ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის აგენტებზე" და თქვა, რომ ის საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. ამის შესახებ ელჩმა რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის გახსნის ცერემონიალზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"რა არის საქართველოს ინტერესებში? აქ მნიშვნელობა არ აქვს ვერსიებს. სჭირდება კი საქართველოს ეს კანონი, რომელიც პირდაპირ საფრთხის ქვეშ დააყენებს ევროატლანტიკურ მომავალს? გაერომ, აშშ-მა, ევროკავშირმა, საქართველოს სხვა მეგობარმა ქვეყნებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს და შეაჩეროს ამ კანონპროექტის განხილვა. ეს პროექტი საფრთხეში ჩააყენებს იმ ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობას, რომელთა ძალისხმევა მიმართულია საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებაზე...
ჩემი კითხვაა, რატომ? რა არის ნამდვილი მიზანი და რა არის ნამდვილი განზრახვა იმ კანონის, რომელიც საქართველოს არ სჭირდება და რომელიც საფრთხეში ჩააგდებს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს", - თქვა აშშ-ის ელჩმა.
ჟურნალისტების კითხვა ასევე ეხებოდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერზე, ნედ პრაისზე. კობახიძის თქმით, "ნედ პრაისს მოატყუებინეს", "ხალხის ძალის" კანონპროექტი რუსული არ არის.
"რა არის სათქმელი, როცა ადამიანები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ სხვებს. აქ მთავარი საკითხია, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, უფრო ძლიერი, მრავალფეროვანი ეკონომიკის და უსაფრთხოების მხარდაჭერას", - თქვა ელჩმა.
მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატების ჯგუფმა, "ხალხის ძალამ", "უცხოურ აგენტებზე" კანონპროექტის იდეა რამდენიმე თვის წინ გააჟღერა. მისი პარლამენტში რეგისტრაციის მოახლოებისას, ინიციატივას მალევე საჯაროდ დაუჭირეს მხარი "ქართული ოცნების" ლიდერებმა.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
კანონპროექტის პირველი ვერსიის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა.
"ხალხის ძალის" განცხადებით, მათ "ქართულ ოცნებასთან" ერთად გადაწყვიტეს, რომ კანონპროექტის ორივე ვერსიას ვენეციის კომისიას შეაფასებინებენ და ივნისის ბოლომდე ერთ-ერთ მათგანს დაამტკიცებენ. თუმცა, ვენეციის კომისიაში გაგზავნამდე, კანონპროექტები პირველი მოსმენით მიღებული ექნებათ.
Facebook Forum