უკრაინულ ძალებს დონეცკის რეგიონში რუსეთის ტალღისებრ იერიშებთან უწევთ გამკლავება. კიევის ცნობით, მთავარი ბრძოლები მარილის საბადოებით ცნობილ, პატარა ქალაქ სოლედართან გრძელდება. მოსკოვი ცდილობს უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებულ ომში, ზედიზედ რამდენიმე მარცხის შემდეგ, ბრძოლებში პირველ გარღვევას მიაღწიოს.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ფიქრობს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და დაჯგუფება ვაგნერის მებრძოლებს ქალაქის უმეტესი ნაწილი უკვე დაკავებული აქვთ. ისინი მე-4 დღეა დაწინაურებას ახერხებენ. ბრიტანეთის დაზვერვის ვარაუდით, რუსეთი სოლედარის აღებით, უკრაინელებისთვის ბახმუტის ჩრდილოეთიდან ჩაკეტვას ცდილობს, რათა "უკრაინას საკომუნიკაციო ხაზები ჩაუჭრას".
სოლედარის აღება ქალაქ ბახმუტისთვის მებრძოლ რუსეთის ძალებს დიდ უპირატესობას მიანიჭებს. ბახმუტი სოლედარის სამხრეთ-დასავლეთით, სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ის დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონებისთვის სტრატეგიული მომარაგების ხაზზეა განთავსებული. ბახმუტის გაკონტროლება რუსეთს მისცემს პლატფორმას ორი დიდი ქალაქისკენ, კრამატორსკის და სლოვიანსკის მიმართულებით დაწინაურდეს.
მებრძოლებში ორივე მხარეს დიდი დანაკარგებია. თითქმის 11-თვიან ომში ეს უკრაინა-რუსეთს შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრძოლებია.
სერჰი ჩერევატი, უკრაინის აღმოსავლეთ ძალების პრესსპიკერი ამბობს, რომ რუსეთმა სოლედართან თავისი საუკეთესო ძალები გადაისროლა, მათ შორის - დაჯგუფება ვაგნერის მებრძოლები. კიევის ცნობით, მათ ქალაქს ბოლო 24 საათში 86-ჯერ შეუტიეს.
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი პირველი მსოფლიო ომის ტაქტიკას იყენებს და გადამწყვეტ ბრძოლებში ჯარების დიდძალ ნაწილებს რთავს, რის გამოც მათ ცოცხალ ძალებში დიდი დანაკარგები აქვთ. "ეს არ არის 21-ე საუკუნის ომი" - უთხრა უკრაინის ტელევიზიას სერჰი ჩერევატმა.
ორშაბათს, 9 იანვარს გამართულ ბრიფინგზე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს არც სოლედარი და არც ბახმუტი არ უხსენებია. იმავე დღეს, ყოველდღიურ ტრადიციულ ვიდეო-მიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ბახმუტი და სოლედარი, დიდი დაზიანებების მიუხედავად, მაინც მტკიცედ დგას. ზელენსკის თქმით, სოლედარში ერთი კედელიც აღარაა დარჩენილი, მიწა კი რუსი ჯარისკაცების გვამებითაა სავსე.
Facebook Forum