანაკები აქვს შექმნილიხერსონის რეგიონული რეესტრის ოფისის ხელმძღვანელი, ოლენა კლიმენკო ამბობს, რომ ოკუპაციის დროს, ბევრმა მშობელმა, რუსეთის მიერ კონტროლირებული რეესტრის ოფისში მისვლისგან თავი შეიკავა. ბევრმა მათგანმა, საკუთარი შვილები უკრაინის მოქალაქეებად, სწორედ დეოუკუპაციის შემდეგ დაარეგისტრირა, თუმცა კლიმენკოს ზუსტი სტატისტიკა არ აქვს.
კლიმენკო ამბობს, რომ უცნობია, რამდენმა ახალშობილმა მიიღო რუსეთის მოქალაქეობა ოკუპაციის დროს, რადგან ისინი რუსებმა დაარეგისტრირეს, უკრაინის რეესტრის თანამშრომლები კი მათთან არ თანამშრომლობენ.
ომამდე, ქალაქის საავადმყოფოში, წელიწადში საშუალოდ 1 200 ბავშვი იბადებოდა. თუმცა, ექიმ რემიგას ინფორმაციით, 2022 წელს, ეს რაოდენობა 489-მდე შემცირდა.
მისი თქმით, ეს მონაცემები ასახავს იმასაც, რომ ბევრმა ფეხმძიმე ქალმა, უკრაინის მიერ კონტროლირებულ ნაწილებში სამშობიაროდ, ქალაქი ადრევე დატოვა.