ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრაისი: "შეშფოთებული ვართ ამ კანონის პოტენციური გავლენით დემოკრატიაზე და სიტყვის თავისუფლებაზე"


სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა, უწყებაში გამართულ პრესბრიფინგზე ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა საქართველოში მიმდინარე პროცესების თაობაზე და უცხო ქვეყნის აგენტის კანონპროექტზე, რომლის ინიცირებაც მმართველი უმრავლესობის წევრებმა მოახდინეს „ხალხის ძალიდან“.

აღნიშნული კანონის წარმოებაში მიცემას საქართველოში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთება მოჰყვა. სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავალისთვის საფრთხის შექმნაზე.

„ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და გამოვთქვამთ ჩვენს უწყვეტ შეშფოთებას. კანონი ქართულ სისტემაში ჯერ ისევ განიხილება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ შეთავაზებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტით ღრმად ვართ შეშფოთებულნი, სწორედ იმის გამო, რომ ის მოახდენს დამოუკიდებელი ხმებისა და საქართველოს მოქალაქეებს სტიგმატიზებას და გააჩუმებს, რომლებიც თავდადებულად მუშაობენ უკეთესი ქვეყნის ასაშენებლად მათი თანამოქალაქეებისთვის და მათი თემებისთვის. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ამ კანონის პოტენციური გავლენით დემოკრატიაზე და სიტყვის თავისუფლებაზე საქართველოში. ჩვენი შეხედულება მარტივია. ჩვენ ეს საჯაროდ ვთქვით, მაგრამ ასევე გვქონია კერძო საუბრებიც, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის პოტენციური საფრთხის წინაშე დაყენებაზე იქნება პასუხისმგებელი“, - გაანცხადა პრაისმა.

დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კანონი ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს არ შეესაბამება.

"ეს კანონი არ შეესაბამება იმ მისწრაფებებს, რომლებიც ქართველ ხალხს უკვე ათწლეულებია აქვს და მომავალს, რომელიც მათ დაისახეს საკუთარ თავისთვის და რომლის მისაღწევადაც, ჩვენ როგორც შეერთებულ შტატებს, გადაწყვეტილად გვსურს გავაგრძელოთ მათთან პარტნიორობა. შეშფოთებას მხოლოდ შეერთებული შტატები არ გამოხატავს, არამედ რამდენიმე სხვა პარტნიორმა ქვეყანამ, ევროკავშირმა, გაერომ და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა ასევე გაავრცელეს მკაცრი განცხადებები კანონპროექტის შესახებ", - თქვა პრაისმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველოში ინიცირებული კანონპროექტი არ არის ამერიკაში მოქმედი უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტის, იგივე "ფარას", მსგავსი.

"ამ კანონის გარშემო დიდძალი პროპაგანდა ვიხილეთ. თქვენ ახსენეთ ერთ-ერთი ასეთი არა-სიმართლე. იდეა, რომ ეს კანონი ეფუძნებოდა უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს, „ფარას“. ჩვენი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი აგენტებად დარეგისტრირებას სთხოვს უცხო ქვეყნის მთავრობების აგენტებს. ჩვენი კანონი გავლენას არ ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე ან დაფინანსების წყაროებზე. ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ დამატებითი დეტალები "ფარას" შესახებ, თუ ეს გამოსადეგი იქნება. მაგრამ „ფარა“ ძალიან ვიწროა და მორგებულია იმაზე, რომ მიესადაგოს მხოლოდ უცხოური მთავრობების აგენტებს. ეს არის რაღაც ძალიან განსხვავებული და ამიტომ ჩვენ საკმაოდ შეშფოთებულნი ვართ ამით", - თქვა მან.

მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატების ჯგუფმა "ხალხის ძალამ" "უცხოურ აგენტებზე" კანონპროექტის იდეა რამდენიმე თვის წინ გააჟღერა. პარლამენტში მის რეგისტრაციამდე ინიციატივას მალევე საჯაროდ დაუჭირეს მხარი "ქართული ოცნების" ლიდერებმა.

კანონპროექტის თანახმად, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში ამავე სახელწოდების მქონე ბაზაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG