ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზურაბიშვილი: საქართველოს მთავრობა თუ არა, პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშილი ამბობს, რომ დღეს, 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე მთავრობის წარმომადგენლები კიევში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შესახებ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

"მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში და ამისათვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ პარლამენტმა კი, მოწვევის მიუხედავად, არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალურ დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ ჩვენ დღეს კიევში წარმოდგენილნი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან", - თქვა ზურაბიშვილმა.

ომის დაწყებიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ერთხელ ეწვია, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები - პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი კი, დასავლეთის ქვეყნების მრავალი ლიდერისგან განსხვავებით, უკრაინაში არ ჩასულან.

21 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა იმ მიზეზზე, რის გამოც საპარლამენტო დელეგაციაც არ ჩადის 24 თებერვალს უკრაინაში - რუსეთის მიერ დაწყებული ომის წლისთავზე. მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიაა.

XS
SM
MD
LG