ჯანმო: "უკრაინაში ჯანდაცვის კრიზისი უარესდება"

უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის პარალელურად, რთულდება ჯანდაცვის სექტორში არსებული მდგომარეობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, შეშფოთების მიზეზია როგორც გამუდმებული დაბომბვა და საომარი მოქმედებები, ისე სამედიცინო პერსონალის გადაღლა და ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ომის დაწყებიდან ამ დრომდე ჯანდაცვის დაწესებულებებზე 434 თავდასხმა მოხდა. მსოფლიოში კი სულ ამგვარი 615 თავდასხმა იყო.

ჯანმოს კოორდინატორი საგანგებო სიტუაციების მიმართულებით, ჰედერ პაპოვიცი ამბობს, რომ ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლებისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა დაბომბვის პირობებში მუშაობა. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტები მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში აღარ დომინირებს, არ ნიშნავს, რომ ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისი არ გრძელდება.

რუსეთი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს უარყოფს, მაგრამ უკრაინის არაერთი ქალაქი და სხვა დასახლება განადგურებულია, მოკლულია ათასობით ადამიანი. უკრაინა და დასავლური სახელმწიფოები რუსეთს ომის დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებენ.

პაპოვიცი, რომელიც გასულ კვირას უკრაინაშიც იმყოფებოდა, ამბობს, რომ ჯანმო განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობით, სადაც მისი გუნდების წევრებს შესვლა არ შეუძლიათ და სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. მათ შორის აღმოსავლეთ დონბასსა და ხერსონში.