რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინული "დივერსიული ჯგუფი" გაანადგურა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ორშაბათს განაცხადა, რომ ოთხკაციანი უკრაინული "დივერსიული ჯგუფის" "ლიკვიდაცია" მოხდა, როდესაც ისინი რუსეთის ბრიანკის რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, გადასვლას ცდილობდნენ. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

„2022 წლის 25 დეკემბერს შეტაკების შედეგად განადგურდა ოთხი დივერსანტი, რომლებიც ცდილობდნენ უკრაინიდან ბრაიანსკის ოლქის ტერიტორიაზე შეღწევას“, - ციტირებს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია“, რუსეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებას.

ასევე ნახეთ: პუტინი და სი ძინპინი ახალ წლამდე ისაუბრებენ - "ტასი"

"ფე-ეს-ბემ" განაცხადა, რომ დივერსანტები შეიარაღებულნი იყვნენ უცხოური წარმოების იარაღით და ოთხი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით. ინციდენტზე უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია.

26 დეკემბრის დილას, რუსული მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ორშაბათს უკრაინული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ენგელსის სამხედრო აეროდრომთან ახლოს, რუსეთის სამხრეთში, თვითმფრინავის ნამსხვრევებმა სამი სამხედრო მოსამსახურე იმსხვერპლა. ბაზა უკრაინის ფრონტის ხაზიდან მოშორებით მდებარეობს.

რუსეთი აქამდე აცხადებდა, რომ 5 დეკემბერს, უკრაინული უპილოტო თვითმფრინავები იმავე ბაზას დაესხა თავს. უკრაინას ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.