ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრიგოჟინი „ომის დამნაშავეა“- ამბობს აშშ-ის გენერალური პროკურორი


მერიკ გარლანდი
მერიკ გარლანდი

შესაძლოა, რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის ჯგუფი" ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს, რასაც მხარს ამერიკის გენერალური პროკურორიც დაუჭერს. მერიკ გერლანდი ამბობს, რომ ევგენი პრიგოჟინი „ომის დამნაშავეა".

ამერიკის გენერალურ პროკურორს კითხვა ევგენი პრიგოჟინისა და ვაგნერის ჯგუფის შესახებ კონგრესში, სენატის იუსტიციის კომიტეტში 1 მარტს დაუსვეს. „თანახმა ხართ თუ არა, რომ ვაგნერის ჯგუფი ამერიკის კანონმდებლობით ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს? ასეთი კითხვით მიმართა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა ამერიკის გენერალურ პროკურორს.

„ვფიქრობ, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც სჩადის ომის დანაშაულებს,“- თქვა პასუხად მერიკ გერლანდმა.

სენატორი გრემი ერთ-ერთი სპონსორია კანონპროექტის, რომლის მიხედვითაც ვაგნერის ჯგუფი შესაძლოა ამერიკამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს. კანონპროექტს ამერიკელი სენატორების დიდი ნაწილის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

საბოლოო სიტყვა შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტს ექნება. ვიდრე სახელმწიფო მდივანი ვინმეს უცხოეთის ტერორისტული ჯგუფის სტატუსს მიანიჭებს, მან კონსულტაციები უნდა გაიაროს იუსტიციის დეპარტამენტთან, რომელსაც მერიკ გარლანდი ხელმძღვანელობს და ხაზინის დეპარტამენტთან.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის უწყებამ ვაგნერის გუფი „განსაკუთრებული შეშფოთების სუბიექტად" მოიხსენია. „ვაგნერის ჯფუფი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმაც. ეს სტატუსი ამერიკას აძლევს საშუალებას, ჯგუფის წევრებს ჩამოართვას აქტივები ან გაყინოს მათი ანგარიშები.

„ვაგნერის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ამერიკის, ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ უკვე სანქცირებული რუსი ოლიგარქია, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან. მისი ჯგუფის წევრებში ჭარბად არიან რუსეთის ციხიდან გაყვანილი მსჯავრდებულები, რომლებსაც პრიგოჟინი თავისუფლების სანაცვლოდ, წვრთნის და მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში უშვებს საომრად.

"ვაგნერის ჯგუფმა" განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინა აფრიკულ ქვეყნებში, სადაც ისინი ადამიანის უფლებებზე ძალადობის არაერთ ფაქტში ამხილეს. ბოლო თვეების განმავლობაში პრიგოჟინმა 50 000 მებრძოლი უკრაინაში, ფრონტის ხაზზე გააგზავნა. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, "ვაგნერის ჯგუფის" წევრების განსაკუთრებით დიდი რაოდენობაა უკრაინაში ბრძოლის დროს დაღუპული. სწორედ პრიგოჟინი და მისი დაჯგუფება დგანან ახლა ბახმუტის მისადგომებთან რუსეთის შეტევის ავანგარდში.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG