რუსეთი "ახალი სტარტის" შეთანხმებაში მონაწილეობას არ განაახლებს, სანამ ვაშინგტონი მოსკოვის პოზიციებს არ შეისმენს", - ამბობს კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი. მისი კომენტარი ამ თემაზე სამშაბათს გამოქვეყნდა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირას თქვა, რომ რუსეთი ზღუდავს და აჩერებს იარაღის კონტროლის საკითხზე ორ უდიდეს ბირთვულ ძალას შორის დღემდე მოქმედ შეთანხმებაში მონაწილეობას. მან დასავლეთი რუსეთის სტრატეგიულ ავიაბაზებზე თავდასხმებში მონაწილეობაშიც დაადანაშაულა.
დმიტრი პესკოვის მიერ გამოცემა "იზვესტიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, პრეს-სპიკერი ამბობს, რომ "კოლექტიური დასავლეთის მიდგომა მოსკოვის მიმართ", რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები მართავს, უნდა შეიცვალოს: "ერთი ქვეყნის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი მეორე ქვეყნის უსაფრთხოების ხარჯზე", - განაცხადა პესკოვმა. მისივე თქმით, ნატო უკრაინის შეიარაღებით მოქმედებს არა როგორც რუსეთის შესაძლო ოპონენტი, არამედ - როგორც მტერი.
“ახალი სტარტის“ შეთანხმებას ხელი პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და დმიტრი მედვედევმა 2010 წელს მოაწერეს. ხელშეკრულების მიზანი ბირთვული ქობინების რაოდენობის და განლაგების შეზღუდვას ისახავს მიზანად ორივე ქვეყნისთვის. ხელშეკრულებით, მხარეებს არ შეუძლიათ 1 550-ზე მეტი ბირთვული ქობინის ქონა კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებზე - იქნება ეს წყალქვეშა გემებზე, ბომბდამშენებზე თუ სახმელეთო სისტემებზე.
ასევე ნახეთ: მარცხისა და სისუსტის ნიშანი - ექსპერტები პუტინის ბირთვულ მუქარაზეპესკოვმა ჩინეთის სამშვიდობო შეთავაზებებზეც ისაუბრა, რომლითაც პეკინი მხარეებს ეტაპობრივ დეესკალაციას სთავაზობს და ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ საუბრობს. კრემლის პრეს-სპიკერის თქმით, პეკინის წუხილი უნდა მოისმინონ, თუმცა შეთავაზების დეტალები საგულისხმოა: "ნებისმიერი მცდელობა, რომ პრობლემის სამშვიდობო გადაწყვეტოს ფორმულირება მოვახდინოთ, მისასალმებელია, მაგრამ რა თქმა უნდა, ნიუანსები მნიშვნელოვანია", - ამბობს პესკოვი.
ჩინეთმა, რომელმაც შარშან, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის წამოწყების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთთან მის პარტნიორობას "ლიმიტი არ აქვს", გასულ პარასკევს კონფლიქტის გადაწყვეტის სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის მზადაა პეკინის 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ნაწილები განიხილოს.
ასევე ნახეთ: ამერიკის გაფრთხილების შემდეგ, ჩინეთი უკრაინაში სამშვიდობო ინიციატივით გამოდისგასულ კვირას პეკინის მიერ გამოქვეყნებული გეგმა, ჩინეთის ლიდერების შეფასებით, ორივე მხრიდან საომარი ქმედებების შეწყვეტის და რეგიონში თანდათანობითი დეესკალაციის საწინდარი გახდება. კიევმა გეგმის რამდენიმე პუნქტს უპასუხა და თქვა, რომ მსგავს რეზოლუციას პერსპექტივა არ აქვს, რადგან უკრაინაში მშვიდობა ვერ იქნება მანამ, სანამ რუსეთი თავის ძალებს ქვეყნიდან არ გაიყვანს. 27 თებერვალს პეკინმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გადაწყვეტას დიალოგის გზით ემხრობა. ცოტა ხნით ადრე, ვაშინგტონმა ჩინეთი გააფრთხილა, არ მიაწოდოს ლეტალური იარაღი მის მოკავშირე რუსეთს, რადგან მოსკოვი მას უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენებს.