უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის ძალები ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ, როგორც ბელარუსის საზღვართან, ისე სხვა რეგიონებში.
ზელენსკი დასავლეთ რეგიონში ჩავიდა და საზღვრის დაცვის საკითხებზე ადგილობრივ ლიდერებთან ერთად იმსჯელა.
ბოლო პერიოდის განმავლობაში, უკრაინის წამყვანი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერები ამბობენ, რომ ახლო მომავალში შესაძლოა რუსეთმა უკრაინას ჩრდილოეთიდან კიდევ ერთხელ შეუტიოს. ეს რუსეთმა ომის დასაწყისში ერთხელ უკვე სცადა, თუმცა კიევზე იერიში წარუმატებელი აღმოჩნდა. ამავე დროს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურების შეფასებით, მართალია რუსეთ-ბელარუსის საზღვართან ახლახან ახალი საჰაერო ძალები განთავსდა, მაგრამ თვის ბოლოს დაგეგმილი რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები შესაძლოა უკრაინაზე ახალ სახმელეთო შეტევას არ უძღოდეს წინ.
ასევე ნახეთ: რა მოხდება ბრძოლის ველზე?ბელარუსი რუსეთს უკრაინაში შეჭრაში ხელს წლის დასაწყისიდან უწყობდა, თუმცა ოფიციალურად მისი ძალები საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობენ. კიევი მინსკს გამუდმებით ადანაშაულებს რუსული ჯარისთვის უკრაინის წინააღმდეგ პლატფორმად გამოყენების შესაძლებლობის მიცემაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ქალაქ ლვივშიც ჩავიდა, ამბობს, რომ ადგილობრივ ლიდერებთან ერთად საზღვართან დაკავშირებულ სიტუაციას, ოპერატიულ ინფორმაციას და შეფასებებს გაეცნო.
"ჩვენ გვესმის, რომ ძლიერი განცხადებების გარდა, აქ ვერაფერს ძლევამოსილს ვერ ვხედავთ. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მზად უნდა ვიყოთ როგორც საზღვარზე, ისე სხვა რეგიონებში", - თქვა ზელენსკიმ.