თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 19 ათასს გადააჭარბა

თურქეთში და სირიაში მომხდარი მიწისძვრისგან უსახლკაროდ დარჩენილი ასობით ათასი ადამიანი სიცივის, შიმშილის და სასოწარკვეთის მარწუხებშია მოქცეული. განადგურებული ქალაქების ნანგრევებში ჩარჩენილი, ცოცხლად გადარჩენილი ადამიანების პოვნის იმედები კი უკვე გადაიწურა.

ორშაბათ დილით მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა, ორივე ქვეყანაში ერთად - 19 ათასს გადააჭარბა.

ეს აჭარბებს 1999 წელს მომხდარი მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრის მსხვერპლის რიცხვს - 17 ათასს. მაშინ მიწისძვრა თურქეთის უფრო მჭიდროდ დასახლებულ ჩრდილო-დასავლეთში მოხდა.

ასევე ნახეთ: ერდოღანი აღიარებს მიწისძვრაზე რეაგირებაში არსებულ პრობლემებს

თურქმა ოციციალურმა პირმა თქვა, რომ სტიქიურმა უბედურებამ 14 მაისისთვის დაგეგმილ არჩევნებს „ძალიან სერიოზული სირთულეები“ შეუქმნა. პრეზიდენტი ერდოღანი ამ არჩევნებში ყველაზე დიდ გამოწვევებს ელოდა, რაც კი ხელისუფლებაში თითქმის ორი ათეული წლით ყოფნის განმავლობაში ჰქონია.

დახმარების ნელი მიწოდების და სამაშველო ძალისხმევის დაყოვნებების გამო უკმაყოფილების პირობებში, თუ არჩევნები მაინც ჩატარდება, ასეთი გარემოებები ხმის მიცემაზე გავლენას მოახდენს.

გაეროს ქარავანმა, რომელსაც დაზარალებული სირიელებისთვის დახმარება მიაქვს, თურქეთის საზღვარი მიწისძვრიდან სამი დღის შემდეგ გადაკვეთა.

ორივე ქვეყანაში ასობით ათასი ადამიანი ზამთარში უსახლკაროდ დარჩა. ბევრი ადამიანი სახელდახელოდ მოწყობილ თავშესაფრებშია, რომლებიც სუპერმარკეტების პარკინგებზე, მეჩეთებში, გზებზე ან შენობების ნანგრევებთანაა მოწყობილი. ხშირად მათ საკვების, წყლის და გათბობის უკიდურესი გასაჭირი აქვთ. ადამიანები თავშესაფრად მუყაოს ყუთებს იყენებენ და კოცონებთან თბებიან.

ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის ზონაში, სადაც დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თურქეთში დაახლოებით 6500 შენობა დაინგრა და უთვალავი ნაგებობა დაზიანდა.