ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოხმაურებები და შეფასებები სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით


"ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ განვაგრძობთ შესაბამის პირებთან სააკაშვილის ჯანმრთელობისა დაკეთილდღეობისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის ადვოკატირებას", - ეს განცხადება, “ამერიკის ხმის” შეკითხვაზე, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი მისი დაპატიმრებიდან მალევე დაიწყო. ექიმთა ნაწილი ამბობდა, რომ შიმშილობის დასრულების შემდეგ, მისი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა. საკითხის სიმწვავიდან და მის გარშემო არსებული დიდი ინტერესიდან გამომდინარე პროცესში საქართველოს სახალხო დამცველიც ჩაერთო. ომბუდსმენის ექიმთა ჯგუფმაც არაერთი კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაზე რეზონანსული, ამერიკელი ტოქსიკოლიგის, დევიდ სმიტის კვლევა აღმოჩნდა.

სმიტის დასკვნის მიხედვით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მძიმე მეტალებითაა მოწამლული: „ის სიკვდილის პირასაა. ტოქსინები მის ორგანიზმს ისევ ჭამენ, ამიტომ საჭიროა მისი გადაყვანა ისეთ დაწესებულებაში, სადაც იციან როგორ აწარმოონ დეტოქსიკაცია იმ ტექნიკის გამოყენებით, რომელსაც ქელატაციური თერაპია ქვია და მძიმე მეტალების მოსაშორელად გამოიყენება“.

„ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი მასიმო დანჯელო ამბობს, რომ ის თავად ესწრებოდა ექსპრეზიდენტისგან იმ ნიმუშების აღებას, რომლებიც ექიმმა სმიტმა თავისი ტოქსიკოლოგიური ანალიზებისთვის გამოიყენა. დანჯელო ამბობს, რომ სამედიცინო პერსონალმა ოქტომბრის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილის თმიდან და ფრჩხილიდან აიღო ნიმუშები. მას ასევე ქირურგიული გზით ბიოფსია ჩაუტარდა, რომლის შედეგად ამოღებული ქსოვილის ნაწილიც დანარჩენ ნიმუშებთან ერთად, ამერიკაში, ანალიზებზე გაიგზავნა.

ექიმი სმიტი ჩვენთან საუბარში ვერ აკონკრეტებს როგორ მოხვდა მძიმე მეტალები სააკაშვილის სხეულში, თუმცა ის სამედიცინო პერსონალს ამაში არ ადანაშაულებს. „ეს მხოლოდ ვარაუდია, თუმცა ვფიქრობ, რომ მათ [ექიმებმა] ვერ ამოიცნეს მძიმე მეტალით მოწამვლა და გამოუწერეს წამლების მთელი სერია, რომელთა ნაწილსაც საპირისპირო ეფექტი ჰქონდა. მათ არ იცოდნენ რა მოხდებოდა. მძიმე მეტალებით მოწამავლა რთული დიაგნოზია“.

ექიმი სმიტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:18 0:00

განზრახ მოწამვლის ვერსიას არც მიხეილ სააკაშვილი ემხრობა, როგორც დედამისმა, გიული ალასანიამ 1 დეკემბერს, ჟურნალისტებს უთხრა, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ეჭვები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მის შესაძლო მოწამვლაზე.

ექიმი სმიტი ასევე გვეუბნება, რომ დიდი ალბათობით, გარემო, რომელშიც ექსპრეზიდენტი იმყოფება დაბინძურებულია და საჭიროა მისი სხვა დაწესებულებაში გადაყვანა. „ის ჯანმრთელი იყო, როდესაც დააკავეს და ახლა ჯანმრთელი არ არის. ის უნდა მოშორდეს დაბინძურებულ გარემოს, უნდა შეფასდეს მისი [ჯანმრთელობის] მდგომარეობა და დროს ახლა დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ის ძალიან ავადაა. ჩემი აზრით, ტოქსინები განაგრძობენ მისი ორგანიზმის ჭამას. ასევე, ხელახლა შესაფასებელია ყველა მედიკამენტი, რომელსაც ის იღებს. ვფიქრობ, რომ ექიმები მხოლოდ კეთილი ზრახვებით მოქმედებნენ და ამდენი სიმპტომის გათვალისწინებით, მათ უბრალოდ არ იცოდნენ რა ხდებოდა. წამლების მთელი სერიიდან... ზოგიერთმა მათგანმა რეალურად სიტუაცია გააუარესა. თუმცა, არ მგონია რომ ისინი განზრახ ცდილობნდნენ სიტუაციის გაუარესებას. ეს ჩემი აზრია“.

დევიდ სმიტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:41 0:00

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას და მისთვის მკურნალობის იქ გაგრძელებას რეკომენდაციას უწევს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფიც. მათი შეფასებით, პატიმარ სააკაშვილის ახლანდელი მდგომარეობა ფასდება მეოთხე ხარისხის კახექსიად, რასაც მათი თქმით, სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს. სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს უცხოეთში მკურნალობის გაგრძელებას. პრეზიდენტის სასიცოცხლო საფრთხეს უსვამს ხაზს ცენტრ „ემპათიის“ დასკვნაც, სადაც წერია, რომ დაპატიმრების დროს “პრაქტიკულად ჯანმრთელი“ მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას.

მიუხედავად ამ განცხადებებისა, კლინიკა „ვივამედში“, სადაც სააკაშვილი ახლა მკურნალობს, აცხადებენ, რომ ის სრულად იღებს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას.

“ამერიკის ხმის” შეკითხვაზე იგივე განცხადება გააკეთა იუსტიციის სამინისტრომაც. წერილობით კომენტარში უწყებამ განაცხადა, რომ: „იუსტიციის სამინისტრო მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება პატიმართა ჯანმრთელობის დაცვის ინტერესს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების უზრუნველსაყოფად, ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება. მას ყველა ეტაპზე დროულად მიეწოდებოდა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროაქტიულად ხორციელდება საზოგადოების ინფორმირება ბრიფინგებისა და განცხადებების საშუალებით, როგორც ჯანმრთელობის, ასევე უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე“.

იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასა და მისთვის მკურნალობის იქ გაგრძელების უფლების მიცემაზეც დავუსვით შეკითხვა. სამინისტრო განმარტავს, რომ ისინი ასეთ შესაძლებლობას სააკაშვილს ვერ მისცემენ, ვინაიდან მათი თქმით ეს „არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით. იუსტიციის სამინისტრო მოკლებულია ვინმეს მიმართ კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას“.

ამონარიდი იუსტიციის სამინისტროს წერილობითი პასუხიდან
ამონარიდი იუსტიციის სამინისტროს წერილობითი პასუხიდან

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას 7 დეკემბერს უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. „მე, როგორც ადამიანმა ადამიანს, სააკაშვილს მინდა გულწრფელად ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს?!" - თქვა მთავრობის მეთაურმა.

მანამდე კი პრემიერმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჩამოყვანა იყო „ბოლო კარტი", რომელიც გამოიყენეს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, მასიმო დანჯელო ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობა სტაბილურად უარესდება. „2021 წლის ოქტომბერში პრეზიდენტი სააკაშვილი, დაკავების დროს 54 წლის ძალიან ჯანმრთელი, სრული, მუქთმიანი ადამიანი იყო. ერთი წლის შემდეგ კი ის მოჩვენებაა იმის, რაც იყო. მოწამვლასთან ერთად, მან 23 კილოგრამი დაიკლო. თმა გაუჭაღარავდა და ბუდობრივად ცვივა“.

მასიმო დანჯელო სააკაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად სტრასბურგში იმყოფება, საიდანაც თავის დაცვის ქვეშ მყოფის საზღვარგარეთ გადაყვანას კიდევ ერთხელ მოითხოვს.

„ექიმებისგან შექმნილი გუნდი ამტკიცებს, რომ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მას არა მხოლოდ აწამებდნენ, არა მხოლოდ მოწამლული იყო, არამედ აძლევდნენ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც მის მდგომარეობას ართულებს“, - განაცხადა დანჯელომ სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით 12 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ადვოკატმა დასძინა, რომ „მას [სააკაშვილს] სჭირდება სიცოცხლის გადარჩენის მკურნალობა" და მოითხოვა, რომ სააკაშვილი ევროპის, ან ამერიკის კლინიკაში გადაიყვანონ.

სტრასბურგში იმყოფებიან მიხეილ სააკაშილის ოჯახის წევრები - ედუარდ სააკაშვილი, გიული ალასანია და სანდრა რულოვსი, რომლებმაც ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებენ ასევე ის მიმომხილველები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს ახლოს აკვირდებიან. ყოფილი ამერიკელი დიპლომატი დენ ფრიდი, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორია სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება მთავრობის მხრიდან, საბოლოოდ, მის ჯანმრთელობაზე პასუხს ხელისუფლება აგებს.

‘საქართველოს მთავრობას, რომელმაც გაასამართლა და დააკავა პრეზიდენტი სააკაშვილი, პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მას რაიმე ზიანი მიადგება. სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს ბევრი რამ გააკეთა - ზოგი კარგი და ზოგიც პირიქით. როდესაც ის არჩევნებში დამარცხა, მან თანამდებობა მშვიდობიანად დატოვა. საქართველოს მთავრობამ უნდა უზურნველყოს მისი ჯანმრთელად ყოფნა“,- ამბობს ფრიდი.

დენიელ ფრიდი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:24 0:00

იმაზე, რასაც ფრიდმა „პოლიტიკის მიღმა არსებული საკითხი უწოდა“, კომენტარი გააკეთა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომაც, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი 2015 წელს ოდესის გუბერნატორად დანიშნა, მოგვიანებით კი ის თანამდებობიდან დაითხოვა და მის მიერვე მინიჭებული უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. შედეგად, სააკაშვილი ერთი პერიოდი მოქალაქეობის გარეშე დარჩა, რადგან მანამდე მან საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა.

რთული პერსონალური ურთიერთობის მიუხედავად , პოროშენკო ამბობს, რომ ახლა მთავარი სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა. კომენტარი ექპრეზიდენტმა “ამერიკის ხმის“ უკრაინულ სამსახურთან საუბრის დროს გააკეთა.

პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:24 0:00

სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს გასულ კვირას ევროპაშიც. მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ თქვა, რომ ის შეშფოთებულია სააკაშვილის მდგომარეობით. 5 დეკემბერს, სანდუმ თავის “ტვიტერზე“ დაწერა „ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებით. ყოველი ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია და სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში მისი სიცოცხლის გადასარჩენად“.

8 დეკემბერს განცხადება გამოაქვეყნა ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პეტერ სტანომაც, სადაც ნათქვამია, რომ "ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ შემაშფოთებელ უკანასკნელ ცნობებს. საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოს“.

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა 9 დეკემბერს უნდა გამართულიყო და მოსამართლე გიორგი არევაძეს უნდა ემსჯელა ყოფილი პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე. თუმცა 20 წუთის შემდეგ, მოსამართლემ თქვა, რომ სასამართლოს საქმის მასალების გასაცნობად დამატებითი დრო სჭრიდება და მომდევნო სხდომა14 დეკემბერს, 11 საათზე დაინიშნა.

XS
SM
MD
LG