ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა მოხდება ბრძოლის ველზე?


უკრაინაში რუსეთის ომის ათმა თვემ მსოფლიო უკვე შეცვალა. დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებმა არაერთი ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რაც მანამდე წარმოუდგენლად მიიჩნეოდა. დასავლეთის მხარდაჭერით უკრაინის ძალებმა მოახერხეს რუსი ჯარისკაცების განდევნა კიევის შემოგარენიდან, ხარკივის რეგიონიდან, ხერსონიდან. წარმატებული კონტრშეტევების სერიის შემდეგ, ზამთარი მხარეებს ერთგვარ ჩიხში აქცევს. სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, უახლოეს თვეებში ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი ტერიტორიული მიღწევების მოპოვება ორივე მხარეს გაუჭირდება. თუმცა უკრაინული დაზვერვა ომის წლისთავზე ჩრდილოეთიდან რუსეთის განახლებული იერიშის შესაძლებლობაზე საუბრობს.

ბახმუტი - სიმბოლური თუ სტრატეგიული ბრძოლა?

ბახმუტის სიმბოლური მნიშვნელობა ახლა მის სამხედრო მნიშვნელობას აღემატება",
- ბობ ჰამილტონი

უკრაინის თავდაცვის ხაზი ახლა ბახმუტზე გადის. პატარა ქალაქზე დონეცკის რეგიონში, რომელიც წლების განმავლობაში მარილის წარმოებით იყო ცნობილი. ქალაქში ომამდე 70 000 ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქის და მისი შემოგარენის უდიდესი ნაწილი ახლა მიწასთანაა გასწორებული. დონეცკი ერთ-ერთია იმ ოთხ რეგიონს შორის, რომელთა ანექსიაც რუსეთმა საზეიმოდ გამოაცხადა, თუმცა სრულ კონტროლს ვერ ამყარებს. ბახმუტის ხელში ჩაგდებიღ, რუს ჯარისკაცებს რამდენიმე უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქისკენაც გაუხსნის გზას. მაგრამ ანალიტიკოსების აზრით, ახლა რუსულ ჯარს სიმბოლური გამარჯვება უფრო სჭირდება, ვიდრე უშუალოდ ბახმუტის ან სხვა ქალაქის სტრატეგიული მდებარეობის კონტროლი

„ბახმუტის სიმბოლური მნიშვნელობა ახლა მის სამხედრო მნიშვნელობას აღემატება. რუსები უკვე ძალიან დიდი ხანია მთელი ძალით ცდილობენ აიღონ ეს პატარა ქალაქი, რომელიც დონეცკის პროვინციაში საშუალო ან საშუალოზე დიდი სატრანსპორტო კვანძია", - ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი, ამერიკის ომის არმიის ომის კოლეჯის პროფესორი რობერტ ჰამილტონი "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში. მისი აზრით, ეს რუსებს საშუალებას მისცემს, თქვან, რომ დონეცკის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, რეგიონის, რომელიც ოფიციალურად საკუთარ ნაწილად გამოაცხადეს.

უკრაინის თუ დასავლეთის ქვეყნების მოქმედი და ყოფილი სამხედრო ლიდერები ამბობენ, რომ ზამთრის პირობებში მნიშვნელოვანი ტერიტორიული წინსვლის მოპოვება ორივე მხარეს გაუჭირდება. ამა თუ იმ ტერიტორიის დაბრუნების სავარაუდო თარიღების შესახებ საუბარი კი ფსიქოლოგიური ომის ნაწილი უფროა, ვიდრე - კონკრეტული სამხედრო გეგმების და ტაქტიკების საჯარო განხილვა.

ჰამილტონი განმარტავს, რომ იმგვარი შეტევითი მანევრებით ტერიტორიების მოპოვება, რაც უკრაინელებმა კიივის, ხარკივის და ხერსონის ირგვლივ მოახერხეს, უახლოეს თვეებში ნაკლებ მოსალოდნელია, ყოველ შემთხვევაში, გვიან გაზაფხულამდე მაინც. თუმცა მისი აზრით, უკრაინელები მაინც უკეთეს პოზიციებში არიან, ვიდრე - რუსები.

"უკრაინელების საბრძოლო მორალი მაღალია. მათი შეიარაღებული ძალების ლიდერები ბევრად უფრო ეფექტურები არიან და დახმარება, რომელსაც უკრაინა დასავლეთისგან იღებს, ძალიან მნიშვნელოვანია, იქნება ეს აღჭურვილობა თუ დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება. უკრაინა უკეთეს პოზიციაშია, მაგრამ ვფიქრობ მხოლოდ სამხედრო ძალით მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევა მისთვისაც რთული იქნება", - ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი.

უკრაინა რუსეთის ახალი იერიშის მოლოდინში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:10:11 0:00


ახალი სახმელეთო იერიშის მოლოდინი

უკრაინული დაზვერვა ამბობს, რომ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთი დაახლოებით ომის წლისთავზე ახალი სახმელეთო იერიშისთვის ემზადება. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, მოწინააღმდეგე ყველა, უკანასკნელი ძალის გამოყენებას ეცდება, მაგრამ ამაოდ. ექსპერტები ჩრდილოეთიდან შეტევის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ, თუმცა ბრძოლის ველზე რუსეთის წარმატების არ სჯერათ.

რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს შეცვალოს სურათი ბრძოლის ველზე, რადგან ახლა ეს სურათი აჩვენებს, რომ რუსეთი მარცხდება",
- ფილიპ ბრიდლოვი

40-წლიანი სამხედრო კარიერის მქონე თადარიგის გენერალი ფილიპ ბრიდლოვი, რომელიც ნატოს ევროპის გაერთიანებული სარდლობის მეთურის პოსტსაც იკავებდა, ხსნის, რომ რუსეთის ქმედებები სასოწარკვეთილი ძალისხმევაა, თუმცა ზამთრის პირობების გათვალისწინება აუცილებელია. „ვფიქრობ, ჩვენ კვლავ ვნახავთ, რომ უკრაინელები განაგრძობენ სამხრეთში ტერიტორიების დაბრუნებას. არ ვარ დარწმუნებული, რომ სანამ მიწა ძლიერად გაიყინება და სანამ ტალახის პერიოდიდან გამოვალთ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეეძლებათ თავდასხმა ისე, როგორც ეს სურთ", - ამბობს ბრიდლოვი და ბელარუსის მხრიდან რუსეთის ძალების მიერ საზღვრის კიდევ ერთხელ გადმოკვეთის საშიშროებასაც რეალურად აფასებს, თუმცა - წარუმატებლობისთვის განწირულად.

"ვხედავთ, რომ რუსეთი იმუქრება ყველანაირად, რომ გადმოკვეთს საზღვარს ბელარუსიდან, რომ იქ შეიარაღებულ ძალებს აძლიერებენ და ა.შ. რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს შეცვალოს სურათი ბრძოლის ველზე, რადგან ახლა ეს სურათი აჩვენებს, რომ რუსეთი მარცხდება", - ამბობს ნატოს ევროპის სარდლობის ყოფილი მეთაური.

პოლკოვნიკ ჰამილტონის აზრით, მობილიზებულთა დიდი რაოდენობა რუსეთს რაოდენობრივ უპირატესობას ნამდვილად აძლევს, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება, რადგან ომში ისიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ რა ტიპის აღჭურვილობა აქვს ჯარს, როგორია მისი ჯავშანტექნიკა, რომლითაც იერიშს აწყობს და ბოლოს, როგორია სამხედრო ლიდერობა?

"ამ ომში შეიარაღებული ძალების ბევრი მეთაურიც მოკლეს. ასე რომ, არიან კი მაღალი რანგის მეთაურები, რომლებსაც შეუძლიათ ამ ახალი ძალების გაძღოლა და კონტროლი? თუმცა არის ნიშნები იმისა, რომ ისინი ემზადებიან ზამთარში, გაყინულ მიწაზე სახმელეთო განახლებული იერიშისთვის. დასავლეთის შეფასებების მიხედვით, კიევზე კიდევ ერთი იერიში წარმატებული ვერ იქნება. თუმცა არაა გამორიცხული [მათ] მცირე წარმატებას მიაღწიონ აღმოსავლეთ ან სამხრეთ უკრაინაში", - ამბობს ბობ ჰამილტონი.

რუსეთის უპირატესობა - გაუმართლებელი მსხვერპლის მზაობა

სამხედრო ექსპერტების აზრით, მართალია რაოდენობრივი უპირატესობის მიუხედავად, რუსეთის არმიის პოტენციალი შეზღუდული იქნება, მაგრამ ახალი იერიშის საფრთხის იგნორირება ან არასათანადოდ შეფასებაც არ შეიძლება. რადგან ცუდად შეიარაღებულ რუსულ ჯარსაც შეუძლია უკრაინას ზიანი მიაყენოს, და რაც ყველაზე მთავარია, კიევს ფრონტის სხვა ნაწილებიდან რესურსებისა და ძალების გადანაწილება, ზოგ შემთხვევაში კი - გაფანტვაც კი აიძულოს. ეს ყველაფერი კი მაშინ, როცა კრემლი საკუთარი ჯარისკაცების გაუმართლებელი მსხვერპლისთვის თითქმის ყოველთვის მზადაა.

„რაც უნდა სუსტი იყოს ეს ძალა, თავად ის ფაქტი, რომ მათ შეუძლიათ უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარი გადაკვეთონ, მოითხოვს უკრიანელებისგან ძალების ამ რეგიონში გადასროლას, რაც შეამცირებს მათ შესაძლებლობებს აღმოსავლეთსა და სამხრეთში. ეს კი რეალური პრობლემაა", - ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბარში თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და "ატლანტიკური საბჭოს" მკვლევარი, იან ბრჟეზინსკი.

"ისინი შეიძლება იყვნენ ცუდად გაწვრთნილები, ცუდად აღჭურვილები, და ცუდი ლიდერობით, მაგრამ პუტინმა მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ნაკლებად იყოყმანებს იმაზე, თუკი საკუთარი ხალხის მსხვერპლშეწირვა დასჭირდება. ეს გაფრთხილებები უკრაინის მხრიდან სერიოზულად უნდა მივიღოთ", - განმარტავს ის.

ბრჟეზინსკის აზრით, ომში მოპოვებული უპირატესობის დიდი ნაწილი რუსეთისთვის სწორედ "მასამ" განაპირობა და იმან, რომ ვლადიმირ პუტინი მზადაა, ამ ომში "ჩაყაროს ყველაფერი, ახალგაზრდა რუსების სიცოცხლის ჩათვლით" და თანაგრძნობის გარეშე გაწიროს საკუთარი ხალხი.

ბელარუსი - ლუკაშენკოს არჩევანი

რაც უნდა სუსტი იყოს ეს ძალა, ფაქტი, რომ მათ შეუძლიათ უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარი გადაკვეთონ, მოითხოვს უკრიანელებისგან ძალების ამ რეგიონში გადასროლას, რაც შეამცირებს მათ შესაძლებლობებს აღმოსავლეთსა და სამხრეთში. ეს კი რეალური პრობლემაა",
- იან ბრჟეზინსკი

ბოლო პერიოდში მინსკიც გამუდმებით აცხადებს, რომ მისი შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია და მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზადაა. თუმცა საომარ მოქმედებებში ანალიტიკოსები ოფიციალურად და ღიად ბელარუსის ჩართულობას ახლაც ნაკლებად მოსალოდნელად მიიჩნევენ. რობერტ ჰამილტონის აზრით, ერთი მხრივ, ლუკაშენკოს პუტინისა და რუსეთის გარდა სხვა გზა არ აქვს. მან დასავლეთისკენ ყველა ხიდი დაწვა. მეორე მხრივ კი, ის საკმაოდ წარმატებით ახერხებდა ზღვარზე სიარულს და პირდაპირ სამხედრო ინტერვენციაში უკრაინასა და დასავლეთს დადანაშაულების საფუძველს არ აძლევდა. "ბელარუსის ტერიტორიას რუსები მნიშვნელოვნად იყენებენ ბაზად და უკრაინაზე იერიშის მისატანად, მაგრამ მე არ მგონია, რომ ლუკაშენკომ თავს უფლება მისცეს უშუალოდ ჩაერთოს ომში. არ ვიცი რა საცდური ან მუქარა უნდა გამოიყენოს პუტინმა იმისთვის, რომ ლუკაშენკომ ბელარუსის ჯარს უკრაინის საზღვრის გადაკვეთა უბრძანოს. ეს შესაძლებელია, მაგრამ ამ ეტაპზე ნაკლებ სავარაუდო მგონია", - ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი.

უკრაინა - თავდაცვის ხაზი ნატოსთვის

ომის მოლაპარაკების მაგიდასთან მისთვის მისაღები პირობებით დასასრულებლად, უკრაინას სამხედრო და ეკონომიკური კუთხით ძლიერი პოზიციები სჭირდება. ამისთვის კიევი ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, გრძელი რადიუსის მქონე სარაკეტო სისტემებს და სხვა იარაღსაც ითხოვს. თუმცა ამ ტიპის იარაღის ნაწილი დასავლეთისთვის ერთგვარ, თვითგამოცხადებულ წითელ ხაზად რჩება, იმ მოტივით, რომ უკრაინამ შესაძლოა ნატოს ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე იერიშისთვის გამოიყენოს. ამან კი ნატო-რუსეთის კონფლიქტის რისკი გააჩინოს.

„ვფიქრობ დასავლეთის მხრიდან შეცდომაა იმის მცდელობა, რომ ჩარჩოებში მოაქციოს უკრაინის შესაძლებლობა, რომ მან იერიში მიიტანოს რუსეთის ტერიტორიაზე. რუსეთი არა მხოლოდ სამხედრო ძალით შეიჭრა უკრაინაში, არამედ ის საშინელებები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზეა ჩადენილი - და ახლა უკვე რუსეთის სტრატეგია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, ენერგოობიექტების, საავადმყოფოების, სკოლების დაბომბვის შესახებ - ეს ყველაფერი ომის დანაშაულია", - ამბობს იან ბრჟეზინსკი და დასძენს, რომ დასავლეთის პოზიციონირება ამ საკითხზე აუცილებლად უნდა შეიცვალოს:

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლის ველზე მყოფი ჯარის მხარდაჭერა იმით, რაც მას სჭირდება. უნდა გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას, რა ტიპის იარაღს ვაძლევთ უკრაინას, და უნდა მივცეთ მეტი შესაძლებლობები იმისთვის, რომ აგრესორს უფრო ღრმად დაარტყან",
- ფილიპ ბრიდლოვი

"ძალიან მაწუხებს იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ არ ვაძლევთ უკრაინას უფლებას, უპასუხოს რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ, ეს აფერხებს და აზიანებს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობას. უკრაინას უნდა მიეცეს შესაძლებლობა გამოიყენოს სამხედრო ძალა იმგვარად, რაც იქნება იმის თანასწორი, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს“, - ამბობს პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი.

ანალიტიკოსთა ნაწილი ამგვარ სიფრთხილეს გაუმართლებლად მიიჩნევს, რადგან ყველაფერი, რასაც უკრაინა ახლა აკეთებს, თავდაცვაა. რუსეთი კი „მესამე მსოფლიო ომისა“ და „ბირთვული დაპირისპირების“ მუქარით, დასავლეთის მხრიდან ერთგვარ „თვითშეკავებას“ ვერ უნდა აღწევდეს.​

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლის ველზე მყოფი ჯარის მხარდაჭერა იმით, რაც მას სჭირდება. უნდა გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას, რა ტიპის იარაღს ვაძლევთ უკრაინას, და უნდა მივცეთ მეტი შესაძლებლობები იმისთვის, რომ აგრესორს უფრო ღრმად დაარტყან. ჩვენ უნდა გადავხედოთ იმ პოლიტიკას, რომელმაც რეალურად ერთგვარი უსაფრთხოება შეუქმნა რუსებს. ჩვენ ვზღუდავთ უკრაინას, რომ არ გამოიყენოს არანაირი დასავლური იარაღი იმისთვის, რომ რუსეთს ცეცხლი დაუბრუნოს. ამ ბრძოლის მოგება რთულია, როცა რუსეთის მსგავს ჯარს ასეთ დაცულობას აძლევ", - მიიჩნევს ფილიპ ბრიდლოვი.

ოთხვარსკვლავიანი გენერლის აზრით, მაშინ, როცა ევროპის თავდაცვის ხაზი უკრაინაზე გადის, უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა ის იარაღი და შესაძლებლობა, რას მას რუსეთის დასამარცხებლად სჭირდება. ეს კი სწორედ იმიტომ, რომ ნატოს ჯარს რუსეთის ჯართან დაპირისპირება არ მოუხდეს.

„უკრაინა იბრძვის ყველა დასავლური სახელმწიფოს ბრძოლას. რუსეთი აგრესორია. არ არსებობს არანაირი გამართლება იმისა, რაც რუსეთმა უკრაინაში 2014 წელს გააკეთა და რასაც ის ახლა აკეთებს. ახლა უკრაინა რუსეთს ებრძვის მთელი დასავლური სამყაროს ნაცვლად. მე ვეტყოდი ყველა პოლიტიკოსს, თუკი თქვენ შეგაკავეს, ესე იგი, თქვენ ნამდვილად არ გსურთ, რომ თქვენი ჯარი ებრძოდეს რუსეთის ჯარს, და მაშინ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ უკრაინას, დაამარცხოს რუსეთი", - ამბობს ბრიდლოვი.

ანალიტიკოსების აზრით, თუნდაც რუსეთის ახალი იერიშის მოლოდინები არ გამართლდეს, უკრაინის ხანგრძლივი დესტაბილიზაცია, მოსკოვისთვის მაინც მომგებიანი შედეგი იქნება. სწორედ ამიტომ, მათი აზრით, რუსეთის დასამარცხებლად უკრაინამ ახლა ყველა საშუალება უნდა მიიღოს. დასავლეთი კი განაგრძობს კიევის უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას. ბევრი ის გადაწყვეტილება, რომელიც წლების განმავლობაში და ომის დასაწყისშიც კი წარმოუდგენლად მიიჩნეოდა, უკვე მიღებულია. უკრაინის ცას და ხმელეთს „ჯაველინებით“, „სტინგერებით“, „ჰაუბუცებით“, „ჰაიმარსებით“, „ნასამსებით“, სხვა დასავლური იარაღით და ახლა უკვე „პატრიოტებითაც“ დაიცავენ.

XS
SM
MD
LG