მოსკოვმა და კიევმა კვირას, 8 იანვარს ათეულობით დატყვევებული ჯარისკაცი გაცვალეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გათავისუფლებული რუსი ჯარისკაცები მოსკოვში სამედიცინო და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას გაივლიან. "8 იანვარს, მოლაპარაკებების შედეგად, 50 რუსი სამხედრო, რომლებიც ტყვეობისას სასიკვდილო საფრთხის წინაშე იყვნენ, კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან დაბრუნდნენ", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინული მხარე ადასტურებს ამ ინფორმაციას და ამბობს, რომ რუსეთმა ამავე შეთანხმების ფარგლებში 50 უკრაინელი სამხედრო გაათავისუფლა. "ომის ტყვეთა კიდევ ერთი წარმატებული გაცვლა: 50 უკრაინელი ჯარისკაცი შინ დაბრუნდა. ეს [პროცესი] გაგრძელდება. ჩვენ ჩვენი ხალხი შინ უნდა დავაბრუნოთ. ამაზე ვმუშაობთ", - წერს ანდრიი ერმაკი, ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".
ერმაკმა ჯარისკაცების გადაყვანის ამსახველი ფოტოები და ვიდეოც გაავრცელა.