სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს და მედიის წარმომადგენლებს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე არ უშვებენ. „ქართულ ოცნებას" სურს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვის დაწყება.
„არ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ კომიტეტის სხდომაზე ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ. ეს არის რუსული კანონი. ის არ უნდა იყოს მიღებული და ყველა დეპუტატმა, რომელიც მას მხარს დაუჭერს, უნდა იცოდეს, რომ პერსონალურად დაეკისრება პასუხისმგებლობა", - თქვა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენელი გურო იმნაძე ამბობს: „გამჭვირვალობის პრობლემა ერთადერთი თუ ვინმეს აქვს, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ჩვენი გადახდილი გადასახადებით იშენებს საკუთარ პირად ცხოვრებას. როდესაც ჩვენ ამაზე კრიტიკულად ვსაუბრობთ, სწორედ ამ კრიტიკის მოსმენა არ უნდა ხელისუფლებას. ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ დავსწრებოდით კომიტეტის სხდომას."
საგარეო ურთიერთობისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტები გაერთიანებული სხდომის დაწყებას ვერ ახერხებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს!", „არა პუტინისტებს!"
ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატი მანდატურებმა იძულებით გაიყვანეს სხდომათა დარბაზიდან. ამ წუთას ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში მაგიდები გადაყირავებულია.
საქართველოს პარლამენტის შენობაში და გარეთ სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის - "ხალხის ძალის" - კანონპროექტის განხილვას, რომელიც ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უნდა დაიწყოს.
პარლამენტში ისმის სკანდირება: "არა რუსულ კანონს!", "მონებო!", "აღარ მოღალატეებს!"
კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში.
კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა - ეს კანონპროექტი პარლამენტში 27 თებერვალს დარეგისტრირდა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი არის "რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავდროულად ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".