რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მან სადაო კურილიის კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილში სანაპირო თავდაცვისთვის მობილური სარაკეტო სისტემა განათავსა.
იაპონია აცხადებს, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებადი კუნძულების სამხრეთი ნაწილი მას ეკუთვნის. იაპონია ამ ნაწილს ჩრდილოეთ ტერიტორიებად მოიხსენიებს. საბჭოთა ძალებმა ეს ტერიტორია მეორე მსოფლიო ომის მიწურულს დაიკავეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, "ბასტიონის" სისტემები, რომელთა სარაკეტო რადიუსიც 500 კმ-ს აღწევს, კუნძულ პარამუშირზე განლაგდა.
"წყნარი ოკეანის ფლოტის სანაპირო დაცვის სამსახური მომიჯნავე წყლებისა და სრუტეების ზონის უწყვეტ კონტროლს განახორციელებს", - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში. მათივე ცნობით, პარამუშირზე ასევე დაფუძნდა სამხედრო ბანაკი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისად საიმისოდ, რომ იქ პერსონალი მთელი წლის განმავლობაში დარჩეს.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 1 წლით ადრე რუსეთმა იგივე, "ბასტიონის" სისტემები კუნძულ მატუაზე განათავსა, ეს კურილიის კუნძულების შუა ნაწილია.
იაპონიის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება რუსეთის სამხედრო აქტივობებს ყურადღებით აკვირდება და რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვის მოქმედებები აღმოსავლეთ რეგიონებშიც გააქტიურდა.